სოხუმის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე მრავალ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს: მათ შორის აღსანიშნავია 3 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, IATL-ის – თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორობას გულისხმობს. ასევე სოხუმის თეატრი, დავით საყვარელიძის სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“, ბერლინის ITO (Into the Open) ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის ჩვენებაც ბერლინის Kühlhaus-ში, 2025 წლის 30 იანვარს იგეგმება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი და უახლესი პროექტი გახლავთ სპექტაკლი „სიზმრების ტბის საიდუმლო”, რომლის მიმდინარე რეპეტიციასაც რუსთაველის თეატრში ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო.
ჩან კვოკ უაი ბერნისი საერთაშორისო თეატრალური კრიტიკოსების ასოციაციის (ჰონგ-კონგი) გენერალური მენეჯერი და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს დრამის კომიტეტის ექსპერტია. ის ასევე არის ჰონგ-კონგის დრამის პრემიებისა და ჰონგ-კონგის IATC(HK)-ის კრიტიკოსთა პრემიების პანელის წევრი. ჩან კვოკ უაი ბერნისი გახლავთ საერთაშორისო ასოციაციის „ბიბლიოთეკების, მუზეუმების, არქივებისა და დოკუმენტაციის ცენტრების“ (SIBMAS) ვიცე-პრეზიდენტი. ბერნისი არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის რედაქტორი, რომლებიც ძირითადად სცენური ხელოვნების თემას ეხება. მისმა პროექტმა Ten Years of A City 2018 წელს ჰონგ-კონგის წიგნის პრემია მიიღო, ხოლო ნაშრომმა „კადრი საზღვრებს მიღმა: ჰონგ-კონგის თეატრისა და სპექტაკლის, ფოტოგრაფიის ონლაინ არქივი და საგანმანათლებლო პროექტი”, ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების ჯილდო დაიმსახურა.
საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ჩან კვოკ უაი ბერნისი რუსთაველის თეატრში, რეჟისორ დავით საყვარელიძის აღმოსავლური მითოლოგიის, ჩინური და იაპონური ზღაპრების მიხედვით შექმნილი საბავშვო სპექტაკლის მუშაობის პროცესს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების, აქციაზე დაკავებული ხელოვანი ხალხისა და გაფიცული მსახიობების სოლიდარობის ნიშნად მისი პრემიერა იანვრისთვის გადაიდო.
საბავშვო სპექტაკლი (5+) აღმოსავლური სიბრძნისა და ტრადიციული ფოლკლორის საშუალებით თანამედროვედ გვიყვება ამბავს, რომელიც სიყვარულზე, ბედისწერაზე, მორალურ ღირებულებებსა და ერთგულებაზეა დაფუძნებული. სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელი მაგიურ სამყაროში გადადის, სადაც ისეთ პერსონაჟებს შეხვდებით, როგორებიც არიან მონაზონი – ტრიპიტაკა, მეფე მაიმუნი – ვუ კუნგი, გოჭუნა და ქვიშუნა.
წარმოდგენა მდიდარია ვიზუალური სანახაობებითა და კულტურული ღირებულებებით, რაც ტრადიციული თხრობის სტილითა და თანამედროვე თეატრალური ტექნიკების შერწყმით იდეალურ სინთეზს ქმნის. სპექტაკლის მხატვარი ნინო კობიაშვილია, რომელმაც მრავალფეროვანი, საინტერესო და ფერადი კოსტიუმები შექმნა. ამასთან ერთად, შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გრაფიკული ვიზუალი სპექტაკლს ახალი პერსპექტივით წარმოაჩენს, სადაც უძველესი მითოლოგიური პერსონაჟები თანამედროვე ენით გადმოგვცემენ ზღაპრულ ამბავს.