სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი გახდა

თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს გაფორმდა.
ოქტავიან საიუ და დავით საყვარელიძე

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს, 14:00 საათზე სოხუმის თეატრში გაფორმდა. ამ დღისთვის თბილისს ეწვია IATL-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და თეატროლოგი ოქტავიან საიუ, რომელიც სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დავით საყვარელიძესთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს. 

IATL 73 ქვეყნის სხვადასხვა თეატრისა და არაერთი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანის პარტნიორია. ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციამ, რომლის მიზანიც მსოფლიო თეატრის სამყაროში ლიდერობის გაძლიერებაა, საქართველოდან თანამშრომლობისთვის სწორედ სოხუმის თეატრი გამოარჩია, როგორც მდიდარი ისტორიისა და შემოქმედებითი ცხოვრების მქონე კულტურული ორგანიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს სოხუმის თეატრის პოზიციის გაძლიერებასა და ახალ ეტაპს საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. პარტნიორობის ფარგლებში თეატრი გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ინოვაციურ პროექტებში და ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრის პროფესიონალებს შორის. მემორანდუმით შესაძლებელი ხდება უნიკალური ერთობლივი პროექტების შექმნა და თეატრის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო კონგრესებში, ფესტივალებსა თუ სემინარებში. 

დოქტორი ოქტავიან საიუ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და თეატრთან დაკავშირებული 14 წიგნის ავტორია.  2010 წელს „კრიტიკოსთა პრემიით“ დაჯილდოვდა, 2013 წელს კი მას გადაეცა თეატრის ხელოვანთა კავშირის (UNITER) ჯილდო. 2020 წელს, კულტურის ეროვნულ დღეს, რუმინეთის პრეზიდენტმა ოქტავიან საიუს კულტურის წინაშე დამსახურებისათვის ღირსების ორდენი გადასცა. სოხუმის თეატრთან პარტნიორობა საქართველოში მისი მეოთხე ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ოქტავიან საიუ:

„ქართულ თეატრს როცა ეცნობი, კარგად იგრძნობა თეატრით დაინტერესებულ თაობებს შორის კავშირი. მქონდა საშუალება, შევხვედროდი ქართული თეატრის როგორც ახალგაზრდა წარმომადგენლებს, ისე უკვე ცნობილ სახელებს. ეს ჰარმონია არა მხოლოდ თქვენი ლამაზი ენიდან მომდინარეობს, არამედ ნათლად ვგრძნობ იმ ერთიანობას, ერთსულოვნებასა და ენერგიას, რომელიც სხვადასხვა ასაკის თეატრის გულშემატკივარს ერთმანეთთან აკავშირებს. საერთაშორისო დონეზე რომ განვიხილოთ, ქართულ თეატრს სწორედ ეს განასხვავებს სხვა ქვეყნის თეატრებისგან. ქართულ თეატრთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა სოხუმის თეატრიდან იწყება და შემთხვევითი არ გახლავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვაფასებთ, ის შემართება და ერთიანობაა, რომელიც სოხუმის თეატრში სუფევს. ვხედავ ლიდერობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოს 73 ქვეყნის სხვადასხვა თეატრსა და ინდივიდუალურ ხელოვანთან თანამშრომლობს. ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა ძალიან პრესტიჟულია, ეს ძალიან ბევრს სურს, თუმცა, რეალურად ძალიან რთულია. ჩვენ ორგანიზაციას ჰყავს მსოფლიოში ცნობილი თეატრალებისგან შემდგარი აღმასრულებელი და მრჩეველთა საბჭო, რომლებიც მსგავს განაცხადებს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენთან ბევრი წერილი შემოდის, მაგრამ ბორდის წევრები უპირატესობას 3 ძირითად კრიტერიუმს ანიჭებენ: აქვს თუ არა ადამიანს ხედვა, შეუძლია თუ არა ჩანაფიქრის რეალობაში განხორციელება და შეძლებს თუ არა საკუთარი საქმიანობით კვალის დატოვებას. მას შემდეგ, რაც დავით საყვარელიძე და სოხუმის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანუკი კვინიკაძე გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ისინი სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო სოხუმის თეატრთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. სოხუმის თეატრის ისტორიიდან მთელი მსოფლიოს თეატრებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება. ეს არა მხოლოდ სენსიტიური, არამედ მნიშვნელოვანი საკითხია. სოხუმის თეატრი ეს არ არის მხოლოდ „გადარჩენილი“ თეატრის ისტორია, არამედ ადგილი, სადაც ჰუმანურობასა და ადამიანობას ვპოულობთ და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ამიერიდან ყველა ჩვენს პლატფორმასა და კავშირებს გამოვიყენებთ, რათა მსოფლიოს სოხუმის თეატრის არსებობის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ გავაგებინოთ.”

ოქტავიან საიუ

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ისტორიის მქონე კულტურული დაწესებულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ინოვაციების, მხატვრული ხარისხისა და კულტურული დიალოგის ცენტრშია, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. 2025 წელს თეატრს 140 წელი უსრულდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად აფხაზეთის დატოვება დასის წევრებსაც მოუწიათ. თავდაპირველად დასი რუსთაველის თეატრმა შეიფარა. შემდეგ ჯგუფი წარმოდგენებს მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, ახმეტელისა და თავისუფალ თეატრებში მართავდა. მოგვიანებით კი, 2016 წელს, სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა გადაეცა. 2014 წლიდან თეატრს რეჟისორი დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

შემდეგი სტატია

ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 23 სექტემბერი, ნიუ-იორკი. დრიუ გურიანი

გრემის მფლობელი პროდიუსერი და მუსიკოსი ქუინსი ჯონსი 91 წლის ასაკში გარდაცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი