თბილისის ჯაზკულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში, Tatuza Jazz Club-ში 29 – 30 ნოემბერს ამერიკელი პიანისტის, აარონ პარკსის ტრიოს დებიუტი გაიმართა. ეს იყო ორი საღამო, რომელმაც კლუბის აუდიტორიას დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილება შესთავაზა. ღონისძიება „ისთერნ ფრომოუშენსის” მხარდაჭერით გაიმართა.
ტრიოს შემადგენლობაში იყვნენ: აარონ პარკსი – ფორტეპიანო, პეტერ ელდი – ბასი, გრეგ ჰაჩინსონი – დრამი.

აარონ პარკსი – ჯაზმუსიკოსი:
„უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ აღვნიშნავ, ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. პირველად ვსტუმრობ და საოცრად ლამაზი ქვეყანაა. დღეს მეგობრებთან ერთად დავათვალიერე ქალაქი, დავაგემოვნეთ ქართული კერძები და მოვიარეთ თბილისის ძველი უბნები, ასევე ვნახეთ მონუმენტი „საქართველოს მატიანე”, საოცრად შთამბეჭდავი იყო.
რაც შეეხება Tatuza Jazz Club-ს – ძალიან კარგი სივრცეა, დარბაზში სასიამოვნო აურაა და აკუსტიკაც შესანიშნავია. იგრძნობა, რომ აქ ადამიანებმა ნამდვილად იციან თავიანთი საქმე.“
აღსანიშნავია, რომ აარონ პარკსის ტრიოს ამ შემადგენლობამ პირველად Tatuza Jazz Club-ის სცენაზე გაიჟღერა:
„როგორც წესი, ამ ბენდის შემადგენლობით არ ვმართავ ხოლმე ტურნეებს. როდესაც კლუბისგან მოწვევა მივიღე, გადავწყვიტე, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და შევკრიბე ტრიო: ორი მუსიკოსი, რომელიც ძალიან მიყვარს – პეტერ ელდი და გრეგ ჰაჩინსონი. სწორედ Tatuza Jazz Club-ში შედგა ჩვენი ერთობლივი დებიუტი.”

„Billboard საქართველოს“ კითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა დამწყებ ქართველ ჯაზმუსიკოსებს, აარონ პარკსმა უპასუხა:
,,პირველი რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რაც მართლა მოსწონთ. რასაც აკეთებთ, დაუფარავად, მთელი გულით უნდა გიყვარდეთ, უნდა მოძებნოთ ის ჭეშმარიტი რამ, რისი კეთებაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ.
მეორე, რასაც ვურჩევდი, არის ის, რომ როცა ამ ყველაფერს იპოვით, გაარკვიეთ, ვის უყვარდა ის, რაც თქვენც გხიბლავთ. თუ რომელიმე თანამედროვე მუსიკოსი მოგწონთ, გამოიკვლიეთ, ვინ იყვნენ მათი გმირები, ვის უსმენდნენ, საიდან იღებდნენ შთაგონებას, ჩადით სიღრმეში და იპოვეთ ამ ყველაფრის ფესვები. ეს ძალიან საინტერესოა და საბოლოოდ სრული პროცესის დანახვას, ისტორიის აღქმას და მის გადააზრებას ემსახურება.”

აარონ პარკსის ტრიოს მსგავსი კონცერტები საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ Tatuza Jazz Club საერთაშორისო ჯაზის პლატფორმად და თბილისის სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი არტისტები ხვდებიან, იზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას და ქმნიან ახალ სივრცეს შემოქმედებით თანამშრომლობისთვის.