სიჩუმის ხმა მუსიკაში

“ადამიანებს იზიდავთ დაბალი და მაღალი სიხშირეები, მთავარი კი ის არის, რაც მათ შორის ხდება. საშუალო სიხშირეები თუ არ გესმის, გამოდის, რომ ცუდად უსმენ მუსიკას, თუმცა, ამის აღმოჩენა ასაკთან ერთად მოდის, როგორც ჯაზის სიყვარული.”
დავით გულარაშვილი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
დავით გულარაშვილი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მუსიკასა და სიჩუმეს შორის საზღვრების დეკონსტრუქცია დაიწყო და მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა იდეას, რომ ბგერა არის თავისთავადი, ყოველი ბგერა მუსიკაა, ხოლო სიჩუმე — მისი ნაწილი.
კეიჯი ამტკიცებდა, რომ  სიჩუმე სივრცითი განსაზღვრებაა და მოიცავს ყველა არსებულ ბგერას, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, ეს კი მუსიკალურ სამყაროში ახალ განზომილებას ქმნიდა, რომელიც ცოცხალ, არამუსიკალურ ბგერებსაც გულისხმობს: 

“ფიქრობენ, რომ უბრალო ბგერა უსარგებლოა, მაშინ, როცა მე მიყვარს ბგერები ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან და არაფერს ამაზე მეტს მათგან არ ვითხოვ. არ მჭირდება მათი ფსიქოლოგიური აღქმა.
ბგერა, როგორც გამოცდილება, რომელიც ყველა სხვა ხმას მირჩევნია, არის სიჩუმის გამოცდილება. თუ უსმენ მოცარტს ან ბეთჰოვენს, ხვდები, რომ ყოველთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ თუ ქუჩის ხმაურს მოუსმენ, ის ყოველთვის სხვადასხვა იქნება.”

1980-იან წლებამდე ხმის ჩაწერა მასიურად მხოლოდ ანალოგური ფორმატით ხდებოდა.
1979 წლის 8 მარტს Sony-მ და Philips-მა წარმოადგინეს პირველი ციფრული მატარებელი – აუდიო კომპაქტ-დისკის ერთიანი პროტოტიპი და ამ დღიდან თითქოს სამყარომ მიაგნო რაღაც ფორმულას, ხმა დაშალა მთავარ და განყენებულ ბგერებად,  გადაარჩია მთელი ნაწილაკები, მერე წერტილებად აქცია და უზუსტესი თანრიგით ციფრებში გადაზიდა. 

დავით გულარაშვილი
დავით გულარაშვილი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

დღეს ჩვენ სწორედ ასეთ ხმას “ვუკვეთავთ” – გამჭვირვალეს, უნაკლოს, უცვეთს, უდანაკარგოს… და ამ ყველაფრის ფონზე არიან ადამიანები, ვისი მეხსიერებაც სათუთად ინახავს იმ ბგერებს, შალის ქსოვილში გახვეულ ფერად ბურთებს და ცდილობენ, არ დაუწიონ სამყაროს ყველაზე დიად და იდუმალ ხმას – სიჩუმის ხმას. 

ხმაურზე, სიჩუმესა და მუსიკაზე “ბილბორდ საქართველოს” დავით გულარაშვილი ესაუბრა. სკოლის შენობის სახურავზე მოწყობილ სტუდიაში, რომელიც დროის მანქანას უფრო მოგაგონებთ, ცოცხალი ბგერები ბინადრობენ. მისი კარი ღიაა მელომანებისთვის, პროფესიონალი თუ დამწყები მუსიკოსებისთვის, კოლექციონერებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერებასთან ერთად მუსიკის პირველად მოსმენის ბედნიერებაც ხომ არსებობს, ოღონდ სხვანაირად მოსმენის, მაგალითად, ასე: 

დავით გულარაშვილი: “1974 წელს დეიდაჩემმა პატარა კასეტის მაგნიტოფონი მაჩუქა. ეზოში რომ ჩავედი მაგნიტოფონით ხელში, რომელიც სიმღერებს უკრავდა, გაოგნებულები მიყურებდნენ, რომ ეს რა მაგარი რამეა! ეს იყო ჩემი პირველი “მოწამლვა”. 16-17 წელია, რაც სერიოზულად დავიწყე კოლექციონერობა. ყველამ ვიცით, რომ საოცარი აპარატურა იყიდება გერმანიაში, იაპონიაში, ა.შ. არ ველოდი, რომ თბილისში შეიძლება რამე მოიძებნოს, თუმცა  აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან ბევრად უკეთესი ტექნიკა ინახება, ვიდრე მაგ. სომხეთში, აზერბაიჯანში. არც არის გასაკვირი, ჩვენ მუსიკის სიყვარული გენში გვაქვს.”

აუდიოფილია – მუსიკიდან ბგერამდე


დღემდე ვთვლი, რომ პირველი შეცდომა არის აუდიოფილობა, რაც გულისხმობს სწრაფვას, მიიღო იდეალური ხმა აპარატურიდან და ეს არასდროს მთავრდება. ერთხელ სახლში ჩავრთე რადიო, აქ ხომ იდეალურ ხმებზე საუბარი ზედმეტია, უცებ ისმის ჩემი ბავშვობის მუსიკა, რომელიც ძალიან მომწონდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ უკრავდა. არ მინდოდა, გამეწყვიტა. ვიფიქრე, მოვუსმენ, მერე გადავახვევ და აპლიკაციით გავიგებ, რა ჯგუფია. მერე გავიაზრე, რომ რადიოა, რას გადაახვევ? მაშინ მივხვდი, რომ მანამდე მარტო ხმას ვუსმენდი, მუსიკა არ მაინტერესებდა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რა არის ხმა, რისგან შედგება, რა გზებით გადაიცემა. საბოლოო ჯამში, მაინც ყველამ  ისე უნდა უსმინოს მუსიკას, როგორც ესიამოვნება.
აუდიოფილური მოსმენა ხდება სპეციალურად მოწყობილ დარბაზებში, მუშავდება იატაკი, კედლები. ჩვენ გვინდა, მივიღოთ საუკეთესო ჟღერადობა ჩვენს სახლში. ეს შეუძლებელია. ნებისმიერი კუთხე ჩვენს ოთახში უკვე ხარვეზია, თითოეული საგანი ბგერას ირეკლავს და უკან აბრუნებს.  ბგერა ნული დეციბელიდან ადის ზევით, 120 დეციბელზე ყურის დაფის აპკი სკდება. არც ნული დეციბელია იდეალური სიჩუმე.  არსებობს მინუს დეციბელიანი სტუდიები, ოღონდ ასეთ ოთახებში ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ჩერდებიან. იმდენად დახშულია სივრცე, რომ შენი ლაპარაკი, გულისცემა, სისხლის მიმოქცევა, სახსრების მოძრაობის ხმა გესმის. როცა ხმაზეა საუბარი, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რაც ჩვენს გარშემოა. 

ინფორმაციის მატარებლები 

“არსებობს ინფორმაციის რამდენიმე მატარებელი, ეს არის კოჭა, იგივე “ბაბინები”, ვინილი, კასეტა, მერე მოდის ციფრული მატარებლები. ჯგუფები ჩანაწერებს ძირითადად მაგნიტურ ფირზე აკეთებდნენ, მერე გადასცემდნენ ქარხანას, ის ამზადებდა ერთ შაბლონს და იბეჭდებოდა ვინილის სახით. ფიზიკურად შეუძლებელია, დაბეჭდილი სჯობდეს ორიგინალს. თუ იკითხავთ, რომელია ყველაზე კარგი ხმა, ეს არის მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი. როცა პირველი ციფრული ჩანაწერი გააკეთეს და მოუსმინეს, ყველამ თქვა, რომ ამას მეორედ აღარ ჩართავდნენ – შეუძლებელი იყო მოსმენა. მერე ჩანაწერს დაადეს ე.წ. “ვარდისფერი ხმაური” და ყველა აღფრთოვანდა. საქმე იმაშია, რომ მათ ვერ გაუძლეს აბსოლუტურ სიჩუმეს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც იდეალური არაფერია. გვგონია, რომ სიჩუმეს ვუსმენთ, რაც შეუძლებელია. ჩვენ არასდროს გვაქვს ნული დეციბელიც კი. 

ციფრული VS ანალოგური ხმა

ხშირად კამათობენ, რომელი ხმა ჯობია, ციფრული თუ ანალოგური? ყველას მოსწონს ანალოგური, რაც გასაგებია, ფირი გამოსცემს ხახუნის ხმას, რაც ადამიანის ყურისთვის ძალიან ბუნებრივია, ციფრულის აღქმა უჭირს, რადგან მეტისმეტად სუფთაა, აქ სინუსოიდური ტალღა კუთხოვანია და მკვეთრი, ანალოგურის შემთხვევაში – ტალღოვანი და რბილი. 

ციფრული ხმის ყველაზე დიდი მინუსია, რომ თუ ცუდი ხარისხის CD-ია, მჭახე ხმა ისმის. არსებობდა მინი დისკები, რომლებიც ძალიან რბილ ხმას გამოსცემდა, თუმცა, არასდროს ფუჭდება, ამიტომ კომერიციულად წამგებიანი აღმოჩნდა და მისი გამოყენება შეწყდა. იყო ასევე დატები, რომლებშიც მოთავსებული იყო მაგნიტური ლენტა, მაგრამ იწერდა ციფრულად, ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფორმატად ითვლებოდა, მაგრამ მათი წარმოებაც შეჩერდა, რადგან ძალიან რთული მექანიზმია და კომერციულმა ფაქტორებმაც ითამაშეს გარკვეული როლი.
80-იანების ბოლოს, როცა შემოვიდა CD, ყველაფერი გაქრა. “ბაბინაც”, კასეტაც, ვინილებს ვყრიდით, ვთვლიდით, რომ არაფერში გამოგვადგებოდა. ასე შეიცვალა ხმა, თუმცა ვინილების ეპოქა ნაწილობრივ დაბრუნდა, ისეც კი ხდება, რომ ციფრული ჩანაწერები გადააქვთ კოჭაზე და შემდეგ ისევ აციფრულებენ – ეს არის ყველაზე ბუნებრივი ხმაური, რაც კი ბუნებაში არსებობს და ამიტომაც, მოსმენის დროს სიამოვნებას იღებ. 

დავით გულარაშვილი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
დავით გულარაშვილი – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ყურსასმენები

არსებობს ორი სახის ყურსასმენები, დახურული და ღია. ახალი თაობის ყურსასმენები, ანუ უმეტესად დახურული ტიპის, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ყურს. ღია ტიპის ყურსასმენებში ხმის გარკვეული ნაწილი გამოდის გარეთ და მთლიანი დარტყმა არ ხდება ყურის აპკზე, დახურულის შემთხვევაში დაბალი სიხშირის ყველა ბგერა შედის ყურში. რადგან ახალგაზრდა ხარ და იტან, არ ნიშნავს, რომ კარგია, ბოლოს მაინც ექნება ცუდი რეზულტატი. თუმცა ყურსასმენიდან ვიღებთ ბევრად უფრო სწორ ხმას, ვიდრე დინამიკიდან. ადამიანებს იზიდავთ დაბალი და მაღალი სიხშირეები, მთავარი კი ის არის, რაც მათ შორის ხდება. საშუალო სიხშირეები თუ არ გესმის, გამოდის, რომ ცუდად უსმენ მუსიკას, თუმცა, ამის აღმოჩენა ასაკთან ერთად მოდის, როგორც ჯაზის სიყვარული.
ერთხელ აქ ბავშვები მოვიყვანე და ჩავურთე მუსიკა. რამდენიმე წუთი გატრუნულები ისხდნენ, მერე მითხრეს, რომ არასდროს მოუვიდოდათ აზრად, კონკრეტულად ეს მუსიკა სხვაგან თავიანთი ნებით ჩაერთოთ და მოესმინათ. ამდენად მნიშვნელოვანია ჟღერადობა. 

პირადი კოლექცია

პირველი revox-ის აპარატი როცა ვიყიდე და გავხსენი, დავხედე და ვთქვი, რომ ამის შემქმნელი გენიოსია. ეს იყო შტუდერი და აკეთებდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერებს. იმდენად ჭკვიანურად ჰქონდა გაკეთებული, თუ გაგიფუჭდებოდა, იყიდდი ნაწილებს, დაშლიდი და ხუთ წუთში თვითონ ააწყობდი. ყველა პლატას ზედ აწერია, რა ფუნქციას ასრულებს. თუ შეგეშალა, უბრალოდ ვერ შეაერთებ. ხელოსანი არ გჭირდება. ჩვენ გვეგონა, რომ Akai საუკეთესოა, თურმე ვცდებოდით.
ჩემთვის ნომერ პირველი არის Pioneer-ი. ერთხელ, უფულობის გამო გავყიდე აპარატურა, რომელზეც ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში არ გავყიდდი. მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ჩემი შვილიშვილები, ამათ გავყიდი, უკეთესს ვიყიდი. ასე შემომელია ყველაფერი.
მაქვს Grundig-ის რადიო, სატელიტი, ძალიან ძველი და საინტერესო მოდელი. მაქვს Akai-ს ძალიან იშვიათი ხმის გამაძლიერებელი და ITT-ის რადიო, Gem p3000, რომელიც ოცნებად აქვთ კოლექციონერებს, Accuphase-ები, Onkyo, Legacy-ს high-end კლასის დინამიკები, Grand-ის გამაძლიერებლები და ა.შ. თუმცა, ბოლო დროს ვცდილობ, ყველაფერს ადვილად შეველიო, გარდა ერთი-ორი მათგანისა, რომლებსაც ვერასდროს დავთმობ. აპარატს რომ აღვადგენ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ერთი სიცოცხლე გადავარჩინე და უზომოდ ბედნიერი ვარ, წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ისინი, ვინც ადამიანს იხსნიან სიკვდილისგან. მე ვცდილობ, ყველაფერი აღვადგინო ქარხნულად, დავუბრუნო თავდაპირველი სახე და მერე… მერე ისტორია გრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-ს მსმენელები ფიქრობენ, რომ რეპერის ახალი ალბომის გამოცემის თარიღის შესახებ მინიშნება აღმოაჩინეს

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი