YE – გენიოსი, პროვოკატორი და მუსიკალური ნოვატორი

კანიე უესტმა დაამტკიცა, რომ შეუძლია დარჩეს აქტუალურ არტისტად, ყველაფრის მიუხედავად.
კანიე უესტი (YE)
LARRY BUSACCA/BMA2015/GETTY IMAGES FOR DCP

კანიე  უესტი, ასევე ცნობილი, როგორც Ye, ერთდროულად არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი არტისტი და ამავდროულად – ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებულიც, რომელიც თავისი განცხადებებით თუ შემოქმედებით ხშირად ხდება საკამათო პერსონა. 

კანიე ომარი უესტი 1977 წლის 8 ივნისს დაიბადა. ჩიკაგოში გაიზარდა დედასთან, დონდა უესტთან ერთად, რომელიც ინგლისური ენის პროფესორი იყო. სწორედ დედა იყო ის ადამიანი, ვინც ხელოვნება შეაყვარა. ოცი წლის ასაკში კანიე უესტმა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერობა დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში კი Roc-A-Fella Records-ის ერთ-ერთი წამყვანი პროდიუსერი გახდა. ამ მხრივ მისი პირველი დიდი აღიარება უკავშირდება Jay-Z-ის 2001 წლის ცნობილ ალბომს – The Blueprint, რომელშიც კანიე სიმღერების დიდი ნაწილის პროდიუსერია. ჩანაწერში ის სოულის, R&B-სა და როკ-ჰიტების ვოკალურ სემპლებს იყენებს. 

თუმცა უესტს უფრო დიდი მიზნები ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ წარმატებული პროდიუსერობა და ცნობილ არტისტებთან ამ სტატუსით თანამშრომლობაა: მას სურდა, ყოფილიყო სუპერვარსკვლავი.

სანამ ამ მიზანს მიაღწევდა, 2002 წელს, ავტოავარიაში ყბა მოიტეხა. ქვედა ყბა ლითონის მავთულებითა და სამაგრებით გადაუბეს. მან ეს შემთხვევა გონივრულად გამოიყენა სადებიუტო სინგლში Through the Wire, სადაც რეპი სწორედ ასე დაფიქსირებული პირის აპარატით შეასრულა. ის პირს ფაქტობრივად ვერ აღებდა. საუბარი და მით უმეტეს რეჩიტატივის კითხვა სპეციფიკური გამოთქმით შეეძლო. სიმღერა ჰიტად იქცა, ისევე, როგორც მისი სადებიუტო ალბომი – The College Dropout (2004). აქ უესტმა გამოიყენა თავისი წარმომავლობა და პროდიუსერული ნიჭი, რათა სრულიად ახალი ტიპის რეპვარსკვლავად ჩამოყალიბებულიყო. ტრეკები, როგორებიცაა Jesus Walks და Slow Jamz სრულიად განსხვავდებოდა იმ პერიოდის რეპისა თუ პოპმუსიკისგან. შეიძლება ითქვას, რომ უესტმა ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ახალი  თავი დაიწყო, სადაც ჟანრები ერთმანეთს მოულოდნელად კვეთდა – ისე ოსტატურად, როგორც ეს მხოლოდ კანიეს შეეძლო. 2005 წელს უესტმა გრემის სამი ჯილდო მოიგო. ერთ-ერთი იყო საუკეთესო რეპალბომის კატეგორია, რომელშიც მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრიზი დაიმსახურა სადებიუტო ნამუშევრისთვის – The College Dropout. უესტმა თამასა კიდევ უფრო აწია 2005 წლის ალბომით Late Registration, რომელშიც ორკესტრული ნაწილი დომინირებს. 2007 წელს კი ტრიუმფალური Graduation გამოსცა, რომელმაც გაყიდვებში 50 Cent-თან ბრძოლაშიც კი გაიმარჯვა. 

