სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი ხდება

თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს გაფორმდება.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი ხდება. თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს, 14:00 საათზე სოხუმის თეატრში გაფორმდება. ამ დღისთვის თბილისს ეწვევა IATL-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და თეატროლოგი ოქტავიან საიუ, რომელიც სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დავით საყვარელიძესთან ერთად ხელს მოაწერს მემორანდუმს. 

დავით საყვარელიძე

IATL-სთან თანამშრომლობა ნიშნავს სოხუმის თეატრის პოზიციის გაძლიერებასა და ახალ ეტაპს საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. პარტნიორობის ფარგლებში თეატრი გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ინოვაციურ პროექტებში და ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრის პროფესიონალებს შორის. მემორანდუმით შესაძლებელი ხდება უნიკალური ერთობლივი პროექტების შექმნა და თეატრის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო კონგრესებში, ფესტივალებსა თუ სემინარებში. 

ოქტავიან საიუ რუმინელი თეატრის მკვლევარი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და თეატროლოგიის დოქტორია. პირველი დისერტაცია („თეატრალური სივრცის შესახებ“) დაიცვა რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნულ უნივერსიტეტში (NUTF). ამასთან, ფლობს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის ხარისხსაც, რომელიც სემუელ ბეკეტისა და ეჟენ იონესკოს შესახებ დაწერილი დისერტაციისათვის ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტში მიენიჭა. საიუმ ოტაგოს უნივერსიტეტშივე განაგრძო თანამედროვე ლიტერატურის კვლევა და პოსტსადოქტორო მუშაობის დასრულებისას თეატრალური და საშემსრულებლო ხელოვნების დოქტორი ჰაბილიტუსის (Dr. Habil.) წოდებაც მიიღო. დოქტორი საიუ უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჰონგ-კონგის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტსა და სიბიუს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლაში. იყო ლონდონის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის სტიპენდიატი. ამჟამად ტოკიოს, ჰონგ-კონგის, პეკინისა და ლისაბონის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორია და ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ევროპის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე გროტოვსკის ინსტიტუტში.

ოქტავიან საიუ, კონფერენციის თავმჯდომარისა თუ მოწვეული სპიკერის რანგში, აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე საკვანძო თეატრალური და აკადემიური ღონისძიების განხორციელების პროცესში, მათ შორის არის თეატრალური ოლიმპიადა, ვუჟენის თეატრალური ფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი. 2013 წლის ედინბურგის ფესტივალზე ოქტავიან საიუ სემუელ ბეკეტისადმი მიძღვნილ კონფერენციას უძღვებოდა. 2004 წლიდან ის უძღვება სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კონფერენციებს. წლების განმავლობაში მან არაერთი დიალოგი წარმართა თეატრალური ხელოვნების ისეთ გამორჩეულ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან ოჰად ნაჰარინი, აკრამ ხანი, საშა ვალცი, რობერტ უილსონი, რობერტ ლეპაჟი, რიმინი პროტოკოლი, თომას ოსტერმაიერი, ივო ვან ჰოვე და სხვები.

დოქტორი ოქტავიან საიუ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და თეატრთან დაკავშირებული 14 წიგნის ავტორია.  2010 წელს „კრიტიკოსთა პრემიით“ დაჯილდოვდა, 2013 წელს კი მას გადაეცა თეატრის ხელოვანთა კავშირის (UNITER) ჯილდო. 2020 წელს, კულტურის ეროვნულ დღეს, რუმინეთის პრეზიდენტმა ოქტავიან საიუს კულტურის წინაშე დამსახურებისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

დოქტორი საიუ თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Theatre Leaders – IATL) დამფუძნებელი და პრეზიდენტია. 2024 წელს თეატრის ლიდერობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუმინეთის კულტურის სამინისტრომ ოქტავიან საიუს საპატიო ჯილდო გადასცა.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ისტორიის მქონე კულტურული დაწესებულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ინოვაციების, მხატვრული ხარისხისა და კულტურული დიალოგის ცენტრშია, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. 2025 წელს თეატრს 140 წელი უსრულდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად აფხაზეთის დატოვება დასის წევრებსაც მოუწიათ. თავდაპირველად დასი რუსთაველის თეატრმა შეიფარა. შემდეგ ჯგუფი წარმოდგენებს მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, ახმეტელისა და თავისუფალ თეატრებში მართავდა. მოგვიანებით კი, 2016 წელს, სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა გადაეცა. 2014 წლიდან თეატრს რეჟისორი დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ace of Base Paul Bergen/Redferns/Getty Images

შვედურ პოპ-ჯგუფ Ace of Base-ის შესახებ  დოკუმენტური სერიალი გამოვა

შემდეგი სტატია

თბილისში ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დავით საყვარელიძე და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი

საერთაშორისო პროექტების ფარგლებში რეჟისორ დავით საყვარელიძის სამუშაო პროცესს ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო

რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ აღმოსავლურ თემატიკაზე შექმნილი საბავშვო სპექტაკლის პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების, გამო პრემიერა იანვრისთვის გადაიდო.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი