ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოვლენა, Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენება ვარსკვლავური შემადგენლობით დაბრუნდა. შოუ წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო, რადგან ბრენდმა სტრატეგიაში ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა და ქალების უფლებებზე, მათ პრეზენტაციასა და ინკლუზიურობაზე მეტად კონცენტრირდა. გარდა ამისა, ჩვენების სამოდელო შემადგენლობაში VS-ის შოუების ისტორიის ყველა დროის დიდი სახელები დაბრუნდნენ, მათ შორის ადრიანა ლიმა, ტაირა ბენქსი და სხვა მრავალი ცნობილი მოდელი.
თუმცა, ქართველი აუდიტორიის ყურადღებას ყველაზე მეტად ის იპყრობდა, რომ წელს Victoria’s Secret-ის შოუზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა VS-ის ვარსკვლავურ პოდიუმზე ქართველმა მოდელმა გაიარა. მატილდა გვარლიანი შოუს იმ ნაწილში წარდგა, რომელშიც აუდიტორიისთვის მოულოდნელად პოდიუმზე ქეით მოსი გამოჩნდა. ამ დროს მუსიკალურ გაფორმებად შოუზე I Love Rock ’n’ Roll ისმოდა.
რაც შეეხება Victoria’s Secret-ის შოუს მუსიკალურ ნაწილს, ეს ჩვენების კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. წლების განმავლობაში შოუ მუსიკალურად გააფორმეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, რიანა, The Weeknd და სხვები. წლევანდელი შოუს მთავარი შემსრულებელი არტისტი შერი იყო, რომელმაც თავისი ცნობილი ჰიტები, Strong Enough და Believe შეასრულა. მიწვეულ მომღერლად პოდიუმზე ასევე წარდგა მსოფლიო მუსიკალური სცენის ახალი ვარსკვლავი ტაილა. შოუ გახსნა Blackpink-ის ლისამ, რომელმაც სოლო ნამუშევარი, Rockstar იმღერა. მოგვიანებით ლისა კვლავ დაბრუნდა სცენაზე და ცნობილი სიმღერის, Kiss Me-ს ქავერ ვერსია შეასრულა.
რაც შეეხება მატილდა გვარლიანს, მოდელის საერთაშორისო კარიერა ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით ვითარდება. ის მოდის კვირეულებზე არაერთი წამყვანი მოდის სახლის შოუზე გამოვიდა. 2024 წლის დასაწყისში გვარლიანი Chanel-ის ბესტსელერი სუნამოს, Chance-ის ერთ-ერთ სახედაც ვიხილეთ. მოდელმა ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ბრენდის ვიდეო კამპანიებში, მათ შორის არის Gucci, Louis Vuitton, Calvin Klein და სხვები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ სეზონის მოდის კვირეულები, რომელთა ფარგლებშიც მატილდა გვარლიანი თითქმის ყველა გავლენიანი ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა. მატილდა ვიხილეთ ისეთი ბრენდების პოდიუმზე, როგორებიც არის Dior, Chanel, Louis Vuitton და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Schiaparelli, რომელიც ჩვენებებზე ყოველთვის სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავ მოდელებს იწვევს.
Victoria’s Secret-ის შოუ ნიუ-იორკში, თბილისის დროით 16 ოქტომბრის გამთენიისას გაიმართა. ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Amazon-ის Prime Video-ს სტრიმინგ პლატფორმაზე, YouTube-სა და სოციალური მედიის არხებზე.