ინგლისის ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალი „გლასტონბერი” 28-30 ივნისს გაიმართა. ჰედლაინერები დუა ლუპა, Coldplay და SZA იყვნენ. ფესტივალის ამ სეზონმა 200 000 მსმენელი გააერთიანა. ჰედლაინერების გარდა, აუდიტორიის წინაშე არაერთი ცნობილი მუსიკოსი წარდგა. მათ შორის იყვნენ, როგორც ძველი სახეები, ასევე ახალბედები.
მუსიკის მოყვარულებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება ჰედლაინერი 2025 წლის სეზონზე. ფესტივალის ხელმძღვანელმა ემილი ევისმა დაადასტურა, რომ შემდეგი წლის „გლასტონბერის” ლაინაფზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
Billboard გვთავაზობს იმ შემსრულებლების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა მსმენელმა 2025 წელს „გლასტონბერის” ჰედლაინერის ამპლუაში იხილოს.
Oasis
ძმებმა გალაჰერებმა ჯგუფი 1991 წელს ჩამოაყალიბეს. „გლასტონბერის” ჰედლაინერები ისინი 2004 წელს იყვნენ. 2009 წელს ჯგუფი დაიშალა, თუმცა ორივე მათგანმა მუსიკალური კარიერა გააგრძელა და მსმენელებში ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა ჯგუფი გაერთიანდეს.
ტეილორ სვიფტი
არის წინაპირობები, რომ 2025 წლის „გლასტონბერის” ჰედლაინერი ტეილორ სვიფტი იყოს. 2020 წელს ის ფესტივალის მთავარ შემსრულებლად დასახელდა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო, ღონისძიება გადაიდო.
ჰარი სტაილსი
ჰარი სტაილსი „გლასტონბერის” ჰედლაინერებს შორის ჯერ არასდროს ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს.
სემ ფენდერი
გასულ ათწლეულში ბრიტანელი არტისტის, სემ ფენდერის ფესტივალის ჰედლაინერებს შორის ხილვის შანსები ძალიან მცირე იყო. თუმცა, მისი ახალი ალბომი Seventeen Going Under ბრიტანული ჩარტების ლიდერი გახდა და მუსიკოსის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს ფენდერმა „გლასტონბერის” ჰედლაინერის, ბილი აილიშის გამოსვლის წინ დაუკრა. წარმატებული ალბომის შემდეგ კი სემ ფენდერი შესაძლოა თავადვე გახდეს ჰედლაინერის სტატუსის მფლობელი.
Raye
„გლასტონბერის” ფესტივალის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა, სცენა ქალი არტისტებისათვის დაეთმო. სხვადასხვა დროს ფესტივალის ჰედლაინერად ვიხილეთ Florence + The Machine, ადელი, ბილი აილიში, დუა ლიპა და SZA. „გლასტონბერის” ეს სტრატეგია, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება და ამ შემთხვევაში ინგლისელი ქალი არტისტი Raye კარგი კანდიდატურაა. 2023 წელს არტისტმა გლობალური ჰიტი Escapism გამოსცა. ნამუშევარმა მუსიკალური ჩარტებში დადებითი შედეგები აჩვენა. აღსანიშნავია, რომ მაისში მომღერალი BBC Radio 1-ის ფესტივალის ჰედლაინერიც იყო.
მადონა
დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ მადონას „გლასტონბერის” ფესტივალზე ჰედლაინერის სტატუსს სთავაზობენ, თუმცა, 2024 წელს მომღერალმა
უარი ჰონორარის სიმცირის გამო თქვა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები შესაძლოა ამჯერად წარმატებით დასრულდეს და 2025 წელს მადონა „გლასტონბერის” მთავარი შემსრულებელი იყოს.
რიანა
რიანაც იმ არტისტებს შორისაა, რომლის „გლასტონბერიზე” მონაწილეობის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ. მიუხედავად რიანას მუსიკალური პაუზისა, ფანები მუდამ ელიან, რომ არტისტი თავის შემოქმედებას აქტიურად დაუბრუნდება.
ოლივია როდრიგო
ამჟამად მომღერალი მუსიკალურ ტურნე GUTS World Tour-ის ფარგლებში კონცერტებს მართავს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მისი „გლასტონბერიზე” მონაწილეობა წარმატებული იყო, არტისტი შესაძლოა 2025 წლის ჰედლაინერად ვიხილოთ.
Dave
ბრიტანელმა რეპერმა ბოლო წლებში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მუსიკალურ ჩარტებში მისი პოზიციონირების, მუსიკალური კრიტიკოსების გამოხმაურებისა და აქტუალობის გათვალისწინებით, Dave შესაძლოა 2025 წლის „გლასტონბერის” ჰედლაინერიც იყოს.
Fred again..
ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი არტისტი „გლასტონბერის” ჰედლაინერად უკვე ორი ათწლეულია არ ყოფილა. შესაძლოა ეს ყველაფერი 2025 წელს შეიცვალოს. Ამ შემთხვევაში ბრიტანელი არტისტი სასცენო სახელით Fred again.. ჰედლაინერის სტატუსისათვის შესაფერისი კანდიდატი იქნება.