პოლ მაკარტნი რეჟისორ რობ რეინერის გარდაცვალებას გამოეხმაურა

რეინერი და მისი მეუღლე 15 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნი რეჟისორ რობ რეინერისა და მისი მეუღლის მოულოდნელ და ტრაგიკულ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

რობ რეინერისა და პროდიუსერ მიქელე სინგერ რეინერის ცხედრები ლოს-ანჯელესში, მათსავე სახლში აღმოაჩინეს. ამ ამბიდან ერთი დღის შემდეგ, მაკარტნიმ ინსტაგრამზე გააზიარა ფოტო, სადაც ის რეჟისორთან ერთად Spinal Tap II: The End Continues-ის გადასაღებ მოედანზეა აღბეჭდილი. „რობ რეინერისა და მისი მეუღლის, მიქელეს, გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა,“ – დაწერა მაკარტნიმ, რომელიც 2025 წელს რეინერის მიერ გადაღებულ Spinal Tap-ის გაგრძელებაში გამოჩნდა.

„ეს მრავალმხრივ შოკისმომგვრელია, ჩემთვის კი განსაკუთრებით, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვმუშაობდი. საოცრად პოზიტიური და საყვარელი ადამიანი იყო. ცხოვრება ხშირად უსამართლოა და ეს ტრაგედია ამის ნათელი მაგალითია. მისი მამა, კარლ რეინერი გამორჩეული იუმორისტი იყო და რობმა ღირსეულად გააგრძელა მამის გზა – მან მრავალი შესანიშნავი ფილმი შექმნა. რობთან დაკავშირებული თბილი მოგონებები ყოველთვის ჩემთან დარჩება, ხოლო იმის გააზრება, რომ ის და მისი მეუღლე აღარ არიან, გულსატკენია. მადლობა მთელი იმ იუმორისთვის, რობ! მშვიდად განისვენე, სიყვარულით, პოლი,” – დაწერა პოლ მაკარტნიმ. 

რეინერი და მისი მეუღლე 15 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ სხეულებზე ჭრილობები აღენიშნებოდათ. Reuters-ის ცნობით, მოგვიანებით ცოლ-ქმრის 32 წლის ვაჟი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მას შემდეგ სოციალურ ქსელებში რეინერის მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან არაერთი გამოსათხოვარი პოსტი გავრცელდა. პარალელურად კი კრიტიკა მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტს, რომელმაც Truth Social-ზე ვარაუდი გამოთქვა, თითქოს რეჟისორის სიკვდილი „გონების დამანგრეველ დაავადებას – TRUMP DERANGEMENT SYNDROME-ს“ უკავშირდებოდა.

ტრამპის უხეშ განცხადებებს კრიტიკით გამოეხმაურა ჯეკ უაითიც. „ვერც ის და ვერც მისი მიმდევრები ვერ გაამართლებენ ამ საზიზღარ და საშინელ შეურაცხყოფას არტისტის მიმართ, რომელმაც მსოფლიოს ამდენი რამ მისცა,“ – დაწერა უაითმა ინსტაგრამზე. „ვიღაცის ტრაგიკული გარდაცვალების გამოყენება საკუთარი ფაშისტური, ავტორიტარული დღის წესრიგის გასაძლიერებლად ნარცისული ცოდვაა. სირცხვილი ტრამპს და ყველას, ვინც ამას ამართლებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში საზოგადოებას მოუწოდებს, იარაღის კონტროლის გამკაცრებისთვის ხმა აიმაღლონ

შემდეგი სტატია

Rolling Stones 2026 წლის დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ტურნეს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მერაია კერი 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ნომინირებას ეხმაურება

ჩარტების ლიდერი ვარსკვლავი განმარტავს, თუ რატომ ფიქრობს, რომ მისი მესამე ნომინაცია საბოლოოდ დიდების დარბაზში შესვლით დასრულდება.
მეტი

Billboard აფრიკის 2026 წლის მარტი/აპრილის გარეკანის ვარსკვლავი: MOLIY

10 მარტს Billboard აფრიკამ 2026 წლის მარტი/აპრილის ციფრული გარეკანი გამოსცა, რომლის მთავარი გმირიც განელ-ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი MOLIY-ა. 2020 წლის…
მეტი

ჩარლზ ბუკოვსკი და ტომ უეიტსი – პოეზია მუსიკაში და პირიქით

ტომ უეიტსს რომ არ ემღერა, ის აუცილებლად ჩარლზ ბუკოვსკი იქნებოდა და პირიქით, ბუკოვსკის ტექსტები თუ უნდა იმღერო, აუცილებლად უეიტსის ჩახლეჩილი ხმით.
მეტი

ნიკოლ კიდმანი პირველად საუბრობს კით ურბანთან დაშორებაზე

მსახიობმა ჟურნალ Variety-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ის ახლა ოჯახზეა ფოკუსირებული და ყოფილ მეუღლეზე არაფრის თქმას არ აპირებს.
მეტი