უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა რეპკონფლიქტი დიდ სამეულს შორის – კენდრიკ ლამარი, დრეიკი და J. Cole – კვლავაც პრესის სათაურებშია.
ახალ ინტერვიუში J. Cole-მა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო Cam’ron-ის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და ასევე მისი ამჟამინდელი ურთიერთობა დრეიკსა და კენდრიკთან, ისტორიული კონფლიქტის შემდეგ.
„უცებ სამყარო პოლიტიკას დაემსგავსა,” – უპასუხა კოულმა დასმულ შეკითხვას, ფიქრობდა თუ არა, რომ სიტუაცია ხელიდან წავიდა. „ან დემოკრატი ხარ, ან – რესპუბლიკელი. ან კენდრიკის ფრთაში ხარ, ან – დრეიკის და აუცილებლად უნდა აირჩიო რომელიმე მხარე. მე კი თავს ვგრძნობდი იმ ადამიანად, რომელიც ორივე მხრიდან შეშფოთებული იყო. საშინელება იყო იმის ყურება, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რათა წარმოეჩინათ, თუ რას გრძნობდნენ დრეიკის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ან მას თავს დასხმოდნენ და გაევრცელებინათ ნარატივი, თითქოს ის არ არის დიდებული არტისტი.”
წამყვანმა მუსიკოსს ჰკითხა, თუ როგორ გრძელდება ამჟამად კენდრიკსა და დრეიკთან მისი მეგობრობა.
„მე ისევ იმავე ადგილზე ვარ,” – უპასუხა რეპერმა. „მე გულწრფელად მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ თავს ვერ მოვაჩვენებ, თითქოს მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. მე მქონდა საუბრები მათთან იმ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ არა ბევრი. რეალურად, მე არ ვიცი, რა ეტაპზე არიან ისინი. შეიძლება გარკვეულწილად ვივარაუდო, რადგან რაღაცები მომისმენია, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რას ვგრძნობ მე. მე გულწრფელად მიყვარს ისინი. ხანდახან მინდება, რომ მათ შეტყობინებები გავუგზავნო. ამის საჯაროდ თქმა შეიძლება ცოტა უხერხულიცაა ჩემთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.”
სხვა ვიდეოში J. Cole საუბრობს Cam’ron-ის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. როცა წამყვანი ეკითხება, თუ რა ემოცია ჰქონდა, როცა პირველად გაიგო ამ სარჩელის შესახებ, რეპერი პასუხობს: „ძალიან მტკივნეული იყო, იმედგაცრუებული ვიყავი. ვფიქრობდი: არა, კემ, ოღონდ შენ არა.”
სრული ინტერვიუ „იუთუბზე” 25 მარტს გამოქვეყნდება.