რობი კუხიანიძე – ამბავი, სახელად Outsider

„დღეს კონცერტზე კი არ უნდა მოდიოდეს ხალხი, შენთან ომში უნდა მოდიოდეს.”
რობი კუხიანიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ბავშვობაში ყველა სკოლიდან მაგდებდნენ. რაღაცებს არ ვემორჩილებოდი. რასაც ვერ ვიგებ, იმას ვერ დავემორჩილები, ვერ გავიგებ. მერე აღმოვაჩინე, რომ ამას თურმე პროტესტი რქმევია. მაგრამ ადამიანი პროტესტს რომ აცხადებ, იმას შემოქმედებითი ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ როცა ეს სიტუაცია გაცივდება, მერე მიხვდნენ, აი, იმან რომ თქვა, თურმე მართლა ასე ყოფილაო.”

საკუთარი პროტესტის შემოქმედებითი მხარე მუსიკაში იპოვა და საზოგადოებას ყველაფერი პირდაპირ უთხრა და დაანახა. ხელოვანი, რომელმაც 80-იანი წლების ქუთაისი ერთ დიდ სცენად აქცია და ადამიანებს ყველაზე შიშველი, მწარე სიმართლე თავისი მუსიკით მიაღებინა – მუსიკის იმ ფორმით, რომელიც იმ დროს თავად იყო მიუღებელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

თუ ბრიტანეთს ჰყავდა Sex Pistols, აშშ-ს კი – Dead Kennedys, 80-იან წლებში საქართველოში გამოჩნდა რობი კუხიანიძე – ქართული პანკ-როკის პიონერი და ლეგენდარული ჯგუფის, Outsider-ის დამფუძნებელი. 

„Sexs Pistols-მა ალბათ სადმე გარაჟში დააარსა ჯგუფი. ჩვენ სად დავაარსეთ, იცი? ქუთაისის ოპერის თეატრში – იმ დონეზე მიტოვებული იყო ყველაფერი. ქალაქი საერთოდ ცარიელი იყო. წარმოიდგინეთ, პირველი კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში გვქონდა და, რაც მთავარია, ასეთ დარბაზებს ვავსებდით. მართალია, თბილისში უფრო ადვილი იყო როკმუსიკა, როგორც მოვლენა, მაგრამ ქუთაისში სავსე დარბაზები გვქონდა. თბილისში ეს არ მოხდებოდა.

`Outsider სამკაციანი ჯგუფია და თავიდან ვიყავით მე, გიგა მჟავია (ბაჯუ) და საბა კუპრაშვილი (ბასა). ამ სამმა ადამიანმა შევძელით აუტსაიდერის იდეის წინა პლანზე წამოწევა. ორივე ჩემზე უმცროსი იყო და მუსიკალური განათლება ჯაზიდან ჰქონდათ  მიღებული. მახსოვს, პირველად რეპეტიციაზე რომ დავსხედით, ბაჯუმ დაიწყო დაკვრა და მკითხა: ‘ეგია პანკი, ხომ? რაფერი რიტმი გინდა?’ და დაუკრა ისე, რომ მივხვდი, ზუსტად ეგ იყო პანკი. Sex Pistols-იც ხომ ზუსტად ეგაა – არა ინსტრუმენტალი, არამედ ემოცია – მეორედ რომ ვეღარ გაიმეორებ.  

ასე შეიძინა Outsider-მა თავისი ხმოვანება. იქ ბევრი ტაქტგარეშე რაღაცაც არის, რადგან მე გიტარაზე ვერ ვახერხებდი ყველაფრის დაკვრას და ჩემზე იყო გადმოწყობილი, არასწორ რაღაცებზე იყო გადმოწყობილი. პანკი რა არის მეტი?! სწორი შეცდომა, ოღონდ ემოციიდან გამომდინარე.”

