8 სექტემბერს eZo Festival სეზონის ბოლო ივენთით დაგვემშვიდობა, სადაც Ezo-ს სცენისთვის DIDUBE RECORDS-მა სამი ახალი არტისტი Ko-x, DEATHCAT და 10G$ დააანონსა, მათი ნამუშევრების სრულად წარდგენა კი უახლოეს მომავალში იგეგმება.
ექსპერიმენტული ლეიბლი DIDUBE RECORDS კომუნალური პრინციპით 2020 წელს შეიქმნა. ლეიბლის ყველაზე ცნობილი პროექტებია DEENA-ს (ელენე გიგანის) ალბომი – Low Love და ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის MoonG-ის ორი მუსიკალური რელიზი.
„Didube Records-ის პროგრამა ფესტივალის ფარგლებში სამი ახალი არტისტის ერთგვარი „თიზერია“. ეს ლაივი Didube Records-ის შიდა სამზარეულოში ჩახედვას ჰგავს, საიდანაც მსმენელი გაიგებს ჩვენი ახალი არტისტების შესახებ და მათ მომავალ ნამუშევრებს გაეცნობა.
სამივე არტისტი ძალიან განსხვავდება, სამივეს თავისი განუმეორებელი ხმა აქვს და ვცდილობთ ყველანაირი ბრენდინგის, არტისტის შეფუთვის გარეშე მოხდეს მათი წარდგენა, რადგან გვინდა მსმენელი მხოლოდ მუსიკაზე იყოს კონცენტრირებული. სცენაზე ტექსტები გამოგვაქვს პროექციით. გვინდა, რომ ეს ლაივი მაქსიმალურად სმენითი იყოს და Didube Records-ის სათქმელი ხალხს მივაწოდოთ. ამ სამი რელიზის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. გვინდა რომ 2023-სთვის მოვახერხოთ, თუმცა, შეიძლება ჩვენი პერფექციონიზმის გამო თარიღმა უფრო გადაიწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მკვეთრად ლოკალური კომუნა ვართ, Didube Records-ის მეშვეობით ჯამში DEENA-ს ჩათვლით ოთხი ინგლისურენოვანი პროექტი შედგა. რაღაცნაირად ლოკალური სათქმელი გლობალურსაც დაემთხვა და ეს მნიშვნელოვანი მომენტია Didube-თვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე ასპარეზზე გაგვაქვს ჩვენი თავი, თუმცა, ისევ ლოკალურ ამბებზე და ლოკალურ სულზე ვყვებით, რადგან გვინდა საკუთარ თავთან მართლები ვიყოთ.“ ნიკა ფასური – Didube Records
Ezo-ს სცენა არტისტმა DEATHCAT იგივე გიორგი სოლომანაშვილმა გახსნა. მისი საქმიანობა მთლიანად ციფრული მედიუმებით არის მოცული, რაც მის მუსიკაზეც აისახება. DEATHCAT-ის ამოცანა ჰიპ-ჰოპის ახალი ჟღერადობის პოვნაა, რომელშიც იგი ახალი IDM-ით და დაბით ექსპერიმენტირებს.
DEATHCAT-ის შემდეგ სცენა მუსიკოსმა 10G$ (თენგიზ მჟავია) დაიკავა. ის Didube Records-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და პირველი კოლექტივის, Moon G-ს წევრი.
Ezo-ს სცენაზე რიგით მესამე არტისტი Ko-x იგივე ნიკა სირაძე წარდგა. Ko-x-ის ლირიკა სტატუს-კვოს გამოწვევაა: ის პირად განცდებზე და ინტიმურ, ტაბუირებულ თემებზე საუბრობს, რაც მუსიკალურად მელოდიური ტრეპის ჟღერადობაში ითარგმნება.
Didube Records-ის სამივე არტისტს ცალკეული ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ჟღერადობა აქვს, სადაც მუსიკასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანია ტექსტი და არტისტის სათქმელი. ტექსტი, რომელიც მსმენელისგან კონცენტრირებულ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს, რაც საერთო ჯამში ერთი კომუნის, Didube Records-ის მსოფლმხედველობას და სათქმელს გადმოსცემს.