„გადამწვარ ბაღებს” – Quemmekh-ის და ანდრო დადიანის მუსიკალური კოლაბორაცია

„ცხოვრების ამ ეტაპზე ჰაერივით მჭირდება სიმღერა. ამჯერად ეს ჟანგბადი Quemmekh-მა მომცა.”

ჯგუფმა Quemmekh და ანდრო დადიანმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული  ვიდეო, სახელწოდებით „გადამწვარ ბაღებს” წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ Quemmekh-ს, როგორც არტისტების გაერთიანებას, და ანდრო დადიანს დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი კვეთა აკავშირებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სიმღერაზე ერთობლივად იმუშავეს.   

როგორც Quemmekh-ის ფრონტმენი სანდრო ქერაული „ბილბორდ საქართველოსთან” საუბრისას ამბობს, თანამშრომლობის იდეა მოულოდნელად გაჩნდა. 

სანდრო ქერაული:

„ერთ დღეს ანდრომ ინსტაგრამზე ე.წ. Story-ში დაწერა – „ნეტავ, ვინმესთან დუეტი ჩამაწერინა”. ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. როცა ეს ვნახე, კარგ იდეად მომეჩვენა და ვიფიქრე, საინტერესო გადაკვეთა შეიძლებოდა გამოსულიყო დუეტი არტისტთან, რომელიც ინსტალაციებს ქმნის და ძირითადად ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით მუშაობს. მაშინვე მივწერე და თანამშრომლობა შევთავაზე, რაზეც ანდრო დამთანხმდა და ასე დაიწყო ამ დუეტზე მუშაობა. ანდრო საინტერესო არტისტია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ყოველთვის აქტუალურია მისი საძიებო თემები, ხოლო ექსპერიმენტები ეფექტური და შთამაგონებელია. საოცარი შრომითი დისციპლინა აქვს, რაც Quemmekh-ისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიყვარს ზარმაცი არტისტები.”

ანდრო დადიანი, სანდრო ქერაული. ფოტო: მაშო გელაშვილი

ვინც თანამედროვე სახელოვნებო სცენას იცნობს, ანდრო დადიანის შემოქმედებით პერსონაც იცის. ანდრო დადიანი ანონიმური არტისტია და მისი სახელიც ფსევდონიმია. წლების განმავლობაში ხელოვანმა არაერთი საინტერესო ექსპერიმენტული ნამუშევარი წარადგინა, რომელიც ალეგორიული და გაბედული ფორმით ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს. როგორც აღმოჩნდა, ანდროს ინტერესის სფერო მხოლოდ ვიზუალური ხელოვნება არ არის და ბავშვობიდან სიმღერაზე ოცნებობდა.

ანდრო დადიანი: 

„სამწუხაროდ, ამ დრომდე მუსიკაზე მუშაობის საშუალება არ მომეცა. არ მყავს მუსიკოსი ახლობლები. რამდენიმე წელია, ეს ოცნება კიდევ უფრო გაძლიერდა. როცა სანდრომ მომწერა, დუეტი ხომ არ გავაკეთოთო, როგორ გათენდა ის ღამე, არც მახსოვს. 5-6 მელოდიით და იდეით მივედი, რომელთაგანაც საბოლოოდ არცერთი არ გამოგვიყენებია. სიმღერაზე სალაპარაკოდ შევხვდით და ინსტრუმენტული ჟღერადობა იმავე დღეს შევქმენით. იმავე ღამეს დავწერე ტექსტის ჩემი ნაწილი, მისამღერი და ვთქვით, რომ მელოდიურად მეტად არ უნდა დატვირთულიყო. ამის შემდეგ ბევრი ვიმუშავეთ. მეტისმეტი მონდომებით ბევრ რამეს ვუკეთებდით ტრეკს და შემდეგ მიქელანჯელოსავით ვათავისუფლებდით მუსიკას ზედმეტი ნოტებისგან.”

Quemmekh ft ანდრო დადიანი – „გადამწვარ ბაღებს”

სიმღერის ტექსტი და ვიდეოს შინაარსი ინტერპრეტაციებისათვის ღიაა. სანდრო ქერაულის თქმით, მისთვის შთაგონება თბილისი იყო – გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ სივრცეში ყველა საკუთარ თავსა და იდენტობას ეძებს. 

სანდრო ქერაული: 

„ტექსტის და ვიდეოს კონცეფცია ალბათ ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის იმ დროების და განცდების კაფსულაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ბოლო დროს სულ თბილისზე ვფიქრობ. მთელ დროსა და შემოქმედებას ისეთი თბილისის დანახვას და შემდეგ შექმნას ვუთმობ, როგორიც მე მგონია, რომ არის და როგორიც ყველას ბევრად უფრო მოგვეწონებოდა. ამდენი ტრაგიზმის და მუდმივი ტყვეობის მიუხედავად, მაინც მოახერხა, ერი ჩამოეყალიბებინა და დღემდე ადგილ-ადგილ პროგრესისკენ მიმართულ საბრძოლო განწყობასაც ინარჩუნებს.”

Quemmekh ft ანდრო დადიანი – „გადამწვარ ბაღებს”

სიმღერისა და ვიდეოს კონცეფციაზე საუბრისას ანდრო დადიანი ამბობს, რომ ეს ავტორების ამჟამინდელი შინაგანი მდგომარეობით ნაკარნახევი ნამუშევარია, სადაც პირადი და საჯარო ერთმანეთში გადადის. ვიდეო კი მუსიკალური ნამუშევრის „ახალი შრე და რეალობის გამომჟღავნებაა”. ვიზუალური ნამუშევარი აღწერს ქალაქს, რომელშიც ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ადგილის პოვნისათვის უამრავი სირთულისა და ტკივილის გავლა უწევს. 

სიმღერა Quemmekh-ის სტილისა და ხელწერისათვის ჩვეული ნამუშევარია. მუსიკალური ჯგუფი თავისი ტექსტებითა თუ ვიდეოებით მუდმივ ძიებაშია. ანდრო დადიანის და Quemmekh-ის შემოქმედებითი ღირებულებები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არის, რამაც ეს თანამშრომლობა საინტერესო კოლაბორაციად აქცია. 

Quemmekh ft ანდრო დადიანი – „გადამწვარ ბაღებს”

ანდრო დადიანი:

„სანდროსთან არაერთხელ მიმუშავია. ჩემი შვიდი პერფორმანსი აქვს მის შემოქმედებით ჯგუფს გადაღებული და თავისთავად ცხადია, ხშირად გვქონდა შეხვედრები. ერთმანეთში ბევრი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აღმოგვიჩენია. მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და მისი საქმის მიმართ არის ის, რაც ჩემში დიდ მორიდებასა და პატივისცემას ბადებს. ჩემი სულიერი ფაქტურა როკისთვის დამახასიათებელი საპროტესტო და საბრძოლო ენერგიითაა გაჯერებული, ჟღერადობით კი ძალიან ლირიკულია. ამ უცნაური სიმბიოზის გამო, უფრო მეტ რომანსს ვუსმენ, ვიდრე როკს. მძიმე მუსიკის მოსმენა ხშირად არ შემიძლია, მაგრამ არის Quemmekh-ის რამდენიმე სიმღერა, რომელიც ათასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი.”

Quemmekh ft ანდრო დადიანი – „გადამწვარ ბაღებს”

სანდრო ქერაული:

„განსაკუთრებით საინტერესო ანდროს ვოკალის შემოყვანა იყო, რომელიც, როგორც მგონია, იდეალურად მოერგო ყველაფერს და პირადი ხედვისა და ტკივილის გადმოცემა შესანიშნავად მოახერხა. გიტარის სოლოსაც გამოვყოფდი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს ამ სიმღერაში და ერთი-ორ ადგილას ბას გიტარის ხაზს, რომელიც დრამატურგიას იდეალურად აშენებს. ის ერთდროულად საყრდენს და დაძაბულობას ზუსტ დროს ქმნის.”

ანდრო დადიანისთვის  ეს თანამშრომლობა შემოქმედებითი სიახლე და გამორჩეულად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. განსაკუთრებით მუსიკისადმი მისი სიყვარულის გათვალისწინებით. 

ანდრო დადიანი: 

„იმედი მაქვს, ისეთი დასხივება ექნება ამ ნამუშევარს, რომ Quemmekh და მე კიდევ ვითანამშრომლებთ. სხვა მუსიკოსებისგანაც დიდი სიამოვნებით მივიღებ თანამშრომლობის შემოთავაზებას. ცხოვრების ამ ეტაპზე ჰაერივით მჭირდება სიმღერა, ამჯერად ეს ჟანგბადი Quemmekh-მა მომცა.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯოუი ფეტოუნი, ლენს ბასი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, JC Chasez და კრის კირკპატრიკი NSYNC-დან 2023 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 12 სექტემბერი, ნიუ ჯერსი. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ ტიმბერლეიკი ახალ ალბომში NSYNC-თან თანამშრომლობას ადასტურებს

შემდეგი სტატია

FINNEAS და ბილი აილიში ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე, 2022 წლის 27 მარტი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ხუთივე ნომინანტი სიმღერა შესრულდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი