თუ Bedford Falls-ის კონცერტზე მოხვდებით, პირველი, რასაც შენიშნავთ, ეს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირია ბენდსა და აუდიტორიას შორის. მათი გამოსვლები ყოველთვის გამოირჩევა გაზიარებული ენერგიით, სადაც მსმენელი თავად ხდება კონცერტის ნაწილი – ბენდის მეხუთე წევრი, რომელიც ყველა სიმღერას კოლექტიურ შესრულებად აქცევს. მათი მუსიკა კი, რომელიც ჟანრობრივ საზღვრებს სცდება, სხვა გზას არ გიტოვებს, გარდა იმისა, რომ თავადაც აჰყვე.
Bedford Falls, რომლის შემადგენლობაშიც არიან დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექვოკალი) და მიგრო (ბასი), 2014 წელს დაარსდა და მალევე იქცა ქართული მუსიკალური სცენის წამყვან ძალად. ბენდის სახელწოდება მოდის ფრენკ კაპრას ფილმიდან „ცხოვრება მშვენიერია” (It’s a Wonderful Life), რომლის სიუჟეტიც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ქალაქის ყოველდღიურობას საზოგადოება, სიკეთე და ადამიანური ურთიერთობები აყალიბებს.
„სხვათა შორის, ინტერვიუმდე მოვიფიქრეთ, თუ რას გიპასუხებდით, როცა შეგვეკითხებოდი, რატომ Bedford Falls: ‘იმიტომ, რომ გვჯეროდა, რომ ‘სამყარო მშვენიერია,’” – ჰყვებიან სახელის შესახებ, რომლის დამახსოვრებაც მსმენელისთვის თავიდან ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა დღეს ის, პირველ როგში, სწორედ ბენდთან ასოცირდება და არა ფილმთან. „მიხოს განზრახ ვთხოვე, ფილმი ენახა, სანამ ამ სახელს გავუზიარებდი,” – ამბობს დათო. „მინდოდა, კონტექსტი სცოდნოდა, რომ მიმხვდარიყო იმ მნიშვნელობას, რაც მასში იდო.”
სახელმა დიდწილად განსაზღვრა ბენდის შემოქმედების საწყისი ეტაპი. ადრეული გამოცემები, როგორიცაა, მაგალითად „საზამთრო”, სწორედ სიმშვიდის, სითბოს და საშობაო განწყობის მატარებელი იყო. დღეს უკვე ბენდის მუსიკა მრავალფეროვანია, არ ჯდება ჟანრობრივ საზღვრებში და არღვევს ტრადიციულ წესებს. მღერიან ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად – და ფიქრობენ, რომ, კრეატიულობის მსგავსად, მუსიკას არ აქვს საზღვრები. და არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე მღერი, მუსიკა თავად არის უნივერსალური ენა.
კითხვაზე, თუ რომელი სიმღერები წარმოაჩენს Bedford Falls-ს ყველაზე კარგად, მათი პასუხებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მათი მუსიკა და თითოეული წევრი საკუთარ ვერსიას ასახელებს: „კინო”, Come, „აიდაჰო” და „კალიფსო”.
თუმცა ბენდის ყველა სიმღერას ერთი რამ აერთიანებს – უნიკალური კავშირი, რომელსაც მსმენელი მათთან ამყარებს. სწორედ ესაა იმის მიზეზიც, თუ რატომ წერს ბენდი მუსიკას სახლში და არა ხმისჩამწერ სტუდიებში. მათი თქმით, სახლის გარემო მათ რეალური სახის შენარჩუნებისა და დაუმუშავებელი ემოციების გადაცემის საშუალებას აძლევს, რაც შემდეგ ასეთ რეზონანსს ჰპოვებს აუდიტორიაში.
„გვიცდია პროფესიონალურ სტუდიებში ჩაწერაც, მაგრამ შედეგი არ მოგვეწონა. ხშირად უსულო გამოდის და არ ემთხვევა ჩვენს განწყობას. დიდი სტუდიების სტერილურ გარემოში, რთულია, იპოვო სწორი ჟღერადობა და განწყობა ჩვენი სიმღერებისთვის. ხოლო როცა ამ ყველაფერს შენს ბუნებრივ არეალში აკეთებ, ყველაფერი ბევრად უკეთ გამოდის. უბრალოდ შეიძლება გაიღვიძო, რაღაც იდეა მოგივიდეს და მაშინვე ჩაწერო.”
სანდრო: „თავიდან ლიცენზირებული ხმისჩამწერი პროგრამაც კი არ გვქონდა კომპიუტერში. ამის გამო, თუ მუშაობისას ეს პროგრამა დაიხურებოდა, ყველაფერს ვკარგავდით. იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, ელექტროენერგია გათიშულა და მორჩა, ყველაფერი დავკარგეთ. და ამ დემო ვერსიაზეა ჩაწერილი ისეთი სიმღერები, როგორებიცაა Dreamer Once და Thrill is Gone, რომელსაც იუთუბზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს.”
დათო: „გათენებამდე ვმუშაობდით ხოლმე, დაძინების გვეშინოდა, რადგან კომპიუტერი თუ ძილის რეჟიმში გადავიდოდა, მთელი შრომა წყალში გვეყრებოდა. დაახლოებით 2-3 წელი ამ რეჟიმში ვიმუშავეთ.”
მიგრო: „კი, თუმცა ყველაფერი, რაც მოხდა, საბოლოოდ კარგისთვის მოხდა და აქამდე სწორი გადაწყვეტილებებით მოვედით. სხვაგვარად დღეს აქ არ ვიქნებოდით.”
