რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

ტრეკმა სტრიმინგ სერვისების რეკორდები მოხსნა და იქცა კენდრიკ ლამარის მეოთხე ჰიტად, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
კენდრიკ ლამარი და დრეიკი. ილუსტრაცია: Klawe Rzeczy

გრემის ღამეს საზეიმო განწყობა სუფევს. შემსრულებლები უსმენენ კოლეგების მუსიკალურ ნომრებს და მათზე ცეკვავენ. აუდიტორია და მაყურებლები სცენიდან არაერთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლის მოწმე ხდებიან. კამერები აფიქსირებენ მომენტებს, რომლების შემდეგ მიმებად იქცევა და, როდესაც ჯერი ჯილდოს მიღებაზე მიდგება, ნაკლებად გვახსენდება ე.წ. დის-ტრეკები – სიმღერები, რომლითაც არტისტები ერთმანეთს უპირისპირდებიან. 

მაგრამ, ამჯერად განსხვავებული რეალობაა, რადგან 2024 წელს კენდრიკ ლამარის Not Like Us გამოვიდა. ტრეკი, რომლითაც ლამარი დრეიკს მწვავე ტექსტებით ეპიკურად დაუპირისპირდა. ნამუშევარი მალევე ზაფხულის ჰიტად იქცა და ის ყველგან ისმოდა. ამ სიმღერას, თავისი გავლენიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, ასევე აქვს შანსი, გრემის ნომინაცია მიიღოს და წლის სიმღერისა და წლის ჩანაწერის კატეგორიებში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ნომინანტიც იყოს. და თუ ის გრემის ღამეს გაიმარჯვებს, შესაძლოა ცერემონიაზე  იგივე ენერგია და დინამიკა შექმნას. 

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვი მეისონ უმცროსმა ივნისში, სიმღერის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ტრეკზე კომენტარი გააკეთა. TMZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან ჩანაწერს ჰიტი უწოდა. „ეს არის საოცარი არტისტულობით შექმნილი ნამუშევარი, დიდებული ტექსტი. ნიჭი, რომელიც ამ ჩანაწერში იგრძნობა, წარმოუდგენელია. თქვენ იცნობთ არტისტებს, რომლებიც ადრე იყვნენ ნომინირებულნი და მათ შორის დიდი წარმატებით იყო წარმოდგენილი კენდრიკი. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება, ეს კვლავაც მოხდეს,” – აღნიშნა მეისონმა.

Not Like Us ლირიკული შედევრია, რომელმაც სტრიმინგ სერვისების რეკორდები მოხსნა და იქცა კენდრიკ ლამარის მეოთხე ჰიტად, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად თავისი მკაცრი ბრალდებებისა დრეიკის მიმართ, იკვეთება, რომ ნამუშევარი ნამდვილად არის გრემის ნომინანტობის კანდიდატი.

„მჯერა, რომ აკადემიის წევრები დააფასებენ დიდებულ შემოქმედებას,” – აღნიშნა მეისონმა ივნისში. „მათ მოსწონთ ის, რაც პოპულარულია.  ეს აქტუალური ჩანაწერია, რომელსაც მრავალშრიანი გავლენა აქვს. მე მჯერა, რომ აკადემიის წევრები ამას აღიარებენ და, შესაბამისად, ხმასაც მისცემენ [მის ნომინაციებში მოხვედრას].“

თუ ტრეკმა Not Like Us მნიშვნელოვანი ნომინაციები მიიღო, ეს ნამდვილად არ იქნება უპრეცედენტო შემთხვევა. 2015 წელს დრეიკის ე.წ. დის-ტრეკი Back to Back, რომლითაც არტისტი მიკ მილს უპირისპირდებოდა, ნომინირებული იყო საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის. 1992 წელს LL COOL J და Kool Moe Dee ტრეკებით ჩართულნი იყვნენ მწვავე დაპირისპირებაში. როცა LL COOL J-მ Mama Said Knock You Out გამოუშვა, ტრეკმა გრემი საუკეთესო რეპ სოლო შესრულებისთვის მიიღო.

გრემის ჟიურიმ ასევე დააჯილდოვა სხვა ჟანრის შემსრულებელი არტისტები იმ სიმღერებისათვის, რომლებშიც ირონია იგრძნობოდა და სხვას უპირისპირდებოდა. 2002 წლის ბოლოს ჯასტინ ტიმბერლეიკმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო სინგლი Cry Me a River. მიიჩნევა, რომ ჯასტინი ამ სიმღერით ყოფილ შეყვარებულს, ბრიტნი სპირსს, ღალატის გამო აკრიტიკებდა. მუსიკალურ ვიდეოშიც სწორედ სპირსის მსგავსი მსახიობი მონაწილეობდა. 2004 წლის გრემის ცერემონიაზე სიმღერისათვის Cry Me a River ტიმბერლეიკმა გრემი მამაკაცის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის მიიღო. ტიმბერლეიკმა ნომინაციაში სტინგი და მაიკლ მაკდონალდი დაამარცხა.

ზოგ შემთხვევაში, პოპ ჰიტები, რომლებიც კრიტიკულ შინაარსს და სხვისადმი დაპირისპირებას სათაურში ნათლად ავლენენ, ასევე იმსახურებდნენ გრემის ყურადღებას. მაგალითად, ტეილორ სვიფტის 2014 წლის ჰიტი Bad Blood სავარაუდოდ კეტი პერისთან მეგობრობის დასრულებას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე სიმღერის რემიქსში კენდრიკ ლამარიც მონაწილეობდა. Bad Blood პირველ ადგილზე დაწინაურდა Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში და 2016 წელს საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის გრემიც მიიღო. ასევე, მსგავსი შემთხვევა მოხდა გვენ სტეფანისთან დაკავშირებითაც.  სტეფანიმ განაცხადა, რომ, როდესაც კორტნი ლავმა ის ცინიკურად მოიხსენია 2004 წლის ინტერვიუში, ეს შთაგონებად იქცა. სწორედ ამ შთაგონებით შექმნა მან სიმღერა Hollaback Girl, რომელიც შემდეგ ნომინირებული იყო ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის, თუმცა საბოლოოდ გრემი ვერ მიიღო.

Not Like Us გადამწყვეტი ტრეკი აღმოჩნდა ლამარისა და დრეიკის ხანგრძლივ დაპირისპირებაში და, როგორც ჩანს, დიდი შანსი აქვს, გრემის ნომინაციები მიიღოს. თუმცა, Billboard-ის წყაროების თქმით, შესაძლოა, ეს არ იყოს ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც გრემის ყურადღებას მიიპყრობს. რეპ კატეგორიებში ასევე შესაძლოა ნომინანტად დასახელდეს ლამარის Euphoria. აღსანიშნავია, რომ კენდრიკ ლამარი ამჟამად 17 გრემის ფლობს და იყო წლები, როცა არტისტს ერთ ღამეში მრავალჯერ გადაეცა ჯილდო. რაც შეეხება დრეიკს, ის ხუთი გრემის მფლობელია, თუმცა დრეიკს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა აქვს გრმეის დაჯილდოებასთან.  მათ შორის აღსანიშნავია 2022 წლის ბოიკოტი, რაც The Weeknd-ის ნომინაციებს მიღმა დარჩენამ გამოიწვია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

შემდეგი სტატია

თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი