ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში რესტორნიდან მეგობრის სახლში მიდიოდა. როგორც ტიმბერლეიკის ადვოკატმა „სიენენს” უთხრა, მომღერალი ამჟამად გათავისუფლებულია და წარდგენილი აქვს ბრალდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.
ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც „ბილბორდმა” მოიპოვა, ტიმბერლეიკმა პოლიციას უთხრა, რომ მას მხოლოდ ერთი მარტინი ჰქონდა დალეული. ამავე ანგარიშში წერია, რომ ჯასტინი გზაზე მას შემდეგ გააჩერეს, რაც გაჩერების საგზაო ნიშანს არ დაემორჩილა, გზა განაგრძო და ამასთანავე, ვერ ახერხებდა მოძრაობის თავის ზოლში შენარჩუნებას.
„როგორც გაირკვა, ბრალდებული მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მისი თვალები ჩაწითლებული და გაშტერებული იყო. ჰქონდა ალკოჰოლის ძლიერი სუნი, რომელსაც სუნთქვის დროს გამოყოფდა. მას არ შეეძლო კონცენტრირება, ჰქონდა შენელებული საუბარი, ვერ ახერხებდა ფეხზე მყარად დგომას და ვერ გაიარა სტანდარტული სიფხიზლის ტესტები,” – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოყვანილია თავად ტიმბერლეიკის ციტატაც: „ერთი მარტინი დავლიე და ჩემს მეგობრებს სახლში გავყევი.”
„ბატონი ტიმბერლეიკი დავაპატიმრეთ და ერთი ღამით გავაჩერეთ. დილას კი ბრალდება წარედგინა და გირაოთი გათავისუფლდა,” – აღნიშნავს პოლიციის დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში. მომღერლის ადვოკატმა „ბილბორდთან” კომენტარი არ გააკეთა.
ტიმბერლეიკის შემდეგი სასამართლო მოსმენა 26 ივლისს ჩაინიშნა – იმ დღეს, როცა მომღერალი კონცერტს კრაკოვში მართავს Forget Tomorrow მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომელშიც ამჟამად იმყოფება.