დაარსების დღიდან ბენდი განსაკუთრებით აქტიურია – მუდმივად განაგრძობს წინსვლას, გამოსცემს ახალ მუსიკას და მართავს კონცერტებს. გასულ წელს ევროპულ ტურნეში გაემგზავრნენ, რომლის ფარგლებშიც დაუკრეს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა მონტროს ჯაზფესტივალი შვეიცარიაში და ფიუჟენ ფესტივალი გერმანიაში. ასევე წარდგნენ ამსტერდამის ერთ-ერთ ცნობილ საკონცერტო დარბაზში Paradiso. სულ ახლახან კი ბენდმა ორი კონცერტი გამართა თბილისის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სადაც მსმენელს Bedford Falls-ის ცნობილი სიმღერების ახალი, გაორკესტრებული ვერსიები წარუდგინა.
ამჟამად ბენდი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება, სახელწოდებით LAZYBONES, რომლის გამოსვლაც 2026 წელსაა დაგეგმილი.
„ეს ალბომი ჩვენი ემოციური რეფლექსიაა გასულ წელზე, რომელიც გამოწვევებით სავსე იყო ყველასთვის. ახალი სიმღერები ეხება უიმედობის განცდას, აპათიასთან შეჭიდებას, გაქცევის სურვილს და ამავდროულად, ბნელ დროში იმედისა და სიყვარულის შენარჩუნებას. ეს თემები, შესაძლოა, ასე პირდაპირ არ არის ასახული ტექსტებსა თუ კონტექსტში, თუმცა ემოციურად ყველა ეს კრიზისი პირდაპირ აისახა ნამუშევრებში, რადგან სიმღერების უმეტესობა სწორედ იმ პერიოდში დაიწერა.
რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ალბომში შევა ახალი ჟღერადობა, რომელიც მსმენელისთვის ჯერ უცხოა, თუმცა, რა თქმა უნდა, დარჩება ჩვენი სავიზიტო მუსიკაც, რომელსაც კარგად იცნობენ და უყვართ.”
კითხვაზე, თუ რას უსმენენ თავად, ბენდის წევრების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავებული და ეკლექტურია. საუბარი დაიწყო ისეთი ბენდებით, როგორებიცაა Geese, Of Montreal, The Velvet Underground, Arcade Fire და საბოლოოდ მეინსტრიმ პოპით დასრულდა.
თუმცა, განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, ჯგუფის წევრებს, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც აქვთ გადაკვეთის წერტილი – The Beatles. „იყო დრო, როცა შეგვეძლო საათობით გვესაუბრა Beatles-ზე და სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ათი წლის განმავლობაში ამ მხრივ არც არაფერი შეცვლილა.”
თუმცა ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მათ მუსიკასა და კარიერაში. ერთ დროს უცნობი ბენდი, რომელიც ყველა პატარა ბარში უკრავდა, დღეს ყველა დიდი ფესტივალისა თუ სცენის პროგრამაშია.
„ერთხელ ერთ-ერთი პატარა ბარის მეპატრონეს ანაზღაურების გაზრდა ვთხოვეთ. მან უარი გვითხრა, თუმცა სანაცვლოდ ბილეთების გაყიდვა და შემოსული თანხის სრულად დატოვება შემოგვთავაზა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი კონცერტის ბილეთების გაყიდვა გავბედეთ. და როცა ბარი გაივსო ადამიანებით, რომლებმაც ჩვენი სიმღერები ზეპირად იცოდნენ, ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით.”

ფოტო: საბა გორგოძე
თუმცა ბენდს ჯერ კიდევ ბევრი მიზანი და სურვილი აქვს. ოცნებების ჩამონათვალში არის გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლა, Saturday Night Live-ში მონაწილეობა, გამხსნელი აქტის შესრულება რომელიმე ცნობილი მუსიკოსის ტურნეში და ბარაკ ობამას ყოველწლიურ პლეილისტში მოხვედრაც კი. თუმცა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი ასე ჩამოყალიბდა:
„თანამედროვე სამყაროში, როცა არტისტებს უწევთ, თავადვე იყვნენ საკუთარი თავის პროდიუსერები მაშინ, როცა ხშირად ამისთვის საჭირო უნარებს არ ფლობენ, გრჩება შეგრძნება, რომ შეგიძლია შენი შემოქმედება უფრო მეტ ადამიანთან მიიტანო, უბრალოდ ამის რესურსი არ გაქვს. გვაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი მუსიკა უფრო მეტ ადამიანთან შეიძლება რეზონირდეს და არ მხოლოდ ქართველებთან. ეს არ არის ფინანსური მოგების სურვილი, უბრალოდ დანაკლისის შეგრძნება გაქვს და გინდა, რომ მეტმა ადამიანმა შეიგრძნოს, რასაც აკეთებ.”
„მე მგონია, რომ Tyler, the Creator-საც კი გაუსწორდებოდა ჩვენი მუსიკა, მის ყურამდე რომ მივიდეს,” – ამბობს სანდრო.
ბოლო კითხვაზე კი, თუ რას ეტყოდნენ აუდიტორიას, რომელმაც ახლა უნდა აღმოაჩინოს Bedford Falls, ბენდისთვის ჩვეული იუმორით, სილაღითა და თავდაჯერებით უპასუხეს: „გვიანია!”
შემდეგ კი დაამატეს: „უბრალოდ ვეტყოდით, რომ მოგვისმინონ. ღირებული მუსიკა მსოფლიოს ყველა წერტილში იქმნება. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, ყველა მუსიკას შეუძლია ღრმად შეგეხოს. და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სიმღერები მათი ცხოვრების ნაწილი გახდება.”

ფოტო: საბა გორგოძე