ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში

20 ივლისს ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში მდებარე „ბლუზ ვილიჯში“ კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს.

2024 წელს ბლუზის ფესტივალი 20 ივლისს ლაგოდეხში გაიხსნება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. მელომანებს კი ორგანიზატორები ტყის პირას „ბლუზ-ვილიჯში“ დაუვიწყარ დღეებს ჰპირდებიან. აქ ბლუზისთვის დამახასიათებელი რითმით და ტემპით გაჯერებული საოცარი საღამოები გაიმართება.

ვიქტორ კერვალიშვილიბლუზის ფესტივალის  იდეის ავტორი, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი

„ბლუზის ფესტივალის ჩატარების იდეა მოდის ჩვენი ბავშვობის წლებიდან, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო ჯაზ-ფესტივალები, როდესაც ნელ-ნელა განსხვავებულმა ჟანრმა ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა დაიწყო. მაშინ ჩვენი თაობის ყველა ბლუზმენი ბლუზს ჩუმად უკრავდა, რადგან სცენას და დარბაზს მაშინ არავინ დაგითმობდა ბლუზისთვის. ამდენად, ეს ყველაფერი ყოველთვის გვინდოდა და მოვედით იმ ასაკამდე, როდესაც ამის გაკეთება შევძელით. უბრალოდ, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ჟანრს: როკს, როკ-ენ-როლს, ჯაზს უფრო ეთმობა, ვიდრე ბლუზს, ამ დროს კი ბლუზი არის ამ ყველა ჟანრის საწყისი, დედა მუსიკა. ბევრად უფრო ძნელად შესასრულებელი ჟანრია, თან აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობა უფრო თბილისშია, ან შავი ზღვის პირას – ბათუმში და ამის საპირწონედ აქეთ, მეორე მხარეს, უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მოვძებნეთ საუცხოო ადგილი – აკაციის ტყე, შევიძინეთ ეს ტერიტორია, დავდგით სცენა, დავიწყეთ ჩიკაგოდან ბლუზის ვარსკვლავების ჩამოყვანა და სერიოზული, ნამდვილი ბლუზის დაკვრა. ასე რომ, ეს ბავშვობის ოცნება სიბერის ჟამს, როგორც იქნა, ავიხდინეთ და ავიხდინეთ ერთ უბანში გაზრდილმა მეგობრებმა, რომლებსაც გვიყვარდა ბლუზი, მოგვწონდა ბლუზი და ვუკრავდით ბლუზს.

კონცერტების დროს, გახსნის დროსაც და შემდგომ, ყველა ის პირველი თაობის ბლუზმენი: ვოვა მოგელაძე, ზაურ შავგულიძე, შოთიკო ძაგნიძე, კაკო ვაშალომიძე, გია ძაგნიძე, კოკა ცქიტიშვილი, სულიკა დათო და ესენი სულ ყველა დავაჯილდოვეთ ბლუზში შეტანილი წვლილისთვის მაგისტრის წოდებით. ადამიანს უხარია ყველა პატარა წვრილმანი დაფასების სახით, აპლოდისმენტებიც, ღიმილიც, მადლობის თქმაც, ის ჯილდოც საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ სულ რომ გაახსენებს ამ პოზიტიურ ემოციებს და ის ჩანაფიქრი და იდეა, რაც გვქონდა, ჯერჯერობით სწორად და კარგად ვითარდება.“

წლევანდელ ბლუზის ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორის სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზ ფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ. 10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს.

„როდესაც პირველ წელს, 2017-ში, ჩავატარეთ ფესტივალი, ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ასეთი, რომ ამ სცენაზე უნდა დაეკრათ ჩიკაგოს, მემფისის, ტეხასის, მისისიპი დელტას ბლუზ შემსრულებლებს – იმ სივრცის წარმომადგენლებს, სადაც ბლუზი დაიბადა და სადაც დღემდე უკრავენ. თავიდანვე დავიწყეთ ძლიერი და მაღალი დონის მუსიკოსებით. პირველი ფესტივალი და კონცერტი შერონ ლუისმა გახსნა, რომელიც არის ერთ-ერთი საოცარი  ბლუზ მომღერალი. მის ხმას  კრიტიკოსები მსოფლიოს მერვე საოცრებასაც კი უწოდებენ. საოცრად ნიჭიერი და ღვაწლმოსილი მუსიკოსია, რომელიც ჩვენ ფესტივალთან თანამშრომლობს.  შერონი ჩვენი არტმენეჯერია, რომელიც პროგრამის შედგენაში გვეხმარება. მისი რეპუტაცია და მისი სახელი ამ ბლუზ სამყაროში პროგრამის შედგენას გვიადვილებს. შერონი ჟანრობრივ თავისუფლებებში კარგად არის გათვითცნობიერებული და ზუსტად გეგმავს, რომელი მუსიკოსი რომელთან არის თავსებადი. ამდენად, მაღალ პროფესიონალურად შედგენილი პროგრამები გვაქვს.“ 

ფესტივალის ფარგლებში ორმოცზე მეტი კონცერტია ჩატარებული, სადაც მსოფლიოში ცნობილ ბლუზ შემსრულებლებს დაუკრავთ.

„ჩვენთან დაუკრავს კრის კეინს, ჯიმი ბერნს, ტოპ ათეულში შესული ბლუზ შემსრულებლიდან ექვს ბლუზ მუსიკოსს უკვე დაუკრავს ჩვენს სცენაზე, წელს კი მეშვიდე შემსრულებელი ჩამოდის, დემეტრია ტეილორი, და იმედი გვაქვს, რომ ათივეს ჩამოყვანას მოვახერხებთ. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და ძალიან კარგი შედეგია. 

რაც შეეხება ჩვენ გუნდს, რომელიც ამ ფესტივალის ორგანიზატორობით არის დაკავებული, ის წარმატებული ბიზნესმენებით არის დაკომპლექტებული და ჩვენთან ერთად უკვე წლებია თანამშრომლობენ. ის უკვე ჩამოყალიბდა სტაბილურ გუნდად. მე მხედველობაში მყავს „თბს ბანკი“, „კოკა-კოლა“, წელს შემოგვიერთდა ძალიან საინტერესო კომპანია, ეს არის „ლიონიძის  ზვარი“, ასევე „ლუდი ტაატი„ „იტალ დიჯიტალი“ და „კაპაროლი“, ამერიკის საელჩო, გერმანიის საელჩო. ასე, რომ ეს გუნდი უკვე მთელი წლის მანძილზე დაუღალავი შრომის და ენერგიის ფასად მსმენელის წინაშე რამდენიმე კონცერტის სახით წარდგება. მიღწეული შედეგი კი ყველას შედეგია ერთად, სადაც მხოლოდ „ბლუზ ვილიჯის“ და ორგანიზატორების გამოყოფა არ შეიძლება. ეს არის მთელი გუნდის დამსახურება.“

2024 წლის რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრავალფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა. 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

ნოდარიკო ხუციშვილის და სიმონ ბითაძის ახალი სიმღერა „არემარე“

შეიძლება დაგაინტერესოთ

აუდიო-ვიზუალური ფესტივალი TKESHI ახალი სეზონით ბრუნდება

TKESHI, როგორც სახელოვნებო პლატფორმა, აერთიანებს სხვადასხვა დარგის მულტიდისციპლინურ არტისტებს, რომლებიც განსხვავებულ პროექტებს წარმოადგენენ.
მეტი

Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

ფესტივალის დასკვნით დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიო მუსიკალური სცენის ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: The Tiger Lillies, La Femme და Masego.
მეტი

მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი M.I.A Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

მუსიკოსის შესრულება აუდიტორიასთან ხშირი ინტერაქციით გამოირჩეოდა, თუმცა არტისტმა ისეთი გზავნილებიც გააჟღერა, რომლებიც მსმენელის დიდი ნაწილისათვის დამაბნეველი აღმოჩნდა და შემდგომ სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოჰყვა.
მეტი

Tbilisi Open Air 2024 გაიხსნა 

ფესტივალის პირველი დღე ცნობილმა ნორვეგიელმა არტისტმა AURORA-მ დახურა. მან სცენიდან მსმენელს მიმართა და საქართველოში მიმდინარე პროტესტსაც გამოეხმაურა.
მეტი