2025 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გასართობი პროგრამა გახდა და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაყურებელთა უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. შოუ CBS-ის და MTV-ის ეთერით და Paramount+-ზე სტრიმინგით ერთდროულად 5.5 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა VMAs-ის ცერემონია CBS-ის ეთერში გავიდა. აღსანიშნავია, რომ CBS, რომელიც გრემის ცერემონიას 1973 წლიდან გადასცემს, მომავალი, 68-ე დაჯილდოების ტრანსლაციას აღარ განახორციელებს. 2024 წლის ოქტომბერში The Recording Academy-მ ახალი, 10-წლიანი გლობალური შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, 2027 წლიდან გრემი ექსკლუზიურად ABC-ზე, Hulu-სა და Disney+-ზე გადაიცემა.
VMAs-ს დაჯილდოების ცერემონიას LL COOL J უძღვებოდა, რომელიც 2022 წელს შოუს თანაწამყვანი იყო. მან ასევე ხუთჯერ წაიყვანა გრემის დაჯილდოება 2012-2016 წლებში.
2025 წლის VMAs-ის რეიტინგის ძირითადი მომენტები:
შოუ 5.5 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა, რამაც იგი N1 გასართობ პროგრამად აქცია. შოუ კონკურენციას უწევდა Sunday Night Football-ის სეზონის პრემიერას, რომელიც თავის პერიოდში მეორე ადგილზე გავიდა.
2019 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ნახვადი VMAs-ის ღონისძიება. მაშინ შოუ კომიკოსმა სებასტიან მანისკალკომ წაიყვანა, რაც პანდემიამდელი ბოლო შოუ აღმოჩნდა. პანდემიის შემდეგ კი მნიშვნელოვნად შეიცვალა ტელევიზიის აუდიტორიის ქცევა.
ღონისძიების გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით მაყურებელთა რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. 2024 წელს შოუ Megan Thee Stallion-მა წაიყვანა.
ეს იყო CBS-ზე ყველაზე რეიტინგული გასართობი სპეციალური შოუ, გრემის 2024 წლის 2 თებერვლის ტრანსლაციის შემდეგ.
წელს Paramount+-ზე შოუ პირდაპირი ტრანსლაციის მესამე უდიდესი გასართობი ღონისძიება გახდა, გრემის ცერემონიისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოების შემდეგ.
VMAs-ის ონლაინ ხმის მიცემის კამპანიამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ჯამში 2.5 მილიარდი გლობალური ხმა, რაც 121%-ით მეტია შარშანდელ აუდიტორიასთან შედარებით.
სოციალურ მედიაში 2025 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებამ ახალი რეკორდები დაამყარა, როგორც ყველაზე ნახვადი VMAs-შოუ ისტორიაში:
ერთი მილიარდი გლობალური ვიდეო ნახვა (+21%) და 81.1 მილიონი აუდიტორიის ჩართულობა (+6% წინა წელთან შედარებით).
ჰეშთეგი #VMAs აშშ-ში სამი საათის განმავლობაში X-ზე N1 ტრენდი იყო და ცხრა საათის განმავლობაში ტოპ-ათეულებში იყო შესული.
აღსანიშნავია ასევე კრიტიკოსების გამოხმაურებები, რომლებმაც საერთო ჯამში შოუ დადებითად შეაფასეს.
Billboard-ის წარმომადგენელმა ჯო ლინჩმა დაწერა: „LL COOL J-ის მიერ წაყვანილი 2025 წლის MTV მუსიკალური ვიდეოების დაჯილდეობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ოსტატურად იყო შერჩეული ახალი არტისტები, რომლებმაც სცენაზე თავიანთი მაქსიმუმი დადეს, ასევე აღსანიშნავია ვეტერანების შესრულებაც, რომლებმაც დაადასტურეს, თუ რატომ არიან კვლავ ამ ინდუსტრიაში.”
ლინჩმა განსაკუთრებით შეაქო პოპ მუსიკის ოთხი ყველაზე პოპულარული ქალი მომღერლის: ტეიტ მაკრეის, საბრინა კარპენტერის, Lady Gaga-ს და Doja Cat-ის შესრულება. ასევე ახსენა ოზი ოსბორნის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსი.
Billboard-ის წარმომადგენელმა ენდრიუ უნტერბერგერმა კი აღნიშნა, რომ შოუ ზოგადად შთამბეჭდავი იყო, თუმცა, მისი აზრით, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ძველ, ცნობილ არტისტებს და არა ახალ ვარსკვლავებს: “ახალი არტისტები გამოირჩეოდნენ, თუმცა მათზე ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული. უკვე ცნობილ არტისტებს დიდხანს ჰქონდათ სცენა დაკავებული. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ახალბედებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმოთ, რათა თავიანთი თავი სრულად წარმოეჩინათ. ეს თითქოს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო.” – აღნიშნა მან.
2025 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების პროდიუსერები Gunpowder&Sky იყვნენ. აღმასრულებელი პროდიუსერები კი ბრიუს გილმერი, Den of Thieves-ის თანადამფუძნებელი ჯესი იგნიატოვიჩი და ბარბ ბიალკოვსკი. ღონისძიების თანააღმასრულებელი პროდიუსერი ალისია პორტუგალი იყო. წარმოების აღმასრულებელი ხელმძღვანელი კი ჯასკი ბარბა.