4 და 5 დეკემბერს, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ ზურაბ კანდელაკის პიესის „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა გაიმართება.
ნაწარმოები აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა. ისინი თოქ-შოუს ჩაწერაზე ხვდებიან, სადაც კასტინგი უნდა გაიარონ და მათ მიერ ნათამაშები როლებიდან ნაწყვეტები შეასრულონ. მუშაობის პროცესში კი მსახიობები სოხუმის თეატრსა და იქაურ ატმოსფეროს იხსენებენ და სევდითა და იუმორით, ტრაგიზმითა და ოპტიმიზმით საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან.
წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები ლილი ხურითი (სალომე) და გივი ჩუგუაშვილი (გიორგი), რომლებიც სხვადასხვა დროს ზურაბ კანდელაკის რადიოსპექტაკლებშიც თამაშობდნენ.
პროექტის ავტორები არიან: ზურაბ კანდელაკი და კობა ცხაკაია. რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სოფო მარიამ ქორიძე, მუსიკალური გაფორმება: ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი: თაზო კანდელაკი.
ზურაბ კანდელაკი:
„ევროპაში ძალიან პოპულარულია რადიოპიესის თამაში მაყურებლის თვალწინ. ეს ფორმატი პირველად უნგრეთში ვნახე, სადაც სპექტაკლს ვდგამდი. იქ ერთ-ერთ ბარში იდგა მიკროფონები და მსახიობებმა პიესა მაყურებლის თვალწინ წაიკითხეს. დასრულების შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებასა და მსახიობებს შორის დიალოგი გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მაყურებელს სურს იმ მსახიობების ნახვა, ვისი ხმაც რადიოთი ესმით და აქცენტი ყოველთვის პოპულარულ მსახიობებზე კეთდება. სამი წარმოდგენის შემდეგ, უკვე სპექტაკლის ჩაწერა ხდებოდა და დამონტაჟებულ ჩანაწერს რადიოეთერში უშვებდნენ. ასეთივე თამაშს დავესწარი გერმანიაში, სადაც მსახიობები მაყურებლის წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგნენ. ჩანაწერი იმავე დღეს, პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს იდეა ძალიან მომწონდა და მის განხორციელებაზე სულ ვფიქრობდი. ახლა კი პროექტის განხორციელება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით, ხოლო სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე ჩვენს შეთავაზებას, სპექტაკლი სოხუმის თეატრში წარმოგვედგინა, დიდი აღფრთოვანებით შეხვდა და გვერდში დაგვიდგა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
ვინაიდან სპექტაკლის პერსონაჟები მსახიობები არიან და თამაშის მსვლელობისას სხვადასხვა ნაწარმოებიდან ფრაგმენტებს კითხულობენ, პიესაში ჩავსვი ციტატები ტენესი უილიამსის, რიჩარდ ჰარვურდის, უილიამ საროიანისა და უილიამ შექსპირის პიესებიდან. ხოლო იგორ სავერიანინის ლექსის თარგმანი ნინო დარბაისელს ეკუთვნის. ვფიქრობ, ამან პიესას მრავალფეროვნება შესძინა. სოხუმში მუშაობის პერიოდს, იქაურ ამბებს, დიდი ნოსტალგიით ვიხსენებ და ისინი პიესაში გავაცოცხლე. სანამ აფხაზეთს დავკარგავდით, სოხუმში ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი. მომხდარს ძალიან განვიცდი და სულ ვფიქრობ, მე რომ ასე მტკივნეულად განვიცდი, რა მძიმე უნდა იყოს ეს ყველაფერი ადამიანებისთვის, ვინც სოხუმში ცხოვრობდა. სწორედ მათთვის მაქვს ეს სპექტაკლი გათვლილი, ვისთვისაც სოხუმი ზღაპარი და ნოსტალგიაა. არ ვიცი, რამდენად გამოვიდა, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თემა, რეპეტიციის პროცესში, არაერთხელ ავღელვებულვარ და ეს შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, სპექტაკლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, გული უნდა აგიძგეროს, სხვაგვარად თეატრის არსებობას აზრი არ აქვს.”
რეჟისორმა, მწერალმა და დრამატურგმა, რადიოთეატრის მთავარმა რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან, მსახიობ ზეინაბ გზირიშვილთან ერთად მუშაობა სოხუმის დრამატულ თეატრში დაიწყო, სადაც 2-წელიწად-ნახევარი დაჰყო. რადიოში მოღვაწეობა მან 1967 წელს ჯერ რეჟისორად, 1973 წლიდან კი მთავარ რეჟისორად დაიწყო. პარალელურად, წლების განმავლობაში დგამდა სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში, ასევე ტელევიზიაში, თავდაპირველად სხვა მწერლების ნაწარმოებებზე მუშაობდა, შემდეგ კი მსმენელმა მისი საავტორო პიესებიც გაიცნო.
ზურაბ კანდელაკმა შექმნა ეპოქა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში. რადიოთეატრში მას 500-ზე მეტი რადიოსპექტაკლი აქვს შექმნილი. რადიოსპექტაკლები აქვს დადგმული ასევე ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვსა და მინსკში. სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის წევრი.
ზურაბ კანდელაკია რეჟისორი ისეთი ცნობილი ტელესპექტაკლებისა, როგორებიცაა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“,„ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“, „გამარჯობა, ჩვენო მამებო“, „დავიწყებული ამბავი“, „ენერგიული ადამიანები“ და სხვა. მისმა რადიოპიესამ „რეპეტიცია“ ევროპის კარიც შეაღო: 1994 წელს პიესამ რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე „გრან-პრი“ დაიმსახურა, რის შემდეგაც ის დაიდგა სლოვენიაში, სლოვაკეთსა და გერმანიაში. 1997 წელს კი „რეპეტიცია” თავის მსმენელს „დოიჩლანდ რადიომაც“ წარუდგინა.
2021 წლის ნოემბერში სწორედ ზურაბ კანდელაკის ძალისხმევით მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი ჩაწერა, რომელიც საქართველოს რადიოთეატრის სახელით 2022 წელს ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო რადიოდრამის ფესტივალზე გაიგზავნა. რადიოდადგმამ „გვჭირდება თუ არა შექსპირი?“ მსმენელის სიმპათიის პირველი პრიზი დაიმსახურა.ზურაბ კანდელაკი რამდენიმე წიგნის ავტორია. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა თუ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში.
ის იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2013 წელს მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი „ოქროს ფრთა“. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. 2020 წელს კი თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო გადაეცა.