მუსიკოსმა ბონომ გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ლას-ვეგასში გამართული შოუს დროს პატივი მიაგო. სწორედ კონცერტის წინა დღეს, რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. „ალექსეი ნავალნი!”- თქვა ბონომ და აუდიტორიამ კრემლის მოწინააღმდეგის სახელის გამეორება დაიწყო.
„მალე ორი წელი გახდება, რაც პუტინი [უკრაინაში] შეიჭრა. ამ ხალხისათვის თავისუფლება უბრალოდ სიმღერის ერთ-ერთი სიტყვა არ არის. ამ ადამიანებისთვის თავისუფლება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა – იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინელები ამისათვის იბრძვიან და კვდებიან. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალექსეი ნავალნიმ მისთვის [თავისუფლებისთვის] ყველაფერი გაწირა”, – მიმართა ბონომ მსმენელს.
ნავალნი პუტინის რეჟიმისადმი ყველაზე ღიად დაპირისპირებული პოლიტიკოსი იყო. 2020 წელს ის მოწამლეს, რის შემდეგაც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულში პუტინის როლი ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა, ნავალნი ამ ქმედებაში რუსეთის ლიდერს ადანაშაულებდა. მისი თქმით, ეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის დამახასიათებელი მკვლელობის ფორმა იყო.
2021 წელს ნავალნი საკუთარი სურვილით რუსეთში დაბრუნდა. ის სამშობლოში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის დეკემბერში ის ციხიდან მოულოდნელად გაუჩინარდა და ახლობლები მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნავალნი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე კოლონიაში იყო გადაყვანილი. რუსეთის რეჟიმის ცნობით, ოპოზიციონერი სწორედ ამ კოლონიაში გარდაიცვალა.
U2 დიდი ხანია, რაც თავისი პოლიტიკური აქტივიზმით არის ცნობილი. ბონო ამ საკითხს არაერთხელ შეხებია თავისი შემოქმედებითა, თუ განცხადებებით. ორი წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბონო და მისი გიტარისტი ეჯი მალევე ჩავიდნენ უკრაინაში და კიევის ერთ-ერთ მეტროს სადგურში დაუკრეს.