თეატრში მშობლების გვერდით, კულისებში გაიზარდა და მისი პროფესიული არჩევანიც თავიდანვე განისაზღვრა. დედ-მამის მსგავსად მსახიობი გახდა და სტუდენტობის მეორე კურსიდან მაშინდელი მუსკომედიის თეატრის შტატში ჩასვეს. დღეს ბადრი ბეგალიშვილის ნახვა შესაძლებელია თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის, სოხუმის დრამატული თეატრისა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლებში.
ბადრი ბეგალიშვილი:
– მუსკომედიის თეატრში ჩემი მშობლები, ბადრი ბეგალიშვილი და იზა ბოჭოიძე მუშაობდნენ. იქაურობას ძალიან მიჩვეული ვიყავი და 1992 წლიდან მეც იქ ვმოღვაწეობ. მოგვიანებით გადავწყვიტე ჩემი პროფესიით დამატებითი სამუშაო ადგილი მომეძებნა. ერთ დღესაც გადავაწყდი განცხადებას, სადაც ეწერა, რომ ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი დავით საყვარელიძე სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. დავურეკე. შეხვედრა რუსთაველის თეატრში დამინიშნა. მივედი და ჩემი სურვილი გავანდე. საუბრის დროს, ეტყობა, მეგობრული თვალის გარდა, როგორც რეჟისორი ისე მიყურებდა. თურმე ლაშა ბუღაძის პიესაზე „ნავიგატორი“ მუშაობდა და მთავარი გმირის, როსტომის პერსონაჟი სწორედ ჩემში დაინახა. მადლობა ჩემ თავს, განგებას, რომ გავრისკე, დათოსთან თხოვნით მივედი და მადლობა მას, რომ მაშინვე დამთანხმდა და 2014 წელს სოხუმის თეატრის დასში ამიყვანა, სადაც მაშინ თეატრის დირექტორი ჯემალ ქირია იყო.
– სოხუმი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, ბავშვობაში ჩემებს იქ გასტროლებზე დავყვებოდი. ზღვა, ყავა, ჩებურეკი, მაიმუნების საშენი და ეს ყველაფერი ფრაგმენტულად არის ჩემს გონებაში შემორჩენილი, მაგრამ, რაც ამ თეატრში მოვხვდი, ვთვლი, რომ სოხუმში ვარ. აქ საოცარმა ხალხმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო. საერთოდ არ მაქვს ის განცდა, რომ მათ მოგვიანებით შემოვუერთდი და მგონია, ბავშვობიდან მათ გვერდით ვიყავი, ისევე როგორც მუსკომედიაში. არაერთ თეატრში მიმუშავია, მაგრამ არც თეატრალურში სწავლისას და არც შემდეგ იმდენი მეგობარი არ შემიძენია და ისე კომფორტულად თავს არსად ვგრძნობ, როგორც სოხუმის თეატრში.
აქ ბატონი დიმა ჯაიანი დამხვდა. ის და მამა მეგობრობდნენ, მერე მე ჩამიხუტა და დიდი სიყვარულით მიმიღო. მასთან ერთად სცენაზე დგომაც მომიწია, რაც ჩემთვის ამ თეატრთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიხარულია.
ერთი სურვილი მაქვს: საერთოდ, პესიმისტი არ ვარ და ვცდილობ, ყველაფერს საღი თვალით ვუყურო, მაგრამ, თუ მოვესწარი იმ დროს, რომ ჩვენ აფხაზეთში ვითამაშებთ, ავისხამ გუდა-ნაბადს და სოხუმის დასს სოხუმში წავყვები. რასაკვირველია, თუ ეს მათი სურვილიც იქნება, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
– მუსიკა ჩემთვის ის სფეროა, რომლისგანაც შორს არ ვარ და ჩემს ინტერესებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არ აღმომაჩნდა მაღალი დონის სმენა. როლიდან გამომდინარე სიმღერა თუ მიწევს, კონცერტმაისტერი მამეცადინებს, მაგრამ ჩემი სურვილით რომ ვიმღერო, შანსი არ არის, კომპლექსიც მაქვს და ამას ვუფრთხი.
ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ძმა და მისი თაობა ბიტლომანები იყვნენ. ალეკომ სკოლის მეგობრებთან ერთად ჯგუფიც შექმნა და „ბიტლზის“ რეპერტუარს უკრავდნენ. რა თქმა უნდა, მათი სიყვარული მეც გადმომედო. შემდეგ როკ-ენ-როლს ვუსმენდი: ელვის პრესლის, ჩაკ ბერის, ბილ ჰეილის, მაგრამ პარალელურად სულ იყო კლასიკური მუსიკა. დედაჩემს კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მამაჩემმა და მაშინდელმა მუსკომედიის დირექტორმა ის ოპერის თეატრს „გამოგლიჯეს“ და კარიერა მუსკომედიაში გააგრძელებინეს, რასაც დედაჩემი დღემდე ნანობს. მაშინდელ მუსკომედიაში ოპერეტები და მიუზიკლები იდგმებოდა და მეც კლასიკური მუსიკის „ორომტრიალში“ ვიზრდებოდი. ოპერა ძალიან მიყვარს, რა სჯობს იარუსზე რომ ზიხარ და უსმენ: „კარმენს“, „ტრავიატას, „ჯამბაზებს“… მაგრამ ახლა უკვე ზურნა-დუდუკი უფრო „მევასება“, კარგი ქართული მენიუ და მისი ჯანი (იცინის)!
ჩემი ცხოვრების მთავარი მელოდიაა გოგი ცაბაძის სიმღერა (მღერის): „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არვის“… ხოლო ამჟამინდელი განწყობა, წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მოხვედრიდან და შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ასე გადმოვცე: „შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია. შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ, გეშინია“…
– ტექსტს სამაგიდო და სცენაზე რეპეტიციის დროს ვიმახსოვრებ, პერსონაჟის სახის „გახსნასაც“ მაშინ ვიწყებ. კი, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ თავს პროფესიონალ მსახიობად არ ვთვლი. პროფესიონალი როლზე ფიქრობს, ემზადება, დიეტაზეა, სპექტაკლის წინ არ ჭამს და სიგიჟემდე უყვარს თავისი საქმე. რასაკვირველია, თეატრი მიყვარს, მაგრამ პირველ ნომრად ჩემთვის მაინც ფეხბურთია და რა გავაკეთო?!(იცინის) უბრალოდ, მსახიობობა გენში მაქვს. ამ პროფესიის იყვნენ ბაბუაჩემი, მამაჩემი, დედაჩემი, ძმები, და თუ რეჟისორები სპექტაკლში მაკავებენ და თუ მაყურებლის მოწონება მხვდება ხოლმე წილად, ალბათ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივად გამომდის, გენების წყალობით, თორემ ვერ ვიტყვი, რომ როლზე მუშაობისას რამე განსაკუთრებული სამზადისი მაქვს. ასეა და ტყუილს ხომ არ ვიტყვი (იცინის)?!
ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68