11 მაისს რესპუბლიკის სცენაზე Acid Jazz-ის სფეროში გამორჩეული ბენდის INCOGNITO კონცერტი გაიმართა. ბენდი ჟან-პოლ ბლეიმის და პოლ უილიამსის მიერ 1979 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას.
INCOGNITO-ს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ბენდის წევრები ხშირად იცვლებოდნენ, ჟან-პოლ ბლემი – INCOGNITO-ს ვოკალისტი და გიტარისტი, ბენდის დამაარსებელი, მამოძრავებელი ძალა და შეუცვლელი წევრია, ბენდის არასრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: Cherri V (ვოკალი), ტონი მომრელი (ვოკალი), ნატალი დუნკანი (ვოკალი) ფრენსის ჰილტონი (ბას გიტარა), ჩარლი ალენი (წამყვანი გიტარა), ჩიკო ალოტა (კლავიში), ფრანჩესკო მენდოლია (დრამი), სიდ გოლდი (საყვირი), ტრევორ მირესი (ტრომბონისტი), ჯაო კაეტანო (პერკუსია).
INCOGNITO-ს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ ცნობილ მუსიკოსთან უთანამშრომლია, მათი სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა აღსანიშნავია ისეთი გამორჩეული არტისტები, როგორებიც არიან სტივი უანდერი, მაისა ლიკი, ჯოსლინ ბრაუნი, Imaani, ჯორჯ ბენსონი. ბენდის ლიდერმა ჟან-პოლ ბლეიმ ჯგუფის წევრების ინდივიდუალური შესრულება INCOGNITO-ს მთავარ ხმოვანებას მოარგო და ყველა თაობისთვის საყვარელი ნამუშევრები შექმნა, როგორც ცოცხალი მუსიკის, ასევე საკლუბო სცენის სივრცეში.
„იდეა რითაც ჩვენ დავიწყეთ კიდევ და კიდევ უფრო იზრდება და ეს ყველაფერი ჩვენს ჰიმნად, ჩვენს დანიშნულებად, ვაქციეთ იმ გახლეჩილ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ვაჩვენებთ რომ ჩვენ ერთად ვართ. სადაც ვმოგზაურობთ, სადაც ჩავდივართ და ვისთანაც კომუნიკაციას ვამყარებთ, ერთი რაღაცის საერთო ნაწილი ვხდებით. ბენდი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მუდამ იქნება ხალხი ვინც კვლავ იგრძნობს ამ ბენდის გულს და სულს, ამ მუსიკას და ამ ბენდის გზას.“ – ამბობს ბილბორდ საქართველოსთან ინტერვიუში ჟან-პოლ ბლეიმი.
კონცერტზე ბენდმა შეასრულა როგორც საავტორო მუსიკა ძველი და ახალი ალბომიდან, ასევე ცნობილი კომპოზიციების ქავერ-ვერსიები. ჟანრობრივად მრავალფეროვანი საღამო INCOGNITO-ს დამახასიათებელი მუხტითა და ენერგიულობით გამოირჩეოდა.
INCOGNITO კომპანია Eastern Promotions-ის ორგანიზებით გასულ წლებშიც სტუმრობდა საქართველოს. 11 მაისს კი ბენდმა კიდევ ერთხელ შეასრულა Acid Jazz -ის უკვდავი და თავბრუდამხვევი მუსიკა Republic Event Hall-ის სცენაზე. კონცერტი Club Iveria-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
ნახეთ, ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ ბრიტანული ჯგუფის Incognito-ს დამფუძნებელ ჟან-პოლ ბლეიმთან: