თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაცია სოლიდარობას გამოთქვამს ქართველი არტისტების მიმართ და მათ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
განცხადება, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს აქციის მონაწილეებზე ძალადობა, მოითხოვოს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და სოლიდარობა გამოხატოს ქართველი ხალხის მიმართ. „არტისტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში და მათი უსაფრთხოება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული,” – ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე დასახელებული არიან მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებული და დაკავებული ხელოვანები: გიორგი მახარაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნათია ბუნტური, ირაკლი სირბილაშვილი, ავთანდილ დიასამიძე, გიორგი ბახუტაშვილი, ზვიად რატიანი, თათა თავდიშვილი და ტორესა მოსი. განცხადების თანახმად, აღნიშნული სია არასრულია.
„ITI-ს საერთაშორისო ოჯახი ახლა ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით დგას. ჩვენ გვსურს, გავავრცელოთ მათი პრობლემები ადამიანის უფლებების საერთაშორისო არხებისა და მედიაპლატფორმების მეშვეობით,” – წერს ჯესიკა კაავა, მსოფლიო ITI-ს პრეზიდენტი.