კანიე უესტმა, როგორც ჩანს, სოციალური ქსელი X-ის ანგარიშის გაუქმება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში, უესტი ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
ამერიკული მედიაგამოცემა KTLA-ს ცნობით, უესტმა კვირას, გვიან ღამით უკანასკნელი პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც Super Bowl-ის დროს Yeezy-ის ბრენდის რეკლამა წარადგინა. უესტმა გამომწერებს აცნობა, რომ სოციალურ ქსელს ტოვებს. რეპერმა X-ის მფლობელ ილონ მასკს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა შვება აგრძნობინა. ამ დროისთვის უცნობია, თავად უესტმა გადაწყვიტა X-ის დატოვება, თუ მისი ანგარიში დაიბლოკა. არტისტის წარმომადგენლებს Billboard-თან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
YE-მ სოციალური ქსელის დატოვებამდე კიდევ ერთხელ გამოიწვია ტეილორ სვიფტი, რომელიც Super Bowl-ზე თავისი მეგობარი მამაკაცის, Kansas City Chiefs-ის მოთამაშე ტრევის კელსის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. „თუ საქმე კულტურას ეხება… რატომ ვუშვებთ, რომ ტეილორ სვიფტი სატელევიზიო ეთერში ასრულებდეს სიმღერას, რომელიც შავკანიანი მამაკაცის განადგურებაზეა?“ – დაწერა ვესტმა ერთ-ერთ პოსტში.
შემდეგ უესტი კენდრიკ ლამარსაც შეეხო და კიდევ ერთხელ გაავრცელა ანტისემიტური განცხადება: „კენდრიკს ეს თეთრკანიანი ხალხი და ებრაელები იყენებენ, ისევე როგორც – მე,“ – აღნიშნა ვესტმა. მანამდე კი, მხარი დაუჭირა შონ კომბსს (Diddy), რომელიც რეკეტის, ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობისა და პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით სასამართლო პროცესს ელოდება. „დონალდ ტრამპ, გთხოვ, გაათავისუფლე ჩემი ძმა Diddy,“ – დაწერა კანიე უესტმა. YE-ს პოსტები ასევე მოიცავდა თავდასხმას ებრაელებზე, სარკაზმულ გზავნილებს შშმ პირების მიმართ, ჰომოფობიურ განცხადებებს და ადოლფ ჰიტლერის ღიად მხარდაჭერას: „მე მიყვარს ჰიტლერი,“ – დაწერა უესტმა. შემდეგ კი კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა: „მე ნაცისტი ვარ.“
ამ განცხადებების გამო ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიგის (ADL) აღმასრულებელმა დირექტორმა ღიად გამოხატა აღშფოთება: „კიდევ ერთი უკიდურესად ანტისემიტური, რასისტული და მიზოგინისტური საქციელი Ye-სგან პლატფორმა X-ზე. სულ რამდენიმე წლის წინ ADL-მა დაადგინა, რომ 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 30 ანტისემიტური ინციდენტი კანიე უესტის განცხადებებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვგმობთ ამ საშიშ ქმედებას. ეს ყველაფერი ზუსტად ისე უნდა მოვიხსენიოთ, როგორც არის – სიძულვილის აშკარა და დაუფარავი გამოხატულება.“
უესტმა კომენტარი გააკეთა ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს ნაცისტური მისალმების მსგავსი ჟესტის გამოყენებაზეც: „ილონ, შენ მოიპარე ჩემი ნაცისტური სტილი ინაუგურაციაზე,“ – დაწერა არტისტმა.
კენიე უესტი 2022 წლის ოქტომბერში X-დან (მაშინდელი Twitter) ანტისემიტური პოსტების გამო გააძევეს, თუმცა, ნოემბერში დროებით დაუბრუნეს. რამდენიმე კვირაში ისევ დაბლოკეს, რადგან მან სვასტიკისა და დავითის ვარსკვლავის შერწყმით შექმნილი სიმბოლო გამოაქვეყნა. მისი ანგარიში მასკმა რვა თვის შემდეგ აღადგინა.
უესტის პოსტების მოზღვავებამ ბევრი ადამიანი აღაშფოთა, მათ შორის, სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, დევიდ შვიმერი. მან X-ის მფლობელ ილონ მასკს საჯაროდ მოუწოდა, რომ Ye პლატფორმიდან დაებლოკა. „ჩვენ არ შეგვიძლია, ამ შეშლილი ფანატიკოსის სიძულვილით სავსე, უაზრო ბოდვა შევაჩეროთ, მაგრამ შეგვიძლია, მას ამის გავრცელების საშუალება აღარ მივცეთ, ბატონო მასკ”. – დაწერა შვიმერმა. – „კანიე უესტს X-ზე 32.7 მილიონი გამომწერი ჰყავს – ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად ებრაელთა რაოდენობა. მისი ავადმყოფური სიძულვილის რიტორიკა რეალურ ძალადობაში გადაიზრდება ებრაელების წინააღმდეგ.“
უესტმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასკმა მას გამოწერა გაუუქმა. „ილონმა გამოწერა გამიუქმა, ასე რომ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიქნები Twitter/X-ზე. თუ ჩემს ანგარიშს გათიშავენ, შეგიძლიათ მომძებნოთ“.
კანიეს განცხადებები თეთრკანიანმა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტმა ნიკ ფუენტესმაც გაიზიარა. პარალელურად, შაბათს, ოჰაიოს შტატის ცინცინატის გარეუბანში ნეონაცისტური ჯგუფი გამოვიდა, რომლებმაც გზატკეცილის ხიდთან სვასტიკიანი დროშები მიიტანეს.
უესტმა თავისი პოსტების კულმინაციად რამდენიმე პორნოგრაფიული კლიპი და პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც მომღერალ კასანდრა ვენტურას, შონ კომბსის ყოფილ პარტნიორს ეხებოდა. კესიმ, რომელსაც კომბსთან ათწლიანი ურთიერთობა ჰქონდა, სასამართლოში განაცხადა, რომ Diddy მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.
„როდესაც მამაკაცს ქალი ნამდვილად უყვარს, შესაძლოა, ეს გაბრაზებით გამოხატოს. მე ორივე მხარის მესმის,“ – დაწერა ვესტმა და თან დაურთო კადრი გახმაურებული ვიდეოდან, რომელშიც Diddy კასანდრა ვენტურაზე სასტუმროს დერეფანში ძალადობს. მოგვიანებით, YE-მ კიდევ ერთი პროვოკაციული და არაეთიკური კომენტარი გააკეთა: „თუ ვინმე საჯაროდ სცემს თავის შეყვარებულს, ეს ოჯახური ძალადობაა თუ უბრალოდ, საჯარო უხამსობა?… უბრალოდ მეგობრის გამო ვკითხულობ,“ – დაწერა უესტმა.
ამ მოვლენების პარალელურად, Yeezy-ის ონლაინ მაღაზიაში მხოლოდ ერთი ნივთი იყო გასაყიდად განთავსებული — თეთრი მაისური, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული. „როგორც ჩანს, კიდევ ერთი მტკიცებულება გვაქვს კანიე უესტის ანტისემიტური შეხედულებების შესახებ. მან თავის ვებ-გვერდზე მხოლოდ ერთი ნივთი განათავსა – სვასტიკიანი მაისური. ეს ნიშანი ჰიტლერმა ნაცისტური პარტიის სიმბოლოდ გამოიყენა და ის დღემდე შიშსა და ზიზღს გამოხატავს,“ – განაცხადა ADL-მა. „გარდა ამისა, მაისურს აქვს კოდი HH-01, რაც Heil Hitler-ის აბრევიატურაა.“