რობი კუხიანიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აღსანიშნავია, რომ მოქმედება იმ პერიოდის ქუთაისში ვითარდება, სადაც, ერთი შეხედვით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო რთული ჩანდა. მიუხედავად ამისა, 70-იანი წლების ქუთაისში გაზრდილმა ბიჭმა მოახერხა, გადაელახა არსებული ჩარჩოები და იმ დროისთვის სრულიად ახალი, გაუკვალავი გზა აერჩია. 

„მაშინ ან ფეხბურთელი უნდა გამოსულიყავი, ან იმ მენტალიტეტის ადამიანი. მე კი, რაც არჩეულია, ის არ მაინტერესებს. ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. 

70-იანებში ჩვენ ყველანი ბირჟაზე ერთად ვუსმენდით Pink Floyd-ს. ავტორიტეტი იყო ერთი ადამიანი, რომელსაც სახლიდან დინამიკი ჰქონდა კაბელით გამოყვანილი და Deep Purple-ებს გვასმენინებდა გუმათში. ახლა, სად Rolling Stones რომ გაქვს მოსმენილი და კრიმინალი ხარ და სად არაფერი რომ არ გაქვს მოსმენილი და კრიმინალი ხარ… ის იქ რომ გაიზარდა, იმასაც ჩემსავით წარმოედგინა – ჩვენ წინ ტყე იყო, დავსხდებოდით და წარმოვიდგენდით: ‘აუ, აქ ახლა დიდი სცენა რომ იყოს’ და ამაზე ვლაპარაკობდით ადამიანები. მათთან ერთად გავიზარდე, მაგრამ სხვა არჩევანი გავაკეთე და საბოლოოდ იმდენი შევძელით, რომ 90-იანების ქუთაისში მამაკაცზე საყურე აღარ უკვირდათ.”

თუმცა მაშინდელი საზოგადოებისთვის Outsider ერთგვარი შოკი აღმოჩნდა. უცნაური ჟღერადობის სიმღერები, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო მუსიკის იმდროინდელ აღქმასთან, მსმენელისთვის გაუგებარი იყო. „არასასცენო” ლექსიკა კი, რომლითაც ისინი მღეროდნენ – მიუღებელი.

„იმ დროს საერთოდ ქართულადაც კი არ მღეროდნენ როკს. წ-სა და ყ-ს გამოყენებას ერიდებოდნენ. ყ რატომღაც სხვა სიტყვასთან ასოცირდებოდა. და, აი, ეგ კომპლექსი რომ მოხსნოდათ, ერთ სიმღერაში ალბათ ათასჯერ მაქვს ეგ სიტყვა ნახსენები – სიმღერასაც იგივე ჰქვია – და იცი, რატომ? ვიფიქრეთ იმაზე, რომ, აი, როგორ ვახსენოთ ეგ სიტყვა ისე, რომ არ მივიღოთ წიხლი. და მივხვდით, რომ ერთხელ კი არ უნდა გვეთქვა, არამედ ბევრჯერ. ახლა რომ დავჯდე და ერთი სიტყვა ბევრჯერ გავიმეორო, სიტყვა აზრს დაკარგავს. მე რომ ამ სიტყვას ბევრჯერ ვიმეორებ და შენ შემოდიხარ, რა ასოზეც შემოდიხარ, იმ ასოდან იწყება სიტყვა. ასე რომ, ჩვენ კი არ ვიგინებით, სიტყვას ვხსნით. 

ამ ლექსიკის გამოყენება სიმართლეს ემყარებოდა, რეალობას. ამ სიტყვებს ყველა ამბობდა, მაგრამ სხვა კონტექსტში – ძალადობის მხრივ. აქ კი შემეცნებითი ფორმით იყო. რუბენსმა რომ დახატა, მაგალითად, ისეთი ნახატები, იქ მანიაკალური კი არ უნდა დაინახო, შემოქმედებითად უნდა შეხედო, ხომ?

როგორ შეიძლება, ასეთი ტექსტები მაქვს და არასდროს ჩემს კონცერტზე ჩხუბი არ მომხდარა?! იმიტომ, რომ მე ადამიანს ვეუბნები იმას, რასთან ერთადაც იცხოვრა, უბრალოდ ჩუმად იყო. ხელოვნებაში არმოსული იყო რეალობის თქმა. მე კი ავდექი და ხმამაღლა ვთქვი. რასაც ქუჩაში ლაპარაკობდა, ის ავიტანე სცენაზე იმიტომ, რომ სცენიდან გაგონილი ეგ სიტყვა სხვა ფუნქციასა და მნიშვნელობას იძენს. 

სხვათა შორის, არცერთი სიმღერის სათაური მე არ დამიწერია. მივხვდი, რომ მე კი არ უნდა დავარქვა, ხალხმა უნდა დაარქვას. „ძუძუ” რომ ვიმღერე და ამდენჯერ რომ გაიგონა ეგ სიტყვა, დაარქვა „ძუძუ”. სხვა სიმღერების შემთხვევაშიც ასეა. შენზე კარგად იცის სხვამ, რა უნდა დაარქვას. სათაური ჩემთვის რა არის, იცი? უფრო კარგად ვხვდები, როგორ ვიმღერო სიმღერა, როცა სხვისი დარქმეულია. ამით ვიგებ, რაზე აქვთ აქცენტი გადატანილი და უკვე ვიცი, რომ ვინაიდან ეს გაიგეს, მე ახლა დანარჩენი სიტყვები უნდა გავაგებინო.”

ცოტა ხანში Outsider-ს „ნიღბების კლუბი” დაემატა – ხელოვანთა გაერთიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისა და სოციუმის განვითარებაში. კლუბის საქმიანობა მრავალმხრივი იყო და ძირითადად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

„იქ შეიკრიბნენ განათლებული, წიგნიერი ადამიანები. მოვახერხეთ ის, რომ ჩვენთან მოდიოდნენ ბავშვები, რადგან ქუჩაში დგომას, ერჩივნათ, მუსიკა მოესმინათ. ისეთი მუსიკის მოსმენა დაიწყეს, რომელსაც სხვაგან ვერ მოუსმენდნენ. შემოირბენდნენ, ახალ ინფორმაციას მიიღებდნენ, გაიქცეოდნენ. ჩვენ კი ყურადღებას ვაქცევდით, რა სურდათ მათ. იმ ბავშვებიდან მერე ყველამ რაღაც საქმეს მოჰკიდა ხელი: ზოგი მუსიკოსი გახდა, ზოგი ჟურნალისტი…

FM რადიოები რომ შემოვიდა, პირველი ჩვენს კლუბს მოადგნენ და რატომ: მანამდე ერთ პატარა ოთახში გვქონდა ექსპერიმენტული პროექტი – დავდგით აპარატურა და იჯდა ე.წ. წარმოსახვითი დიჯეი, რომელსაც მიჰყავდა რადიო. ეს ყველაფერი იწერებოდა, გარეთ გვედგა პატარა რადიო და მარტო ჩვენ ვუსმენდით. არც სიხშირე იყო, არაფერი. პეპელა ერქვა რადიოს. და ორი წლის შემდეგ, როცა სიხშირეები გამოჩნდა, თითქმის ყველა რადიოში დიჯეები ჩვენგან წაიყვანეს. სხვათა შორის, ჩვენც გვინდოდა სიხშირე, მაგრამ მივხვდით, რომ შანსი არ გვქონდა – სიხშირეები პოლიტიკოსებს აინტერესებთ პროპაგანდისთვის – თუმცა ეს ხალხი დავასაქმეთ და იმდენი შევძელით, რომ იმ რადიოებშიც ჩვენს იდეოლოგიას ვატარებდით. 

