2025 წლის ოსკარის ცერემონიაზე ქუინ ლატიფა, ქუინსი ჯონსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წაიყვანს

„ქუინსი ის გზამკვლევია, რომელმაც ჩემი შესაძლებლობები რეალობად აქცია.” – განაცხადა ოსკარების მუსიკალურმა დირექტორმა მაიკლ ბირდენმა
ქუინ ლატიფა და ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 17 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი. Alberto E. Rodriguez/Getty Images
ქუინ ლატიფა და ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 17 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი. Alberto E. Rodriguez/Getty Images

ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ქუინ ლატიფა 2025 წლის ოსკარის ცერემონიაზე ქუინსი ჯონსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წაიყვანს. ცერემონია 2 მარტს, ჰოლივუდის დოლბი თეატრში გაიმართება.

ქუინ ლატიფა ქუინსი ჯონსის დიდი ხნის მეგობარი იყო, იგი ქუინსი ჯონსის 1995 წლის ალბომ Q’s Jook Joint-ში იღებდა მონაწილეობას, სადაც ორი ტრეკი აქვს შესრულებული. 

ინფორმაცია ამის შესახებ 26 თებერვალს, შემოქმედებით გუნდთან გამართულ პრესკონფერენციაზე, ოსკარის ცერემონიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა რაჯ კაპურმა, გააჟღერა.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რასაც წელს ვაკეთებთ, არის მუსიკალური შესრულება, რომელიც ქუინსი ჯონსს მიეძღვნება,“ — თქვა რაჯ კაპურმა, რომელიც უკვე მეორე წელია, შოუს თანააღმასრულებელი პროდიუსერია.

„ქუინსი ჯონსი გასულ წელს,  ჩვენი Governors Awards-ის ერთ-ერთი პრიზიორი იყო. წლევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება დავგეგმეთ, რომელიც, ვიმედოვნებთ,  მთელ დარბაზს შთააგონებს და მის სულს გააცოცხლებს. მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ამ გამოსვლის მონაწილე ქუინ ლატიფა იქნება. გვიყურეთ კვირას და ნახეთ თუ რა გვაქვს თქვენთვის მომზადებული. ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტია და ვფიქრობთ,  თავს ყველა აღმატებულად იგრძნობს.“

ქუინსი ჯონსი – პროდიუსერი და მუსიკოსი, 2024 წლის ნოემბერში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ოსკარის ისტორიაში არაერთხელ შევიდა. ის იყო პირველი შავკანიანი მუსიკოსი, რომელიც ოსკარის ცერემონიის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა. 1967 წელს ქუინსი ჯონსი პირველი შავკანიანი კომპოზიტორი გახდა, რომელმაც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. დღემდე ის ერთადერთ შავკანიან კომპოზიტორად რჩება, რომელსაც მუსიკის კატეგორიებში სამი ნომინაცია აქვს მიღებული ფილმებისთვის:  In Cold Blood (1967), The Wiz (1978) და The Color Purple (1985).

სერიალ The Fresh Prince of Bel-Air-ში მონაწილე უილ სმიტი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ქუინსი ჯონსი იყო, შესაძლოა, იდეალური კანდიდატი ყოფილიყო მუსიკოსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, თუმცა, მას შემდეგ რაც ოსკარის ცერემონიაზე 2023 წელს მისი მონაწილეობით ინციდენტი მოხდა, მას ოსკარის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს.  მიუხედავად ამისა, სმიტი ქუინსი ჯონსისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 2 თებერვალს, გრემის ცერემონიაზე იღებდა მონაწილეობას, სადაც მან ქუინსისთან თანამშრომლობის მოგონებები გააზიარა.

Zoom-ით ჩატარებულ კონფერენციაზე ოსკარის წლევანდელმა მუსიკალურმა დირექტორმა, მაიკლ ბირდენმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სწორედ ქუინსი ჯონსის გაკვალულ გზას მიჰყვებოდა: „მე ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილიდან ვარ. ქუინსი ჯონსიც სწორედ იქიდან იყო წარმოშობით. შემდეგ ის ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გადავიდა და მეც მის კვალს მივყევი.  ქუინსი ჯონსი მართლაც იყო მისაბაძი ადამიანი, რომლის მიხედვითაც მე ჩემი კარიერა ავაწყვე. გამიმართლა, რომ მის გვერდით ყოფნის და მისი რჩევების მოსმენის შესაძლებლობა მქონდა. მან ყველას გაუწია მენტორობა. მისი მზრუნველი ხელი წლების განმავლობაში ძალიან დამეხმარა, მასთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებულია.“

ოკსარის დაჯილდოების ფროდაქშენ დიზაინერმა ალანა ბილინგსლიმ განაცხადა, რომ წლევანდელ შოუში ორკესტრს განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება. „ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რამ ის არის, რომ მთელი ცერემონიის განმავლობაში სცენაზე ორკესტრი იქნება წარმოდგენილი. ჩვენ მათ ცენტრალური ადგილი დავუთმეთ და მაყურებელი მთელი საღამოს განმავლობაში იხილავს.“

ვარაუდობენ, რომ არიანა გრანდე და სინთია ერივო ოსკარების ცერემონიალს გახსნიან. ასევე იქნებიან სხვა მუსიკალური შემსრულებლები:  Doja Cat, Raye,  BLACKPINK-ის წევრი LISA. 97-ე ოსკარების ცერემონიალზე ლოს-ანჯელესის პროფესიული მუსიკალური გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. 

„წელს განსაკუთრებული მომენტებია დაგეგმილი, რომლებიც მუსიკას დღესასწაულად აქცევს. ეს არის კინოს გამორჩეული ნამუშევრებისა და ლეგენდების, მათ შორის ქუინსი ჯონსის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.  წლევანდელი მუსიკალური ნომრები განსაკუთრებული კრიტერიუმებით არის შერჩეული, ისინი არა მხოლოდ წლევანდელ კინოს ეხმიანებიან, არამედ ლეგენდებსაც.” – აღნიშნა რაჯ კაპურმა კონფერენციაზე.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ რაჯ კაპურმა შოუს დეტალები ბოლომდე არ გაამხილა: „ჩვენ გვიყვარს სიურპრიზები. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ უკვე ცნობილ წამყვანებსა და შემსრულებლებს კიდევ დაემატება რამდენიმე გამორჩეული სახელი. ასევე, ველით მოწვეულ  სტუმრებს, რომელთა ვინაობაც წინასწარ გაჟღერდება, ამიტომ, თვალყური გვადევნეთ და ნახავთ, რომ საღამო  მოულოდნელობებით იქნება სავსე.“

წელს ოსკარის ცერემონიას პირველად კონან ო’ბრაიენი წაიყვანს, რომელმაც კონფერენციაზე იხუმრა კიდეც:  „ამ ბიზნესში მთელი ხრიკი ის არის, რომ ხალხი დაარწმუნო შოუს უყურონ და უთხრა მათ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მთელი შეცდომა კი სწორედ ეს გახლავთ, მე  ყოველთვის ვამბობდი თუ რას გავაკეთებდი, და შემდეგ არავინ მიყურებდა, მერე ვისწავლე რომ ყველაფერი არ უნდა მეთქვა.” 

„ბილი კრისტალს ვესაუბრე, რომელიც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო ოსკარების წამყვანი იყო.  ის ჩემთვის  ყოველთვის იქნება ნომერ პირველი. ასევე, პირველი ვისაც ვესაუბრე ჯიმი კიმელი და მისი მეუღლე მოლი იყო, რომლებიც ამ შოუსთან ასოცირდებიან.  ისინი ძალიან დამეხმარნენ,    მე შოუების შექმნის განსხვავებულ ეპოქაში გავიზარდე, სადაც ყველა შენი მეგობარი არ იყო, ასე უბრალოდ ვინმეს ტელეფონზე ვერ დაუკავშირდებოდი და რჩევას ვერ კითხავდი. ეს კი სულ სხვა ეპოქაა, სადაც ადამიანები ერთიანდებიან და ერთმანეთს ეხმარებიან. ეს ჩემთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.” – განაცხადა კონან ო’ბრაიენმა.

რაჯ კაპურის თქმით წლევანდელ ღონისძიებაზე რამდენიმე მთავარი თემა ექნება: „ერთი  ის, რომ ჩვენ პატივს მივაგებთ ლოს-ანჯელესის ქალაქს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ კატასტროფით იმდენი ადამიანი დაზარალდა, რომ გვსურდა, ეს ცერემონიაზეც აღგვენიშნა.  გვსურს, სცენაზე რამდენიმე ლამაზი მომენტი შევქმნათ,  რომელიც ამ შესანიშნავ ქალაქს მიეძღვნება. ღონისძიებაზე საქველმოქმედო ნაწილიც იქნება, სადაც სურვილის შემთხვევაში ყველას შეეძლება თანხის დაზარალებულთათვის გადარიცხვა.”

ჩემთვის ყოველთვის პატივია ამ შოუზე მუშაობა, ეს დიდი პრივილეგიაა. ჩემთვის აქ მუშაობის  მეცხრე წელია და ვფიქრობ, ეს გრძნობა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა.” – აღნიშნა შოუს პროდიუსერმა რაჯ კაპურმა.

ოსკარების ცერემონიის Zoom პრესკონფერენციას ასევე აღმასრულებელი პროდიუსერი კატი მულანი, თანაპროდიუსერი რობ პეინი, პროდიუსერი, მაიკ სვენი და მწერალი ჯონ მაკსიც ესწრებოდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი ახალ წიგნზე საუბრობს, სახელწოდებით Wings: The Story of a Band on the Run

შემდეგი სტატია

ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

შირლი მენსონი Garbage-ის ვოკალისტი, Mad Cool Festival, 2016 წლის 16 ივნისი, მადრიდი, ესპანეთი. ფოტო: ხუან აგუადო/Redferns

Garbage-მა ახალი ალბომი Let All That We Imagine Be the Light დააანონსა

„როცა ახალგაზრდა ვიყავი, უმეტესად ნგრევისკენ მქონდა მიდრეკილება. ახლა, უკვე მჯერა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაღაცის შენება და შექმნა.“ - ამბობს Garbage-ის ვოკალისტი შირლი მენსონი.
მეტი

პოლ მაკარტნი ახალ წიგნზე საუბრობს, სახელწოდებით Wings: The Story of a Band on the Run

„ძალიან ბედნიერი ვარ Wing-ის დროში დაბრუნებით და ამ წიგნის მეშვეობით ჩვენი გიჟური თავგადასავლების გაცოცხლებით,” - ამბობს მუსიკოსი.
მეტი

Tyler, The Creator მაღაზიის მფლობელს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენებისთვის უპირისპირდება 

რეპერს არაერთხელ უსაუბრია ფანების მიერ პირადი საზღვრების ხელყოფის შესახებ.
მეტი