23 ნოემბერს ბიონსემ ფანებს თავისი საკონცერტო ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით Renaissance: A Film by Beyonce, ფინალური ტრეილერი გაუზიარა.
ორწუთიანი თიზერი სამოყვარულოდ გადაღებული ვიდეოთი იწყება. შემდეგ კი შოუების და რეპეტიციების ამსახველ ფრაგმენტულ კადრებს ვხედავთ. ამავე ტრეილერის ერთ-ერთ მონაკვეთში ბიონსეს უმცროსი შვილიც ჩანს. ტრეილერში ვხვდებით სცენის მიღმა კადრებსაც, რომლებშიც ვარსკვლავს თან მუდამ თავისი ოჯახი ახლავს.
“ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება დროა. შეუძლებელია არ გაიაზრო, თუ რამდენად სწრაფად გადის ის, როდესაც სამყაროს შენი შვილების თვალით შეხედავ” – ამბობს მომღერალი. ამ სიტყვების პარალელურად კი ტრეილერში ბიონსეს და Jay Z-ის უფროსი შვილის კადრები გადის. ეს სცენა ასახავს მომენტს, როცა ბლუ აივი სცენაზე ცეკვავს.
“მუდმივად ჩემს გმირებზე და მათ განვლილ გზაზე ვფიქრობ” – ამბობს ბიონსე და ამ დროს კადრში დაიანა როსი ჩანს, რომელიც ბიონსეს დაბადების დღეზე, Renaissance-ის კონცერტზე გამოვიდა. “ვიცი, რომ თითოეული მათგანის თავგანწირვა და ბრძოლა სხვისათვის გაღებული კარია. ისინი ახალი დასაწყისი არიან.”
ტრეილერი ასევე ბიონსეს ხმით სრულდება – “ამ ეტაპზე არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ჩვენ საკუთარ სამყაროს ვქმნით. ეს ჩემი ჯილდოა. მას ვერავინ წამართმევს.”
Renaissance: A Film by Beyonce მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 1-ლ დეკემბერს გამოვა. The Hollywood Reporter-ის გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის დახურული ჩვენება 25 ნოემბერს ლოს ანჯელესში შედგება, 30 ნოემბერს კი ლონდონში. აღსანიშნავია, რომ ფილმის თანაპროდიუსერი და თანარეჟისორი თავად ბიონსეა.
ნახეთ ფილმის – Renaissance: A Film by Beyonce ტრეილერი: