sTia-ს მუსიკალური მემკვიდრეობა

„მუსიკა სიცოცხლეა. ყველაფერია მუსიკა და მუსიკაა ყველაფერში.”
sTia
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„მუსიკა სიცოცხლეა. ყველაფერია მუსიკა და მუსიკაა ყველაფერში. სიჩუმე? სიჩუმე არ არსებობს. სიჩუმე რომ გაზომო, ძალიან ხმამაღალია. თუმცა ისიც მუსიკის ნაწილია. ასე რომ, სიჩუმე არ არსებობს. სიჩუმეც მუსიკაა.”

ნათია სართანია, იგივე sTia, ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში 2000-იან წლებში გამოჩნდა და მალევე იქცა ამ ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილად. თუმცა მუსიკა თავად მისი განუყოფელი ნაწილი თითქმის დაბადებიდანაა. sTia-სა და ფორტეპიანოს გზები ღრმა ბავშვობაში გადაიკვეთა და ამ შეხვედრამ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება და კარიერა განსაზღვრა. 

მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ის წერს საავტორო მუსიკას, ამასთანავე ჩართულია საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობებებში – ინახავს წინა თაობების მემკვიდრეობას და თავად ქმნის ახალს მომავალი თაობებისთვის.

sTia:

„ბებიის გაზრდილი ვარ, რომელიც პიანისტი იყო და კონსერვატორიაში ასწავლიდა. იმ დროს პედაგოგები ხშირად სახლში იღებდნენ მოსწავლეებს. ბებიაც ასე იყო და ჩვენს ბინაში დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე საფორტეპიანო ნაწარმოებები იკვრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ბოლომდე სწორედ ბებიამ გადაწყვიტა ჩემი ბედი. პრინციპში, სხვა არჩევანი არც დამიტოვა, რადგან მისი დიდი ოცნება იყო, რომ მე პიანისტი ვყოფილიყავი და ასეც მოხდა. მართალია, ეს ოცნება ბოლომდე ვერ ავუსრულე, თუმცა მე ძალიან გამიმართლა, რომ ასე შემაყვარა მუსიკა და ასეთი ორგანული ნაწილი გახადა ჩემი ცხოვრების.

მეორე მხრივ, დედა და მამაც სერიოზული მელომანები იყვნენ. უკვე ძალიან დიდი გოგო ვიყავი, კიდევ იმას რომ მეუბნებოდნენ, ერთმანეთს იმიტომ დავშორდით, რომ ერთს ლენონი უყვარდა და მეორეს მაკარტნიო. და, რაც მთავარია, ამის ძალიან დიდხანს მჯეროდა. მოკლედ, ასე იყო – ბებიის მხრიდან 24 საათი კლასიკა მესმოდა, მშობლებთან კი ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა, ცეკვა, ბიტლომანია – სულ სხვა სურათი. ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ მე ზოგადად მუსიკა მიყვარს და ძალიან გახსნილი ვარ ნებისმიერი ტიპის მუსიკისთვის.” 

sTia
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

15 წლის ასაკში მის ცხოვრებაში ახალი მუსიკალური ფაზა დაიწყო. საქართველოში გაიხსნა პირველი FM რადიოსადგური 106.4, სადაც, ბებიისგან მალულად, რადიოწამყვანი გახდა. ეს იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტი, როცა კლასიკურ მუსიკას, როგორც თავად ამბობს, გვერდი აუარა და ალტერნატიული ჟანრებით დაინტერესდა. ამავე პერიოდში იწყება მისი დიჯეი საქმიანობაც. 

„იმ დროს არსებობდა რამდენიმე სივრცე, სადაც გვთხოვდნენ, რომ მოგვეწყო ‘დისკოთეკები’ – მაშინ ასე ეძახდნენ. ეს არ ნიშნავდა, რომ მას რაიმე საერთო ჰქონდა დისკოსთან, უბრალოდ იმ დროს ასე ერქვა დღევანდელ საკლუბო ღონისძიებებს. კვირაში რამდნეჯერმე იმართებოდა მსგავსი საღამოები, სადაც  გვპატიჟებდნენ და ჩვენ, ასე ვთქვათ, სიმღერებს ვაბამდით ერთმანეთს. აი, ეს იყო ჩვენი, რადიოწამყვანების დიჯეობა. სპონტანური დიჯეები ვიყავით.

ამ ყველაფრის ფონზე, გარშემო იყო შიმშილი, უშუქობა, სიცივე, უამრავი საფრთხე, იარაღები. ძალიან საშიში დრო იყო. მაგრამ მუსიკალურად ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. პატარა რომ ხარ და თან ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, მაშინ ვერ გრძნობ ამას – ეგ არის შენი ცხოვრება და ეგ არის ნორმალური. მაგრამ ახლა, დეკადების შემდეგ რომ ვუყურებ იმ პერიოდს, ძალიან ვაფასებ. ალბათ ბოლო 10 წელია, რაც იმის მიხვედრა დავიწყე, თუ როგორი მნიშვნელოვანი ეპოქა იყო კულტურულად და მუსიკალურად. ამ მნიშვნელობას კი ქმნიდა თავისუფლება და ყველაფრის ფასად მისკენ ლტოლვა. ვგრძნობდით, რომ თავისუფლება მოდიოდა და ეს თავისუფლება მიღწევადი იყო. ამიტომ იმ სიცივეში, შიმშილსა და არეულობაში ადამიანებს მაინც უხაროდათ. 

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბნელი ბავშვობა გვქონდა. ახლა შეიძლება მძიმედ ჟღერს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ საკმაოდ ლაღად ვცხოვრობდით. დღეს რომ ვფიქრობ, კიდევ ათჯერ უფრო მომწონს ის საინტერესოობა, რაც იმ დროს ჰქონდა და რაც ჩემი თვალით მახსოვს.”

მალევე საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო საავტორო მუსიკის წერა. სახლის წინ მდებარე პარკი კი, რომელსაც ყოველდღე ფანჯრიდან უყურებდა, მისი ადრეული შემოქმედების შთაგონება გახდა. 

„საერთოდ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არტისტისთვის, ასპროცენტიანი. შემოქმედება თავიდან ბოლომდე გარემოზეა დამოკიდებული და ადამიანებზე. პრინციპში, ზოგადად მუსიკაა ჩემთვის ეგრე: სივრცე, დრო და ადამიანებია ჩემთვის მუსიკა. 

რაც შეეხება საავტორო ნაწარმოებებს, მათი შექმნა დაახლოებით 2004 წლიდან დავიწყე. 2007 წელს კი საქართველოში დავბრუნდი და სერგიმ პირველ ‘ელექტრონავტზე’ მიმიწვია. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, რომ ჩემ შესახებ საერთოდ იცოდა. კი, ვწერდი მუსიკას, მაგრამ აღქმა არ მქონია ჩემი თავის, როგორც ავტორის. სიმართლე გითხრათ, დღესაც არ მაქვს მაინცდამაინც ეგ აღქმა. იმდენ უნიკალურ მუსიკაზე ვმუშაობ, რომ ჩემი საკუთარი შემოქმედება ძალიან უკანა პლანზე მაქვს გაწეული.”

თუმცა სხვა საქმიანობებში ჩაკარგული საავტორო მუსიკა მაინც პოულობს გზას და დროდადრო კომპოზიციებად გამოკრთება. ნამუშევრებად, რომელთაც ამბის თხრობის გამორჩეული უნარი აქვთ. მარტივი, ხშირად ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობის ამსახველი სახელწოდებებით, განწყობის შემქმნელი მინიმალისტური ვიზუალებითა და ჰარმონიული მელოდიით, თითოეული ნაწარმოები საკუთარ ისტორიას უსიტყვოდ ჰყვება.

„მე არ მაქვს ხმა, რომელიც სიტყვებით მოგაწვდით ამბავს, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჰანგები, რომელთაც სიტყვები არ აქვს, ისტორიას არ ჰყვება. ჩემთვის ყველა მათგანი კონკრეტული ამბავია და ძალიან მიხარია, თუ ეს იგრძნობა.”

„მაგალითად, Beekeeper-ის ისტორია ასეთია:  მე და ჩემი მეგობარი პირველად წავედით სვანეთში ახალი გზით, ლენტეხიდან და პირდაპირ მოვხვდით ყველაზე მაღალ წერტილში. არის საოცარი ამინდი, გზა, ბუნება და უცებ გამოჩნდა ეს მეფუტკრე. ეს იყო ძალიან რეალური მომენტი რეალური ადამიანითა და ისტორიით. თუმცა კომპოზიცია არ არის იმ კონკრეტულ ადამიანზე, ის ასახავს მთელ ამ მოგზაურობას და მისგან მიღებულ ემოციას, რომელიც კოსმოსში გაფრენასავით იყო. და ეს მეფუტკრეც, სრულიად უცხო ადამიანი, დავინახე და გადავირიე. მეგონა, რომ თვითონაც კოსმონავტი იყო იმ თავის ფორმაში. აი, ამ ყველაფერმა მომცა ის შთაგონება, განწყობა და ხასიათი, რომელიც ამ კომპოზიციაშია.” 

როგორც თავად ამბობს, 25 წლის ასაკში ფორტეპიანოს სრულად გაექცა და თავი თითქოს სხვა ჟანრებში იპოვა. მაგრამ წლების შემდეგ, საბოლოოდ მაინც დაბრუნდა იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

„ბოლო წლებია, მხოლოდ საფორტეპიანო ნაწარმოებებს ვწერ, რომელსაც თითქოს გავექეცი რაღაც პერიოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მაინც ფორტეპიანო არის ჩემი ინსტრუმენტი, ყველაზე ახლოსაა ჩემთან, ვფლობ მას და განსაკუთრებით ბოლო წლებში საჩუქარივით ვიღებ, რომ უბრალოდ შემიძლია, ამ ინსტრუმენტისთვის ნაწარმოებები შევქმნა. რეალურად, ეს არ არის მაინცდამაინც პოპულარული ჟანრი, მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან ინტიმური სასიყვარულო ამბავი.” 

შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენს თავთან დაბრუნებაა?

იცით, მე ძალიან ბევრნაირი ვარ. საფორტეპიანო მუსიკა არ მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე Drum’n’Bass; Drum’n’Bass არ მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ჰიპ-ჰოპი; ჰიპ-ჰოპი არ მიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ალტერნატიული მუსიკა და ა.შ.

მაგრამ მაინც საფორტეპიანო მუსიკას წერთ…

ჰო… არ ვიცი… ალბათ რაღაც დონეზე ეს უბრალოდ მე ვარ. არ მიფიქრია…

საკუთარ თავთან ერთგვარი დაბრუნებაა მუსიკოსის ბოლო სოლო ალბომი Home, რომელიც 2023 წელს გამოსცა. ალბომის გარეკანზე, სიმბოლურად, მისი ბავშვობის ფოტოა გამოსახული – პერიოდის, რომელმაც, მისი თქმით, ყველაზე დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ ვინ არის დღეს sTia. „ვფიქრობ, ბავშვობაში კიდევ უფრო ჩამოყალიბებულად და გულახდილად ვიცით, ვინ ვართ. შეიძლება ასაკის ბრალიცაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ვუბრუნდები ბავშვობას,” – ამბობს მუსიკოსი.

ბევრს არ წერს, რადგან მისი სამუშაო პროცესი დიდ დროს მოითხოვს. წერს ფურცელზე, სანოტო რვეულში და, როგორც წესი, ნაწარმოებთან ერთად მის ნოტებსაც გამოსცემს. 

„ბოლო დროს ძალიან ცოტას ვწერ. პრინციპში, ვწერ მაშინ, როცა უკვე წარმოუდგენელია, რომ არ დავწერო – როცა უკვე ყველაფერი თავში მაქვს და უბრალოდ ფურცელზე უნდა გადმოვიტანო. მერე უკვე ვიწყებ ნოტებთან მუშაობას. კომპოზიცია ჯერ ფურცელზე უნდა მივიყვანო სრულყოფილებამდე და შემდეგ ჩავწერო.

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც წელიწადში რამდენიმე ალბომს უშვებს. მე შეიძლება სულ ორი ან სამი ნაწარმოები შევქმნა მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ ყველა სიმღერა შვილივითაა ჩემთვის, ყველა ძალიან განსაკუთრებულია. თითოეულს თავისი ისტორია და თავისი ეტაპი აქვს. ამ ეტაპზე „მაია” არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული – ჩემი ბოლო რელიზი. მაია დედაჩემია. ყდის ფოტოზეც მე და დედა ვართ ქუთაისში, ჩვენს სახლში, ცაცხვების ქუჩაზე. ალბათ 1-2 წლის ვარ. ამ ნაწარმოებს დიდი ისტორია აქვს და ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად სწორედ დედაზე ზრუნვით ვარ მოცული. მუსიკაც ხომ ეგრეა, შთაგონებაზე რომ მკითხეთ, აი, რაც გაქვს ცხოვრება, ეგაა.”

როგორია თქვენთვის თქვენი მუსიკა?

„სევდიანი, ძალიან მასევდიანებს, და ძალიან მშვიდი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგადად, მე არ ვარ მშვიდი ადამიანი, პირიქით, სრულიად საპირისპირო – ძალიან მშფოთვარე, ენერგიული და მოუსვენარი. ბევრს უთქვამს, ვინც მიცნობდა და პირველად მოუსმინა ჩემს მუსიკას, რომ გაოცებული დარჩა, იმდენად წინააღმდეგობაშია ჩემს ხასიათთან – იმასთან, როგორიც ვჩანვარ და როგორიც ვარ საჯარო სივრცეში. მე თვითონაც კი მიკვირს, ხანდახან ისეთი მშვიდი და დალაგებული გამოვა ხოლმე, რომ ვფიქრობ: როგორ, საიდან…

ალბათ შინაგანად ვარ ასეთი. რთული სათქმელია. სიმშვიდე მხოლოდ ის ხომ არ არის, რამდენს მოძრაობ, რამდენს მუშაობ ან ლაპარაკობ. სიმშვიდე სადღაც შენშია, ღრმად, სულში. შესაძლოა სიღრმეში მართლაც მშვიდი ვარ, აბა, ეს ხომ საიდანღაც მოდის?!” 

სიმშვიდე მუსიკაში ერთგვარი ბალანსია იმ აქტიური საქმიანობისა, რომელსაც sTia სხვა მიმართულებებით ეწევა. მათ შორის პირველი და მისთვის ყველაზე მთავარი პროექტი შემოქმედებითი განათლების სტუდიაა – CES, რომელიც საქართველოში თანამედროვე მუსიკალური ტექნოლოგიების სწავლების პიონერია. 2011 წელს დაარსებული სკოლა ამჟამად ოთხი მთავარი მიმართულების – მუსიკა, დიზაინი, საშემსრულებლო ხელოვნება, მენეჯმენტი – 20-ზე მეტ კურსს აერთიანებს. 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ CES-მა ძალიან დიდი სიტყვა თქვა საგანმანათლებლო სფეროში  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნა უზარმაზარი კომუნა. ერთმანეთს შეახვედრა ათასობით ადამიანი, რომლებიც დღეს კოლაბორაციაში არიან და რომელთაც უბრალოდ ცხოვრება შეუცვალა – გადააგდო მუსიკალურ სამყაროში, რომელსაც აქვს პოტენციალი და განვითარების შანსი. ჩემთვის, ჩემს მონაპოვრებში, CES არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. მასთან ვერ მივა ვერც ჩემი საავტორო მუსიკა და ვერაფერი სხვა. ეს არის საქმე, რომელიც დღეს წყალივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას – განათლება. და შედეგებმა გვანახა, რომ სრული შიმშილი იყო ამ კუთხით. ერთი ოთახით დავიწყეთ და ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, დღეს უკვე ხუთი სტუდია გვაქვს. 

ამ ყველაფერმა კი მოიტანა CES Records-იც, რომელიც სკოლის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი მთელი კონცენტრაცია და ინსპირაცია იყო ის, რომ ჩვენი სტუდენტებისთვის შემდეგი ეტაპის გზაც გაგვეხსნა და მათთვის შეგვექმნა პლატფორმა. შედეგად, 2019 წელს გაჩნდა ლეიბლი CES Records. მართალია, მასზე მხოლოდ ჩვენი სტუდენტები არ არიან და სხვა მუსიკოსებთანაც ვთანამშრომლობთ, მაგრამ პირველი საჭიროება და მიზანი  სწორედ ის იყო, რომ ჩვენს სტუდენტებს თავიანთი ლეიბლი ჰქონოდათ. ეს არის სრულიად თავისუფალი გამომცემლობა, შეზღუდვების გარეშე, რომელიც არ უყურებს კომერციას. მე არ ვმუშაობ იმის მიხედვით, თუ რა გაიყიდება და რას ეყოლება მსმენელი. ჩემი სტუდენტებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლები იყვნენ და რაც მოსწონთ, ის გააკეთონ, რისიც მათ თვითონ სჯერათ, ის გააკეთონ.”

sTia
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ამ ყველაფერს მოჰყვა კიდევ ერთი პროექტი – ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” – უნიკალური კონცეფცია, რომელიც ხელახლა აღმოაჩენს წინა თაობების მუსიკალურ მემკვიდრეობას და ფირფიტაზე გამოცემით მას ახალ სიცოცხლეს სძენს. პროექტის სამიზნე პერიოდი ამ ეტაპისთვის 90-იანი და 2000-იანი წლებია, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოცემულია 12 ფირფიტა.

„სხვათა შორის, ეს იდეაც სკოლიდან წამოვიდა. ფაქტობრივად, ყველაფერი სკოლის დანამატია. მე ყოველდღე ვხვდები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს და ალბათ მაინც უფრო უკეთ მესმის მათი საჭიროებები, რადგან სისტემატურ პირად კონტაქტში ვარ მათთან. იდეაც აქედან გაჩნდა, რომ ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ იმ ადამიანების არსებობა, ვინც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა შექმნეს და უნდა დააფასონ ისინი. ეს ყველაფერი ხომ სწორედ იმ თავისუფლებაზეა, რაზეც ვსაუბრობდით. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ამ თავისუფლებამდე და ამ დამოუკიდებლობამდე მოგვიყვანეს. ეს პროექტი კი არის, ერთი მხრივ, მათი დაფასება და მადლობის თქმა, ხოლო, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი საქმე მომავალი თაობებისთვის, რათა მათ იცოდნენ, საიდან მოდიან. 

დასაწყისში ამ ყველაფერსაც ახლდა თავისი სირთულეები, მაგრამ ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ალბომის გამოსვლიდან ერთ კვირაში უკვე ყველა ფირფიტა გაყიდულია. დიდი მოთხოვნა გაჩნდა და გაჩნდნენ კოლექციონერები, ვინც კონკრეტულად ჩვენს ფირფიტებს აგროვებენ.” 

ეს ეპოქა როგორ მუსიკალურ მემკვიდრეობას დატოვებს?

ძალიან მაგარს. მიმაჩნია, რომ 90-იანების ოქროს ხანის შემდეგი ძალიან კარგი დრო მუსიკალურად სწორედ ახლაა. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, რადგან რეალურად ძალიან ბევრი მუსიკაა დღეს და ეს სირთულეს წარმოადგენს იმ მხრივ, რომ რაოდენობაში რაღაცები იკარგება. მაშინ სულ რამდენიმე იყო და თითქოს – ყველა კარგი. ამდენ მუსიკაში კი რთულია გარჩევა. თუმცა მგონია, რომ სწორედ ახლაა ისეთივე საუკეთესო მუსიკალური დრო ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიც თუნდაც 90-იანებში იყო. შესანიშნავი მუსიკა იწერება, მრავალფეროვანი. არჩევანი ძალიან დიდია, მათ შორის ჟანრობრივი არჩევანიც. ჩემი პირადი აზრით, ახლა არაჩვეულებრივი მუსიკალური ეპოქაა ჩვენს ქვეყანაში.

როგორ ფიქრობთ, რა იქნება თქვენი მემკვიდრეობა?

რთულია, ამას ალბათ მერე სხვები იტყვიან. თუმცა ჩემი მუსიკალური მემკვიდრეობა აუცილებლად იქნება სკოლა და ის, რასაც ვაკეთებ. ასევე ადამიანები, ვინც მერე უკვე თავად გააგრძელებენ ამ ყველაფრის გაზიარებას. ჰო, ჩემი მემკვიდრეობაც ალბათ ეს იქნება – გაზიარება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძის ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

ჯერჯერობით უსათაურო ნამუშევარი მაყურებელს 50 Cent-ის ადრეული წლებიდან დიდ შემოქმედებით კარიერამდე და წარმატენულ ბიზნესმენობამდე განვლილ გზას აჩვენებს.
მეტი