ჯიმი კარტერი, მიწის თხილის ფერმერი, რომელიც უოტერგეიტის სკანდალისა და ვიეტნამის ომის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და ერთი და საკმაოდ ტურბულენტური ვადის შემდეგ დამარცხდა, გარდაიცვალა. ის 100 წლის იყო.
ამერიკის ყველაზე დღეგრძელი პრეზიდენტი და ასევე პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი გრემი დაიმსახურა (სამი – აუდიოწიგნებისთვისა და სიტყვით გამოსვლების ჩანაწერებისთვის), 29 დეკემბერს გარდაიცვალა. განცხადება კარტერის ცენტრმა გაავრცელა:
„ჩვენი დამფუძნებელი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ამ შუადღეს პლეინზში, ჯორჯიაში გარდაცვალა.” განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები ყოფილმა პრეზიდენტმა მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.
კარტერის გარდაცვალებას მსოფლიოს მასშტაბით გამოეხმაურნენ. მათ შორის იყო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც კარტერს გამორჩეული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და ჰუმანიტარი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი სახით ძვირფასი მეგობარი დაკარგა.
„მივმართავ ამ ერის ახალგაზრდებს და ყველას, ვისაც სურს, გაიგოს, თუ რას ნიშნავს მიზნისა და მნიშვნელობის მატარებელი ცხოვრება: შეისწავლეთ ჯიმი კარტერი – პრინციპების, რწმენისა და თავმდაბლობის განსახიერება,” – ამბობს ბაიდენი გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მუსიკალური საზოგადოებიდანაც. პიტერ გაბრიელი, ტრიშა იერვუდი და ქანთრი მუსიკის აკადემია მათ შორის არიან, ვინც თანაგრძნობის განცხადებები გაავრცელეს.
ბიზნესმენი, საზღვაო ოფიცერი, ევანგელისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, ავტორი და მსოფლიო მოქალაქე: ჯიმი კარტერმა ის გზა გაკვალა, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება და რომელიც მას გამოარჩევს იმ 45 კაციდან, ვინც აშშ-ის უმაღლესი ხელისუფალის ტიტულს მიაღწია.
„ჩემი რწმენა მთხოვს – ეს არ არის არჩევითი – ჩემი რწმენა მთხოვს, რომ გავაკეთო, რაც შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, როცა კი შემიძლია, სადამდეც შემიძლია და რითაც შემიძლია – უნდა ვეცადო, რომ რაღაც შევცვალო,” – თქვა მან ერთხელ.
კარტერი საპრეზიდენტო კამპანიაში 1976 წელს ჩაერთო. მაშინ ჯერ კიდევ ჯორჯიის შტატის უცნობი დემოკრატი გუბერნატორი იყო ფართო ღიმილით. მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენებას ატლანტის გაზეთი ასეთი სათაურითაც კი გამოეხმაურა: „ჯიმი ვინ?”
კარტერის დაპირება იყო, რომ ამერიკელ ხალხს არ მოატყუებდა, რითაც ის ეხმაურებოდა რიჩარდ ნიქსონის საქმესა და აშშ-ის დამარცხებას სამხრეთ აზიაში.
„თუ ოდესმე მოგატყუებთ, თუ ოდესმე მცდარ განცხადებას გავაკეთებ, ხმა არ მომცეთ. ესე იგი, მე არ ვიმსახურებ, თქვენი პრეზიდენტი ვიყო,” – იმეორებდა კარტერი რესპუბლიკელების პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის პირისპირ, რომელმაც პოპულარობა დაკარგა, ნიქსონის შეწყალების გამო.
კარტერს ქვეყნის მეთაურობა ცივი ომის, ტურბულენტური ნავთობბაზრების, რასიზმზე სოციალური ცვლილებების, ქალთა უფლებებისა და ამერიკის გლობალური როლის განმტკიცების წნეხის ქვეშ მოუწია. მისი მთავარი მიღწევა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის შეთანხმება იყო ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს მენახემ ბეგინს შორის. თუმცა ორნიშნულიანი ინფლაცია, საწვავის რიგები და 444-დღიანი მძევლების კრიზისი ირანში, რომლის კულმინაციაც რვა ამერიკელის სიკვდილი გახდა 1980 წლის მძევლების დახსნის ოპერაციაში, კარტერი რესპუბლიკელების კანდიდატ რონალდ რეიგანთან დამარცხებამდე მიიყვანა.
არჩევნებში დამარცხებამ ყოფილ პრეზიდენტს ახალი ცხოვრება მოუტანა. 56 წლის კარტერი ჯორჯიაში დაბრუნდა. „წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მომეხერხებინა დარჩენილი ცხოვრებისთვის,” – ამბობდა ის. თუმცა 1982 წელს მან კარტერის ცენტრი დააფუძნა და საკუთარი როლი მშვიდობისმყოფელობაში, დემოკრატიის განმტკიცებაში, საყოველთაო ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებებზე ზრუნვაში იპოვა.
2002 წელს კარტერს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა „მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის, ეპოვა მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო კონფლიქტებისთვის, ასევე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის.”
„ვფიქრობდი, რომ როცა პოლიტიკაში მოვედით, ყველაფერს მოვაგვარებდით,” – უთხრა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა AP-ის 2021 წელს. „მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ხანგრძლივი და ვერაგული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ახლა უფრო მეტად დაყოფილია, ვიდრე წინა წლებში.”
კარტერის ცენტრის დაარსებიდან 40 წლის შემდეგაც ის ჯერ კიდევ დაუსრულებელ საქმეებზე საუბრობდა. და მაინც, ჯიმი კარტერის განვლილი გზა ამტკიცებს თავისსავე სიტყვებს, რომლებიც ცხოვრების მეათე ათწლეულში თქვა – მაშინ, როცა სიმსივნის მკურნალობას გადიოდა.
„მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მელოდეს წინ,” – ამბობდა ის 2015 წელს. „შესანიშნავი ცხოვრება მქონდა. ათასობით მეგობარი მყავდა და ჩემი არსებობა გასაოცარი, თავგადასავლებით სავსე და სასიამოვნო იყო.”