მუსიკოსი Janngo (მარიამ ჯანჯღავა) სადებიუტო ალბომს აანონსებს. არტისტმა სიახლე მსმენელს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა. როგორც მუსიკოსო Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობს, ახალი ნამუშევარი ჟანრობრივად მრავალფეროვანია და შინაარსობრივად მისი პიროვნებისა და ხასიათის რეპრეზენტაციაა.
მარიამ ჯანჯღავა:
„მგონია, რომ ყველა ინტერესების და ასაკის მსმენელი ამ ალბომთან საკუთარი თავის დაკავშირებას შეძლებს და ვფიქრობ, საინტერესო მოსასმენი იქნება. ალბომში უდიდესი ენერგიაა ჩადებული.”
მარიამმა ალბომზე ნიკა ფასურთან ერთად იმუშავა. როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ეს კოლაბორაცია საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.
მარიამ ჯანჯღავა:
„ნიკა არამხოლოდ ამ ალბომის პროდიუსერი, არამედ ახლა უკვე ჩემი მეგობარიც არის. მან შეძლო, რომ ალბომში საკუთარი თავი მეპოვა. ეს ნამუშევარი ჩემთვის, როგორც არტისტისთვის სიახლეა. ჟანრობრივად და არც გემოვნების კუთხით არ ჰგავს არაფერს იმას, რაც აქამდე მიკეთებია.”
მარიამ ჯანჯღავა ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჯაზ კომპოზიციის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ის ნიუ-იორკში გადავიდა და The School of Jazz and Contemporary Music-ში სწავლობს. როგორც მარიამი გვიყვება, ალბომზე მუშაობა სწორედ სასწავლებლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ დაიწყო.
“მუშაობის პროცესი პრინციპში ახლაც გრძელდება, რადგან ბევრი რამ არის დასამუშავებელი”- აღნიშნავს მუსიკოსი.
Janngo (მარიამ ჯანჯღავა) ქართველი მსმენელის დიდმა აუდიტორიამ ნინი ნუცუბიძესთან და პიანისტ გიორგი გიგაშვილთან კოლაბორაციული მუსიკალური პროექტით გაიცნო. არტისტი გამორჩეულია თავისი ძლიერი ვოკალით, ხმის ტემბრით და ჟანრობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებული კომპოზიციების ინდივიდუალური შესრულებით.