გარდა ამისა, გაზეთებში გვქონდა ჩვენი, „ნიღბების კლუბის” გვერდი. ასევე გავაკეთეთ ერთი თარო, სადაც პირველი დავდეთ ჰერმან ჰესეს წიგნი. ჩვენ თვითონვე ავაგორეთ პროპაგანდა, რომ ჰერმან ჰესე მაგარია, თან მაშინ დეფიციტი იყო. ჯერ ეს ხომ გავაგებინეთ ხალხს, ვინ იყო ჰერმან ჰესე, მერე ავდექით და ამ თაროზე კიდევ რამდენიმე ეგეთი წიგნი დავდეთ. მოვიდა ადამიანი და გვთხოვა, წავიღებ ამ წიგნსო. ჩვენ ვეუბნებოდით: ‘მოიტანე რამე წიგნი და მის მაგივრად დადე. როცა წაიკითხავ და დააბრუნებ, მერე წაიღე.’ ამ დროს იმის მოტანილ წიგნს ხომ სხვა წაიღებდა, თავისას მოიტანდა და ასე, ცოცხალი ბიბლიოთეკა შევქმენით.” 

ნიღბების კლუბის” დაარსების თარიღად 1994 წლის 8 დეკემბერი განისაზღვრა, რის გამოც ყოველი თვის 8 რიცხვში ქალაქის სხვადასხვა წერტილში აქციები და წარმოდგენები იმართებოდა. კლუბის საქმიანობა სცდებოდა კულტურის საზღვრებს და სოციალურ პასუხისმგებლობასაც ატარებდა. 

„მაგ 8 დოლარის აქციამ რა ქნა, იცი? ფული არ შეკრებილა, მაგრამ დიდი გავლენა იქონია სასწრაფოებზე, ექიმებზე. უკვე მორალური უფლება აღარ ჰქონდა სასწრაფოს, რომ ბავშვი კვდება და იქ აღარ მისულიყვნენ. მე ინტერვიუში ვამბობ, რომ ეს 8 დოლარი რეზერვად იდება „ნიღბების კლუბში”, რომ მათ აღარ ჰქონოდათ სათქმელი, რომ, აი, იქ  მივალ და ფული არ იქნება. მათ უკვე ჰქონდათ უფლება, მისულიყვნენ გამოძახებაზე, რადგან იცოდნენ, რომ ის 8 დოლარი „ნიღბების კლუბში” იდო. თვითონ ექიმებმაც მადლობა გადაგვიხადეს, სხვათა შორის, რომ შანსი მოგვეცითო, რადგან არ უშვებდნენ გამოძახებაზე, თუ პაციენტს თანხა არ ჰქონდა. ასე რომ, ასეთ აქციებს რეალური გავლენა ჰქონდა. ასე თუ მიუდგები, ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერი შეგიძლია. უბრალოდ შემოქმედებითად უნდა მიუდგე. ადამიანს მაინც აქვს ის ერთი წერტილი, რასაც ადამიანობა ჰქვია. იმ ადგილს თუ მოუძებნი, აუცილებლად დაფიქრდება.” 

`Outsider-ისა და „ნიღბების კლუბის” წარმოდგენები ქალაქის მთავარ ღონისძიებებად იქცა. მიუხედავად ხალხისთვის გაუგებარი და ხშირად მიუღებელი მუსიკის, ლექსიკისა და გამოხატვის ფორმებისა, რომელიც არაფრით ემთხვეოდა მათ გონებაში ხელოვნების მანამდე არსებულ განმარტებას, „აუტსაიდერს” თან მთელი ქალაქი დაჰყვებოდა – როგორც ღამის პეპლები სინათლეს.

„90-იანი წლებია, ვსხედვართ სიბნელეში, ფანჯარა ღიაა. ამ დროს შუქი მოვიდა და უცებ ნათურას შემოესივნენ პეპლები. ვუყურებ ამ სცენას და უცებ თავში აზრი მომივიდა: ‘მთელ ქალაქში 24 საათი სიბნელე გვაქვს. მოდი, აკუმულატორები ვიშოვოთ.’ ბაზრიდან მოვიტანეთ პატარა ურიკა, დავალაგეთ ეს აკუმულატორები, გავედით სიბნელეში და დავიწყეთ დაკვრა – ოღონდ გავანათეთ და ისე. აი, ხომ არაფერი არ ხდებოდა ქალაქში?! და უცებ სიბნელეში, როგორც პეპლები, ისე მოვიდა ხალხი სინათლეზე. ჩვენ მაშინ არ ვიყავით კარგად მიღებული ადამიანები, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ. ჩვენთან კი არა, შუქთან მოვიდნენ და მერე ნელ-ნელა ჩვენც მოგვეჩვივნენ. ყველა 8 რიცხვის აქცია ეგრე იყო გაკეთებული – სინათლე შეგვქონდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.” 

თუმცა მას, ვინც ბნელ ქუთაისში სინათლე შეიტანა, თბილისში ჩამოსულს ხშირად სწორედ შუქის ჩაქრობით ებრძოდნენ.

„ყველაზე მეტად გამიჭირდა თბილისში ადაპტირება ჩემი ხელოვნებით. მე რა პროგრამაც მქონდა, იმ პროექტით ჩვენ თბილისში შანსი არ გვქონდა, რომ დაგვეკრა. ამისთვის გავაკეთეთ მეორე პროგრამა და „ნელები” დავარქვით. ამ პროექტზე იმუშავა ჩვენმა მეგობარმა კახა ძიძიგურმა, რომელიც, სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა. კახა რომ არ ყოფილიყო, მე რაც გავაკეთე, იმას ვერ შევძლებდი – ამ ყველაფერს სახალხოდ ვერ გამოვიტანდი.

თავიდან ძალიან რთული იყო. ჩვენს კონცერტებზე სიცილით იხოცებოდნენ ხოლმე, მაგრამ მე ეს არ მწყინდა. პრიმიტიული მუსიკა, ასეთი ტექსტები… მივხვდი, რომ ამ ხალხს არ ესმოდა და როგორ უნდა გაეგოთ?! ხშირად იყო კიდევ დენის გამორთვა. იცი, რამდენჯერ გამომირთეს შუქი? რამდენჯერ კონცერტზე არ დამაკვრევინეს… ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი თვით ადრე შეთანხმებული კონცერტისთვის ვემზადები, ვრეპეტიციობ, 5 წუთში სცენაზე უნდა ავიდე და ამ დროს მეუბნებიან: ‘რობი, ცუდად არ გაგვიგო, მაგრამ დაგვირეკეს, პრეზიდენტი მოდისო და დღეს შენ ვერ დაუკრავ.’ კი, მაგრამ რატომ?… თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მე უკან არაფერზე დამიხევია. ჩემთვის კომპრომისი არ არსებობს.” 

უკომპრომისოა სცენაზეც, საკუთარ თავთან. ცოცხლად შესრულების ემოციური, კლასიკური სასცენო ნორმებისგან თავისუფალი ფორმაც პირველად სწორედ მან დაამკვიდრა – როცა მის მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვას იმ ემოციით გადმოსცემს, რომლითაც თავად გრძნობს და მაყურებელს თავისი წარმოდგენის ნაწილად აქცევს. 

„მე რომ სცენაზე ავდივარ, იცი, რა მჭირს? ვინც მიყურებს, იმასთან ერთად ვდგავარ სცენაზე. ვცდილობ, რომ ისინი ჩემს ქმედებაში მოვიდნენ. ეს ძალიან რთულია. სცენაზე რომ ვარ, იქ რა მოძრაობებსაც ვაკეთებ, განსაზღვრული არაფერი მაქვს. მე ვერაფრით ვუყურებ ჩემს თავს ვიდეოში. ჩათვალე, რომ თითქმის არაფერი მაქვს ნანახი ჩემი, იმიტომ, რომ ჩემში არსებული ვიღაც ტიპი რომ წვალობს და მე იმას რომ ვუყურებ, მეცოდება. რამხელა ემოციებზეა, იცი, საუბარი?

ჩემი ჯგუფის წევრებს რომ ჰკითხო, არავის ვუნახივარ ერთნაირი. ვერცერთმა ვერ გაარტყა, რანაირი ვარ რეალობაში. მეც კი ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს. მე რასაც სცენაზე ვაკეთებ, მაგის გაკეთება არ შეიძლება. არ ვიცი, ეს შინაგანია, თუ მივეჩვიე. რამდენჯერმე ისეთ მდგომარეობამდე მივედი, თუ გადავრჩებოდი, არ იცოდნენ. სცენიდან რომ ვამბობ ‘იქნება ომი, იქნება ხვალ’, მე იმ ომში ვარ. არ ვიცი, მე იმ ომიდან ცოცხალი გამოვალ თუ არა. შინაგანად პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და იმ სიტყვას ბოლომდე გამოვხატავ. ‘მე შენ მკლავ’ რომ გიმღერი, მე მკტკივა. იმ სიტყვაზე უკვე მტკივა.” 

ფიქრობს, რომ მისი მუსიკა ემოციურად არა მხოლოდ სამღერად, მოსასმენადაც რთულია, რადგან ის მსმენელს შეულამაზებელ რეალობაში ახედებს. სწორედ ამ მიზეზით, მიიჩნევს, რომ პოპულარობა უფრო მეტად ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა „აღმოსავლური ტანგო”, „სიყვარული ძნელია”, „დიმპიტაური”, ვიდრე მისი შემოქმედების მთავარმა ხაზმა, რომლითაც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. მიუხედავად ამისა, ქართული პანკ-როკის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა საკუთარ თავს მუსიკოსად საერთოდ არ მიიჩნევს.

„მუსიკოსობა არასდროს მინდოდა, მუსიკასთან ახლოს ყოფნა მინდოდა. აი, რაფერაც ახლა ვარ. ეს სხვები მეძახიან მუსიკოსს, თორემ მე არ ვარ მუსიკოსი. არ მაქვს მუსიკალური განათლება, არ ვფლობ არცერთ ინსტრუმენტს… მე მუსიკას მხოლოდ ფონად ვიყენებ ჩემი სათქმელისთვის. იმიტომაც არ მაქვს სხვისნაირი მუსიკა. საერთოდ, სიმართლე რომ ვთქვა, მე არცერთი ჩემი ნამუშევარი არ მევასება, როგორც სიმღერა, იმიტომ, რომ არაა ეს ჩემთვის სიმღერა. ესაა ამბავი, რომელსაც მუსიკა ფონად ადევს, თორემ მუსიკა თითქმის არაფერ შუაშია. უბრალოდ სათქმელი მქონდა და ვიფიქრე, რომ ჯობს, ის მუსიკით გავაგებინო ადამიანებს. 

რაც მაშინ დავწერე, დღესაც ყველაფერი აქტუალურია. ჩემთვის ახლა ისევ 1991 წელია და ორ წელიდადში ისევ ის მოხდება, რაც მაშინ ხდებოდა. და დღეს რომ ადამიანი ამბობს, კონცერტი მაქვსო, რამხელაზე დაბნეული და მოტყუებულია, იცი? დღეს შეიძლება თქვა, კონცერტი კი არ მაქვს – მე მაქვს ომი და შენთვის გავხდი ამას სანახაობრივს. დღეს კონცერტების დრო არ არის. დღეს კონცერტზე კი არ უნდა მოდიოდეს ხალხი, შენთან ომში უნდა მოდიოდეს, თანამეომრები უნდა გახდნენ იარაღის გარეშე.”

არის რომელიმე სიმღერა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს Outsider-ის იდეას?

– არა, ჩემთვის ყველა ერთია. წარმოიდგინე, რომ ერთი სიმღერაა. მე ვიცი, რომ ერთ რამეს ემსახურება. წიგნი რომ აიღო – წაიკითხე ერთი გვერდი და გადადიხარ მეორეზე – ერთი წიგნია. ერთი ფურცელი რომ ამოხიო, ხომ დაგაკლდება?! ან ხომ ვერ იტყვი, რომ, აი, ეს ფურცელი იყო ყველაზე კარგი?! – არა. ერთი წიგნია ეს, ერთი ამბავია.

მართალია, სათაურების დარქმევა არ გიყვართ, მაგრამ რა ერქმეოდა ამ წიგნს?

– Outsider.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

YE – გენიოსი, პროვოკატორი და მუსიკალური ნოვატორი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი