ქართველი არტისტის,  Ninshū-ს (ლევან ქათამაძე) ახალი ალბომი   Presence –  ინტერვიუ Billboard საქართველოსთან

„ალბომზე მუშაობა დავიწყე 2023 წლის თებერვალში და, რაც უფრო მეტს ვმუშაობდი მასზე, მით უფრო აშკარა ხდებოდა ალბომის მთავარი სათქმელი და საბოლოოდ ალბომს დაერქვა Presence ანუ აწმყო.“
Ninshū- (ლევან ქათამაძე)
Ninshū- (ლევან ქათამაძე)

მულტიინსტრუმენტალისტი, მუსიკოსი, დიჯეი და პროდიუსერი  ლევან ქათამაძე Ninshū-ს სასცენო სახელით არის ცნობილი. Ninshū ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და უამრავ ცნობილ სცენაზე თუ ფესტივალზე დაუკრავს. 

2021 წელს ქართველმა არტისტმა იტალიურ ლეიბლ Blessed Cross Records-თან პირველად ითანამშრომლა და ალბომი „ერი მადლიერი“ გამოაქვეყნა, რომელიც ჯამში 8 ნაწარმოებს მოიცავს. მისი ახალი LP სახელწოდებით Presence ამავე ხმის ჩამწერ სტუდიასთან თანამშრომლით 19 აპრილს გამოვიდა და მასში 12 ტრეკია გაერთიანებული.

Nishnū – ლევან ქათამაძე

ნახეთ Billboard საქართველოს ინტერვიუ Ninshū-სთან :

ადრეული პერიოდიდან რომ დავიწყოთ, როგორ დაიწყო შენი და მუსიკის ურთიერთობა

„ყველაფერი 10-11 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მშობლებმა ფორტეპიანოს და ვოკალის პედაგოგებთან მიმიყვანეს. შემდგომ წლებში დიდი მონდომებით გიტარაზე დაკვრის სწავლაც დავიწყე. ამას მოყვა ის, რომ დაახლოებით 14-15 წლის ასაკიდან პირველად აღმოვაჩინე ელექტრონული მუსიკის საწერი პროგრამები, სადაც საათობით შემეძლო მეტარებინა დრო. პარალელურად, იმავე პერიოდში, მეგობრებმა ინდი/როკ ბენდი შევქმენით სახელად The Fact. ეს ყოველივე ძალიან ბუნებრივად გაგრძელდა და ნელ-ნელა გადაიზარდა სრულყოფილ მუსიკალურ კარიერაში.“

როგორ მოდის მუსიკის წერის შთაგონება? ამ მომენტში სხვების აზრს ითვალისწინებ თუ მხოლოდ ინტუიტიურად ხდება ეს ყველაფერი და ემოციებს ეყრდნობი?

„ყველაფერი მაქსიმალურად თავისუფლად და გაუკონტროლებლად ხდება და ეს ფაქტი სასიამოვნოა, რადგან მგონია, რომ ასე ნამუშევრები უფრო გულწრფელი და ავთენტური გამოდის. შთაგონება შეიძლება ყოველდღიურობიდან და ყველაფრიდან მოვიდეს, ასევე არის მომენტები, როდესაც ყოველგვარი შთაგონების გარეშე ვიწყებ წერის პროცესს და შუა მუშაობისას შთაგონება ხშირად თავისით მოდის ხოლმე. ჩემი ყველაზე მიახლოებული მიდგომა ამ გამონათქვამით შეიძლება გამოვხატო „მადა ჭამის დროს მოდის“. ჩემს შემთხვევაშიც მსგავსი მიდგომა ძალიან მადგება მუშაობისას, რომ მუზის თუ შთაგონების მოლოდინში სულ არ ვიყო, ასევე მეხმარება, რომ მუდმივად წერის პროცესში ვიყო, რასაც ცალსახად უამრავი დადებითი მხარე აქვს, როდესაც წლების მანძილზე ასეთ პროცესში ხარ. 

რაც შეეხება სხვისი აზრის გათვალისწინებას, არის რამდენიმე არტისტი, ვისაც დიდ პატივს ვცემ და მათი აზრი ტრეკის იდეებისა და ტექნიკური ასპექტების შესახებ ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მუდმივად ვცდილობ, რომ ჩემს ნაშრომებს რაც შეიძლება კრიტიკულად შევხედო და ჩემი იდეალებისკენ სწრაფვა ყოველთვის მაქსიმალურად შევინარჩუნო და დავხვეწო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილ ხელოვნებაში საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანია პირადად ხელოვანის აზრები, გამოცდილებები, ხედვები და ემოციები.“

საზღვარგარეთ მოღვაწეობთ და უკრავთ სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, ახდენს თუ არა თქვენი იდენტობა თქვენს მუსიკაზე გავლენას?

„დიახ, რა თქმა უნდა, და ეს გამოიხატება როგორც ქვეცნობიერად, ასევე გაცნობიერებულად. სეტის შედგენისას ან წერისას ხშირად მაქვს იმის სურვილი, რომ სულ მცირე ქართული ელემენტი ფიგურირებდეს. ძალიან ხშირად წარმომედგინა ქართველი ემიგრანტების სახის გამომეტყველება, რომლებმაც მუსიკის მოსმენისას გაიფიქრეს, რომ მგონი ამაში რაღაც ქართული დევს, თუმცა ეს არ არის ძალიან აშკარა და პირდაპირი, რომ მარტივად შეამჩნიო. ყოველთვის მინდა, რომ მსმენელს გაუჩნდეს კითხვა საკუთარ თავში, არის თუ არა ამაში რაიმე ქართული თუ მე ეს მეჩვენება? ეს არის ზუსტად ის ბუნებრივი და დოზირებული მოთხოვნილება, რაც ალბათ ჩემი ქართული იდენტობის ნაწილია.“ 

Nishnū – ლევან ქათამაძე

იტალიურ ლეიბლ Blessed Cross Records-თან თანამშრომლობით გამოდის თქვენი ახალი ალბომი, ამის შესახებ უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო თქვენი ლეიბლთან თანამშრომლობა, როგორი იყო ალბომის მუშაობის პროცესი, რა არის მთავარი ინსპირაცია და კონცეფცია ამ  ალბომის შექმნისას?

„ამ იტალიურ ლეიბლთან პირველად 2021 წელს ვითანამშრომლე, როდესაც პირველი LP ალბომი „ერი მადლიერი” გამოვაქვეყნე. ეს ალბომი რვა ნაწარმოებისგან შედგებოდა და მგონია, რომ ამ ლეიბლმა კარგი და სათანადო პიარი გაუწია ნაშრომებს, თან დასაფასებელია, რომ ისინი სრულიად მიესალმებოდნენ ალბომის განსხვავებულ და გამორჩეულ ჟღერადობას. შესაბამისად, ალბომ Presence-ის გამოქვეყნებაც მათთან თანამშრომლობით გადავწყვიტე. 

რაც შეეხება ალბომზე მუშაობას, მთლიანობაში პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო, ქაოტური და მრავალფეროვანი, ასევე ზოგჯერ იყო საკმაოდ დამღლელი, ხანგრძლივი და გაურკვეველი, თუ რა მიმართულებით წამეყვანა მთავარი კონცეფცია. ალბომზე მუშაობის პროცესი დავიწყე 2023 წლის თებერვალს და, რაც უფრო მეტს ვმუშაობდი მასზე, მით უფრო აშკარა ხდებოდა ალბომის მთავარი სათქმელი. საბოლოოდ, ალბომს დაერქვა Presence ანუ „აწმყო”. შეიძლება ცოტა არაპირდაპირი ან უცნაური დასახელებაა, თუმცა ჩემთან ამის იდეა ძალიან ბუნებრივად მოვიდა და მოვიდა იქიდან, რომ მთლიანად ამ ალბომის წერის პროცესი დაემთხვა ჩემს რთულ ცხოვრებისეულ პერიოდს, სადაც ხშირად ვაწყდებოდი საკუთარ საშინელ ფიქრებს მომავალზე, რაც საერთოდ უსაფუძვლო, არარეალური და ალოგიკური იყო, თუმცა იმდენად გადაჭარბებული და უკონტროლო იყო ეს ფიქრები, რომ ხშირად აწმყო რეალობაში მერეოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ალბომი აწმყოს მნიშვნელობას მიეძღვნებოდა. ასევე იმას, რომ ნამდვილი ცხოვრების ბედნიერება შეიძლება იპოვო აწმყოში, როდესაც შენი გონება არის აქ და ახლა და არა მაშინ, როდესაც გონება მუდმივად მომავლის წარმოდგენებსა და ღელვებშია. მოკლედ რომ ვთქვა, ალბომი ეძღვნება აწმყოს დაფასებას.

მიმაჩნია, რომ შედეგების მისაღებად და რაიმე ღირებულის შესაქმნელად საჭიროა შენც სათანადო შრომა, სიყვარული და თავგანწირვა გამოიჩინო, თითქოს ეს თანაბარი გაცვლაა, რაც ალბათ, სამყაროს დაუწერელი კანონია.

იმ დასვენებების 2 კვირას რაც შეეხება, ძირითადად გამოვიყენე გამოსვლებზე 4 სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, სადაც ასევე ჩემი რექორდერით ბევრი რამე ჩავიწერე, ასე რომ ამ ალბომის 12-ვე ტრეკი შედგება უამრავი ფონური ხმებისგან, რაც შემდგომ დამუშავდა, რადიკალურად განსხვავებულ ჟღერადობებად გადაკეთდა და დარჩა ხელშეუხებელი.“

Nishnū – ლევან ქათამაძე

თუ არის რომელიმე გამორჩეული ტრეკი ამ ალბომში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შენთვის?

„ტრეკი სახელად Flow ჩემი აზრით ყველაზე განსხვავებული და საინტერესო გამოვიდა, რადგან მანდ გამოყენებული მთავარი პერკუსიული ჟღერადობა არის ზუსტად ის ქართული ჟღერადობა და რიტმი, რომელსაც ბოლო 3 წელი ვეძებდი. მინდოდა, რომ ის ბუნებრივად შემხვედროდა და ჩამეწერა და ეს ჟღერადობა აღმოვაჩინე მილანის მეტროში, კერძოდ კი გაჩერებაზე სახელად Susa. მოკლედ, ეს იყო სამი ერთად მომუშავე ესკალატორის სინქრონული ხმა, რომელიც ყოველი რამდენიმე წამი იმეორებდა იდეალურ რიტმსა და ლუპს, რაც ძალიან მივამსგავსე ქართულ ხალხურ მუსიკაში გამოყენებულ დოლის რიტმს. მის ჩასაწერად ამ კონკრეტულ ესკალატორზე 4-ჯერ მაინც ავიარ-ჩავიარე და თან ვცდილობდი, იმ დროს ჩამეწერა, როცა მაქსიმალურად ცოტა ხალხი მოძრაობდა. ახლაც კარგად მახსენდება მეტროში მომუშავე ქალის გაკვირვებული სახე, რომელიც 10 წუთის განმავლობაში უყურებდა ერთსა და იგივე ბიჭს რექორდერით ხელში, თუ როგორი გახარებული სახით აივლიდა და ისევ ჩამოივლიდა იმ ესკალატორზე.“

სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, ახლო მომავალში თუ გაქვთ რამე დაგეგმილი, რაც უნდა ვიცოდეთ?

„სამომავლო გეგმებიდან არის აუცილებლად ალბომის მეტად გავრცელება და ასევე საზაფხულოდ გამოსვლების დაგეგმვა რამდენიმე ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ LP-ს მოჰყვება 2 ვიდეოგადაღებაც კონკრეტულ ტრეკებზე. ასევე, ამ ალბომიდან შემორჩენილია რამდენიმე ტრეკი, რომლებიც აუცილებლად გამოსაქვეყნებელია EP ალბომად და ეს ამ ზაფხულის ბოლოსკენ მოხდება. არის კიდევ ამაზე დიდი გეგმებიც, რაც წლის ბოლომდე შესრულდება, ასე რომ თვალ-ყური ადევნეთ ჩემს სიახლეებს.“ 

მოისმინეთ Ninshū-ს ახალი ალბომი Presence:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახე Post Malone-ის მსგავსი ტატუებით აქვს მოხატული

შემდეგი სტატია

OneRepublic – მსოფლიო ჰიტების ავტორი ბენდი Starring Georgia-ს სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის, რომელიც ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს 

ლორენ პისკიოტამ უესტს მანამდე ივნისშიც უჩივლა.
მეტი