უესტის კარიერამ მკვეთრი ცვლილება განიცადა 2007 წლის ნოემბერში, დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. ამ დანაკარგმა არსებითად განსაზღვრა მისი  შემდეგი ალბომი – 808s & Heartbreak. ნამუშევარი არაერთგვაროვნად შეფასდა, თუმცა ალბომის ჟღერადობამ მოგვიანებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დიდ ვარსკვლავებზე. 

2009 წელს უესტის ცხოვრებაში კრიტიკის ხანგრძლივი სერია დაიწყო. პირველი დიდი სკანდალი უკავშირდება MTV-ის დაჯილდოებას, სადაც უესტმა ტეილორ სვიფტს სიტყვა გააწყვეტინა და პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას ჯილდო არ ეკუთვნოდა: „ტეილორ, ძალიან მიხარია შენი წარმატება, მაგრამ ბიონსეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო ჰქონდა,” – განაცხადა სცენიდან უესტმა, რასაც საზოგადოებრივი კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. უესტის ამ რეპლიკას პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი გამოეხმაურა და მას უტაქტო უწოდა. 

ამის შემდეგ უესტი 2010 წელს დაბრუნდა ალბომით – My Beautiful Dark Twisted Fantasy, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო და მისი რეპუტაცია დიდწილად აღადგინა. ამას მოჰყვა 2013 წლის Yeezus, რომელმაც კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მუსიკალური მიმომხილველები. თუმცა, ამ მომენტიდან უესტის კარიერა სულ უფრო მეტად მოიცვა სკანდალებმა, შოკისმომგვრელმა განცხადებებმა. 

2014 წელს კანიე უესტმა კიმ კარდაშიანთან იქორწინა და ამით მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოჯახის წევრი გახდა. ამ დროიდან უესტი მნიშვნელოვნად გადაერთო მოდის ინდუსტრიაზე. 2015 წელს ოფიციალურად წარადგინა თავისი ბრენდი – Yeezy. Yeezy-მ რევოლუცია მოახდინა ე.წ. Streetwear მოდაში თავისი ნეიტრალური ფერებითა და მინიმალისტური დიზაინით, რამაც კანიე მუსიკის პარალელურად, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცია. სწორედ ამ პერიოდში, კანიე მოდასთან ასოცირებული პერსონა გახდა და მისი ეს მხარე უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე მისი მუსიკა. 

კანიე უესტი
THEO WARGO/GETTY IMAGES FOR ADIDAS

2018 წელს კანიე უესტმა ალბომი, სახელწოდებით YE გამოსცა. სწორედ ამ ალბომის მეშვეობით ის ღიად შეეხო  საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს. უფრო დეტალურად უესტმა ამაზე დევიდ ლეტერმანის შოუში ისაუბრა. მან აღწერა თავისი გამოცდილება მანიაკალური ეპიზოდების დროს, ახსენა პარანოია და ის, თუ როგორ მკურნალობას მიმართავდა. 

2018 წელს აშკარა გახდა უესტის პოლიტიკური კურსი და მისი გადახრა უკიდურესი მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიისკენ, როდესაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპს MAGA-ს ქუდით შეხვდა. მან სკანდალური განცხადებაც გააკეთა, როცა თქვა, რომ მონობა „არჩევანი იყო”. ორი წლის შემდეგ უესტმა თავადაც წამოიწყო საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 

2021 წელს ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინებაზე განაცხადი კარდაშიანმა შეიტანა. მალევე, 2022 წელს, უესტი ახალ სკანდალში გაეხვა ებრაელების მიმართ სიძულვილის ენითა და ანტისემიტური კამპანიით, რამაც Adidas-თან და Gap-თან კონტრაქტების გაწყვეტა გამოიწვია. გამოძიებებმა აჩვენა ტოქსიკური გარემო მის კომპანია Yeezy-ში, სადაც თანამშრომლებს პორნოგრაფიას აჩვენებდა და ნაცისტებს შთაგონების წყაროდ მოიხსენიებდა.

2022 წლის სკანდალების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ კანიე უესტის კარიერა დასრულდა. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის შემოქმედებასაც მრავალი სიცოცხლე აქვს. 2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მან ფარულად იქორწინა ავსტრალიელ არქიტექტორ ბიანკა ცენსორიზე. წყვილი მუდმივი განხილვის ობიექტი გახდა მათი სკანდალური იმიჯით. უესტი ღიად  დაუპირისპირდა ე.წ. Cancel Culture-ს და გააგრძელა პროვოკაციული განცხადებები, რომლებსაც პერიოდულად საჯარო ბოდიში მოჰყვებოდა ხოლმე. 

მალევე უესტის მუსიკალურ კარიერაში ახალი პერიოდი დაიწყო. 2024 წლის თებერვალში მან და Ty Dolla Sign-მა გამოუშვეს ალბომი – Vultures 1. მიუხედავად იმისა, რომ ალბომს არ ჰქონდა დიდი ლეიბლების მხარდაჭერა და სირთულეები შეექმნა სტრიმინგ პლატფორმებზე განთავსებისას, მან მაინც დაიკავა პირველი ადგილი Billboard 200-ში. სიმღერა Carnival გახდა უესტის ნომერ პირველი ჰიტი ბოლო ათწლეულში, რაც ამტკიცებს, რომ YE-ს (კანიე უესტი)  კომერციული გავლენა კვლავ უზარმაზარია. 2024 წელს YE-მ Vultures 2 გამოსცა. 

2026 წელს Ye-მ სრულიად დამოუკიდებელი არტისტის სტატუსით გამოსცა ალბომი Bully, რომელიც წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა კონცერტები. მათ შორის გამორჩეულია ლოს-ანჯელესში გამართული შოუ, სადაც არტისტმა მსმენელს შთამბეჭდავი ვიზუალური გაფორმება წარუდგინა და მუსიკალური ნომრები დედამიწის ფორმის გიგანტურ სცენაზე შეასრულა.  

YE ლოს-ანჯელესის მუსიკალურ შოუზე

დღესდღეობით YE დამოუკიდებლად, ლეიბლების გარეშე ქმნის მუსიკას და ცდილობს, ჩამოაყალიბოს საკუთარი ეკოსისტემა, სადაც მუსიკას, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს შუამავალი კორპორაციების გარეშე, პირდაპირ მომხმარებელს მიჰყიდის. ამასთან, მან დაამტკიცა, რომ შეუძლია დარჩეს აქტუალურ არტისტად ყველაფრის მიუხედავად. მისი სკანდალებისა და მსმენელის არაერთგვაროვანი დამოკიდებულების ფონზე, ის არის არტისტი, რომელმაც ჰიპ-ჰოპ ისტორია შეცვალა და ინდუსტრიაზე რევოლუციური გავლენა მოახდინა.

2026 წლის 12 ივნისს კანიე უესტი (YE) საქართველოს ეწვევა და დინამო არენაზე მუსიკალურ შოუს გამართავს. კონცერტი Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში ტარდება. 

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა, თიბისის ბარათების მფლობელები ბილეთების შეძენას ექსკლუზიურად – 24-საათიანი პრე-სეილის ფარგლებში, 11 მაისის 12:00 საათიდან შეძლებენ.

დამატებით, თიბისის მომხმარებლებისთვის ყველა კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება, როგორც პრე-სეილის, ასევე 12 მაისიდან დაწყებული საერთო გაყიდვების პერიოდში.

იხილეთ კანიე უესტის (YE) ალბომები გამოცემის წლების მიხედვით:

The College Dropout (2004); Late Registration (2005); Graduation (2007); 808s & Heartbreak (2008); My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010); Watch the Throne (With Jay-Z, 2011); Yeezus (2013); The Life of Pablo (2016); Ye (2018); Kids See Ghosts (With Kid Cudi, 2018) Jesus Is King (2019); Donda (2021), Donda 2 (2022); Vultures 1 (2024); Vultures 2 (2024); Bully (2026).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი საქართველოში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

რობი კუხიანიძე – ამბავი, სახელად Outsider

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი