ლილი ხურითის ბავშვობის მოგონებები და ეკლექტური მუსიკალური გემოვნება

„ფოლკლორი ძალიან მიყვარს, ოღონდ დიდხანს ვერ ვუსმენ, მეტირება“…
ლილი ხურითი
ლილი ხურითი

თბილისში, სვანეთის უბანში გაიზარდა. პატარაობისას დასთან ერთად ეზოს თეატრი შექმნა, სადაც მაყურებლად მრავალენოვან მეზობლებს იწვევდნენ. ასე დაიწყო ლილი ხურითიმ თეატრალური სამყაროსკენ სვლა. მსახიობი სოხუმის თეატრთან 1983 წელს გადაიკვეთა და მას შემდეგ ერთად „მოდიან“…

ლილი ხურითი
ლილი ხურითი

– ჩვენი ეზოს თეატრის დასს მე ვხელმძღვანელობდი. შემდეგ დედამ ნაძალადევის რაიონში ოსურ სახალხო თეატრში მიმიყვანა, რომლის ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე, ქალბატონი ანიკო ავლოხაშვილი გახლდათ. თეატრალურ სამყაროსთან ჩემი დაახლოვება სწორედ ამ შესანიშნავი, უაღრესად განათლებული ქალბატონის დამსახურება იყო. ოსურ სახალხო თეატრში სამი წელი დავყავი. სკოლას რომ ვამთავრებდი, მისგან შევიტყვე, რომ ცხინვალისთვის მიზნობრივი ჯგუფი მზადდებოდა. 

კომისიის თავმჯდომარე დოდო ალექსიძე იყო, რომელსაც ძალიან მოვეწონე, სამსახიობო ოსტატობაში ყველაზე მაღალი ქულა დამიწერა და მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ოსური სხვებზე ნაკლებად ვიცოდი, ამ ქულის წყალობით თეატრალურ ინსტიტუტში, კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა ცხინვალის თეატრში დავიწყე, სადაც ორ სპექტაკლში ვითამაშე. ერთ-ერთი ჩემი სადიპლომო სპექტაკლი იყო, „პიგმალიონი”. ბატონი დოდოს ფავორიტი ფილმი „ჩემი მშვენიერი ლედი“ ყოფილა და ძალიან უყვარდა ოდრი ჰეპბერნი. როდესაც ელიზა დულიტლის როლში მნახა, შემაქო და მითხრა, რომ ჩემში არ შემცდარა. მას შემდეგ ყოველ შეხვედრაზე „ჩემი პატარა ოდრის“ მეძახდა. როდესაც 1983-84 წლების სეზონზე სოხუმის თეატრში ,,ვენეციელი ვაჭარის“ დადგმა გადაწყვიტა, ჯესიკას როლი შემომთავაზა და სოხუმში ჩამიყვანა. იქ კი ბატონმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის დასში დარჩენა მთხოვა. ამ ქალაქში მანამდე ნამყოფი არ ვიყავი. საოცარი სილამაზე იყო, ზღაპარში აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახიდან შორს ყოფნა ძალიან მიჭირდა, ამ შემოთავაზებაზე უარი ვერ ვთქვი. ვფიქრობ, ბედმა გამიღიმა, რადგან სოხუმის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი იყო თავისი შესანიშნავი და უნიჭიერესი მსახიობებით. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ნაყოფიერი წლებიც სწორედ ამ თეატრს უკავშირდება.

ლილი ხურითი
ლილი ხურითი

– მუსიკა ჩემთვის სიტყვით გამოუთქმელი ემოციაა, ის არის საშუალება, წამიერად მოწყდე დედამიწას და იმოგზაურო შენი გონებისთვის მიუწვდომელ კოსმიურ სივრცეებში. არის ისეთი დღეები, როცა არაფერს  ვუსმენ, როდესაც მინდა აღვიქვა რეალობა ისეთი, როგორიც ის არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ან პირიქით. მუსიკას  შეუძლია ისე ამიშალოს ფიქრები და ისეთ ემოციურ განწყობაზე დამაყენოს, რომ მოვლენები უფრო დრამატულ ფერებში დამანახოს. განწყობასაც გააჩნია. ზოგჯერ მინდა ცხოვრება ბუნებრივ ფერებში აღვიქვა. ხომ გინახავთ ფილმები და სპექტაკლები, რომლებსაც მუსიკალური გაფორმება არ ახლავს. იქ რაღაც სხვა მუსიკაა, სიჩუმის მუსიკა. ცხოვრებაც ასეა, მას თავისი მელოდია მიჰყვება ლაიტმოტივად. ბუნება საუკეთესო მუსიკალური გამფორმებელია.

– უფრო ხანგრძლივად შემიძლია ვუსმინო ჯაზს და ბლუზს. მთელი დღე რომ მქონდეს ჩართული, არ მომწყინდება, თუმცა მიყვარს სხვა ჟანრებიც და ვუსმენ ყველაფერს, დაწყებული ხალხურიდან, დამთავრებული კლასიკით. ფოლკლორი მიყვარს ძალიან, ოღონდ დიდხანს ვერ ვუსმენ, მეტირება. ზოგადად ჩემი მუსიკალური გემოვნება საკმაოდ ეკლექტურია. იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: სომხები, ქურთები, აისორები, რუსები, ოსები, ებრაელები. ეზოს „რეპერტუარიც“ შესაბამისად მრავალფეროვანი იყო. ბავშვებმა ზეპირად ვიცოდით მათი სიმღერები. ვაწყობდით კონცერტებს და ვმღეროდით სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ჟანრში. მოკლედ, დიდი ტაშ-ფანდური გვქონდა გამართული. შიგადაშიგ ჩვენს მუსიკალურ გემოვნებაზე ზრუნავდა ხაზის რადიო, რომელიც კედელზე ეკიდა, სულ ჩართული იყო და გადაცემებს შორის მსუბუქი მუსიკის კონცერტს გვთავაზობდა. გარდა ამისა, ყველა ოჯახში თითო ბავშვი მაინც დადიოდა მუსიკაზე. მე არ გამიმართლა, ხატვა მეხერხებოდა და ხატვის წრეზე წამიყვანეს, ჩემი და ნანა მუსიკაზე დაჰყავდათ. ბეთჰოვენს, ბახს, მოცარტს, შუმანს პირველად მან „მაზიარა“. მთელი დღე უკრავდა და მეცადინეობაში ხელს მიშლიდა. ამის გამო ერთი-ორჯერ მიტყეპილიც მყავს.

– შემდეგი ეტაპი იყო ბიტლზები, პინკ ფლოიდები, ქუინი, იგლზი… ვშოულობდით დისკებს, ვცვლიდით, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით, რომ ნაკაწრი არ გასჩენოდა. ერთმანეთთან სახლებში ვიკრიბებოდით და ერთად ვუსმენდით. ეს მუსიკა გვაერთიანებდა, გვაახლოებდა. ის ჩვენთვის ჟანგბადივით აუცილებელი ხდებოდა.

– მუსიკალური გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სპექტაკლს დასრულებული სახე მიეცეს, რომ მსახიობმა ზუსტად შეიგრძნოს გმირის გრძნობათა ბუნება, რომ მაყურებელმა ყურადღება გაამახვილოს რეჟისორის მიერ დასმულ აქცენტებზე. ხშირად რეჟისორი არჩევს, რომ სპექტაკლში მუსიკა საერთოდ არ გამოიყენოს. ვფიქრობ, რომ ესეც  მუსიკალური გაფორმების ერთგვარი ხერხია. ზოგადად  მუსიკა სპექტაკლში უნდა იყოს აუცილებლობით გამოწვეული და ზომიერი. მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით სოხუმის თეატრის სპექტაკლებიდან გამოვყოფდი „დიდოსტატის მარჯვენას“, რომლისთვისაც გომარ სიხარულიძემ გენიალური მუსიკა დაწერა. სწორედ ბატონი გომარის მიერ ნამღერთან „ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას“ ასოცირდება ჩემთვის სოხუმი და იქ გატარებული წლები…

ლილი ხურითი
ლილი ხურითი

ჩემი ცხოვრების მელოდია რამდენად  არის არ ვიცი, თუმცა, შემიძლია დაუსრულებლდ ვუსმინო შარლ აზნავურის La bohem-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 2024 წლის VMA-ის ღამეს ემთხვევა

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტი პარიზის სასტუმროში დაცვის თანამშრომელზე სავარაუდო თავდასხმის გამო დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი

სოხუმის თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open გაიხსნა

ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი.
მეტი