22 წლის მუსიკოსმა ბილი აილიშმა ამ წლის გაზაფხულზე მესამე სტუდიური ალბომის გამოსვლა სოციალურ ქსელში 8 აპრილს საბოლოოდ დაადასტურა.
აილიშის თქმით, ალბომი სახელწოდებით Hit Me Hard and Soft, 17 მაისს გამოვა.
„ჩემი მესამე ალბომი 17 მაისს გამოვა, შეიძლება ამ პოსტის წერის დროს გავგიჟდე, ისე ვნერვიულობ და ვღელავ ახლა” – წერს აღფრთოვანებით პოპ-ვარსკვლავი.
ცხრაგზის გრემის მფლობელმა მომღერალმა ისიც დაადასტურა, რომ მისი პირველი და მეორე სტუდიური ალბომების, 2019 წლის When We All Fall Asleep, Where Do We Go? და 2021 წლის Happier Than Ever მსგავსად, ამ ახალი ალბომის პროდიუსერიც მისი ძმა ფინეასი იქნება. ბილი აილიშმა თაყვანისმცემლები წინასწარ გააფრთხილა რომ, პროექტის გამოშვებამდე არცერთი სინგლი არ გამოვა.
„მსურს ყველაფერი ერთად მოგცეთ… მე და ფინეასი ნამდვილად ვიამაყებთ ამ ალბომით და ერთი სული გვაქვს, თქვენც როდის მოისმენთ.” – ამბობს პოპ-ვარსკვლავი.
ბილი აილიშმა სოციალურ ქსელში თიზერ-ვიდეოც გამოაქვეყნა სათაურით – „მზად ხართ?”
თიზერის გამოქვეყნებამდე ბილი აილიშმა ინსტაგრამ სთორიზე დამაინტრიგებელი ტექსტი დაწერა „ხვალ რაღაც უნდა გითხრათ…”
ცოტა ხნის წინ პოპ-ვარსკვლავმა ინსტაგრამზე 100 მილიონზე მეტი გამომწერი „ახლო მეგობრების” სიაში დაამატა, სადაც გულშემატკივრებისთვის საიდუმლო შეტყობინებებს და მინიშნებებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით მომღერალმა ზუსტად ორ დღეში 7 მილიონი ახალი გამომწერი მოიპოვა.
ნახეთ ბილი აილიშის ინსტაგრამ პოსტები მესამე სტუდიური ალბომის შესახებ: