იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი დავით საყვარელიძე წლების განმავლობაში სოხუმის დრამატულ თეატრში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა: ევროპული ფესტივალი ITO, „SIFTY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა), რეჟისორ ზურაბ კანდელაკის ნაწარმოების „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა; გასტროლი გერმანიაში – ბერლინის ITO (Into the Open) ფესტივალზე (დ. საყვარელიძის სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“). აგრეთვე, ბოლო ხუთი წელია, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ITI Georgia“ და სოხუმის თეატრი გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალ „თაობას“ ფარგლებში მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

ამჯერად საქართველოს ITI ცენტრის პრეზიდენტის, სოხუმის თეატრის დირექტორისა და რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორის ინიციატივით, 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის თემაზე შექმნილი პროექტი იქნება წარმოდგენილი.
„ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „გზა“ (277, 403), რეჟისორი კოტე ლიპარტელიანია. პროექტის პრემიერა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2024 წლის ზაფხულში შედგა, ხოლო ამჟამად ITI Georgia და სოხუმის თეატრი, მოწვეულ ახალგაზრდა რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, 25 სექტემბერს სპექტაკლს ყველა იმ ქართველ დევნილს მიუძღვნის, ვინც საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.
პროექტი აფხაზეთიდან დევნილების მიგრაციითაა ინსპირირებული (რუსეთის სამხედრო შემოჭრით 1993 წელს). იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჭუბერის უღელტეხილზე 250 კილომეტრიანი ურთულესი გზა გაიარეს, რომელსაც „გოლგოთის გზად“ მოიხსენიებენ.

პროექტის ფარგლებში ინტერვიუ ჩაიწერა ჯაბა ჯანაშიასთან, რომელიც 9 წლის ასაკში დევნილი საკუთარ დაბადების დღეზე გახდა. მას მშობლებთან და დასთან ერთად უღელტეხილის გადასალახად 13 დღე დასჭირდა. ინტერვიუზე და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა ფილმი, მუსიკა და პერფორმანსი.
წარმოდგენის პირველი ნაწილი მოიცავს არტისტების მსვლელობას თეატრამდე, რომელიც დარბაზის ეკრანზე, ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუსთან ერთად, ლაივ რეჟიმში იქნება ნაჩვენები, ხოლო პერფორმანსის მეორე ნაწილში მოქმედება უკვე თეატრის სცენაზე ვითარდება.

კოტე ლიპარტელიანი – რეჟისორი
„აფხაზეთის თემა, ჩემთვისაც ისევე მძიმე და ტრაგიკულია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. აფხაზეთიდან არ ვარ და არც ოჯახის რომელიმე წევრია, მაგრამ მეგობრები მყავს, ისტორიულადაც ბევრი რამ ვიცი და ამ დანაკარგს ძალიან განვიცდი, ისევე, როგორც ყველა ჩვენი ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანი.
ამ პროექტის შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც არტისტებს დევნილებთან შეხვედრა მოგვიწია. მას შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა გამეკეთებინა სპექტაკლი იმ ადამიანებზე, ვინც მათთვის ძვირფასი სახლი და ადგილი დატოვა…
მე, როგორც არტისტმა, რომელიც თავის სათქმელს ცეკვითა და მოძრაობით გამოხატავს, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჭუბერის, ე.წ. „გოლგოთის გზის“ თემა სწორედ ფიზიკური თეატრის მიმართულებით, ქორეოგრაფიული პერფორმანსით გადმომეცა.
ბევრ ადამიანს დავუკავშირდი, ვინც ეს გზა გამოიარა და ვთხოვე, ინტერვიუში თავისი პირადი ისტორია მოეთხრო, თუმცა, გონებაში დალუქული თემის „გახსნა“ მტკივნეულია, ამიტომ არავის სურდა, რაც ჩემთვის სავსებით გასაგებია. ბოლოს ჯაბა ჯანაშია აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელთან ერთი დუბლით ჩავწერეთ ის ისტორია, რომელიც სპექტაკლში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მანამდე რამდენჯერმე უსაუბრია, დიალოგს ემოციის გარეშე არ ჩაუვლია – ერთი-ორჯერ თვალზე ცრემლიც მოადგა.

რაც შეეხება სპექტაკლის მეორე ნაწილს, მასში მონაწილეობს 8 მსახიობი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტები. ჩვენი გუნდიდან უმრავლესობა მოძრაობის თეატრიდან მოვდივართ, სადაც მე, როგორც არტისტმა, დაახლოებით ექვსი წელი გავატარე.
პროექტის პრემიერა ვარშავაში 2024 წლის ზაფხულში შედგა. მაყურებელი ცრემლს ვერ იშრობდა და მათი რეაქციებიდან გამომდინარე, მეც თავს ძლივს ვიკავებდი.

25 სექტემბერს, სპექტაკლს „გზა“ (277, 403) ყველა იმ ქართველ დევნილს მივუძღვნით, ვინც 1993 წელს საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.”
ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ, ამ ბმულზეა შესაძლებელი.