Tsneva – ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმა, რომელიც მუსიკას და ურბანულ გარემოს აერთიანებს

„წნევას“ მთავარი იდეა მუსიკის, სივრცისა და კულტურული კონტექსტის ერთდროული აღმოჩენაა.
„წნევა” / Tsneva

ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი პლატფორმა – Tsneva გამოჩნდა. ეს არის აუდიო-ვიზუალური პროექტი, რომელიც მუსიკასა და ურბანულ არქიტექტურას შორის ახალ კავშირებს ეძებს. სტანდარტული კლუბური სივრცეებისა და სტუდიების ნაცვლად, პროექტი მუსიკალური პერფორმანსებისთვის კულტურულად უნიკალურ და მუსიკალურად აუთვისებელ ლოკაციებს გვთავაზობს.

Billboard Georgia „წნევას“ დამფუძნებლებს პროექტის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც პლატფორმის შემქმნელები აღნიშნავენ, მათთვის ლოკაცია არასდროს არის უბრალოდ ფონი, რადგან სივრცე ისეთივე მეტყველია, როგორც თავად არტისტი:

„გვაინტერესებს ადგილები, რომლებსაც საკუთარი ისტორია, ტექსტურა და ენერგია აქვთ: ძველი ინდუსტრიული შენობები, მივიწყებული სივრცეები თუ უცნაური ურბანული გარემო, რომელიც ყოველდღიურობაში შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ მუსიკისა და კამერის კომბინაციაში სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.“

პროექტის იდეა სპონტანურად გაჩნდა: ავტორებს სურდათ, შეექმნათ პლატფორმა, სადაც მუსიკა სტუდიურ გარემოს გასცდებოდა. 

„წნევას“ მთავარი იდეა მუსიკის, სივრცისა და კულტურული კონტექსტის ერთდროული აღმოჩენაა. პლატფორმისთვის პრიორიტეტულია ქართული იდენტობის ჩვენება: იქნება ეს ქართული დამწერლობის გამოყენება თუ ის ლოკალური დეტალები, რაც გარემოს ავთენტურობას სძენს. ეს არის საშუალება, რომლითაც ვიდეო აუდიტორიას არა მხოლოდ არტისტს, არამედ თავად ქალაქის ხასიათსაც აცნობს.

Tsneva ძირითადად ელექტრონულ მუსიკაზეა ფოკუსირებული, თუმცა პლატფორმა მკაცრ ჟანრობრივ ჩარჩოებს არ აწესებს. პროექტის ვიდეოებში შეხვდებით: ტექნოს, ჰაუსს, ემბიენთს, ექსპერიმენტულ ჟღერადობებს, ჰიპ-ჰოპსა და სხვა მიმართულებებს.

„მუდმივად აღმოჩენების პროცესში ვართ და ღია ვართ მოულოდნელი მუსიკალური კომბინაციებისთვის. ამ პროცესში ჩვენთვის არტისტი და ლოკაცია დამოუკიდებელი ელემენტები არ არის, ისინი ერთიან დრამატურგიას ქმნიან. ხშირად სწორედ სივრცე გვკარნახობს ჟღერადობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არტისტის სითამამე – ის, ვინც სეტს აშენებს არა როგორც ტრეკების კრებულს, არამედ როგორც მთლიან ამბავს,“ – ამბობენ Tsneva-ს დამფუძნებლები.

Tsneva

„წნევა“ დამოუკიდებელი შემოქმედებითი გუნდია, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან შედგება. სწორედ ეს განსხვავებული ბექგრაუნდი ქმნის პლატფორმის მთავარ ღირებულებას. გუნდის წევრები არიან: თეკლა ზვიადაძე, ლელა ლაფერაშვილი, გიორგი თანდაშვილი, ნიკა პაპაშვილი.

„პროექტის განუყოფელი ნაწილია ის ადამიანებიც, რომლებიც გუნდს მხარში უდგანან: იულია მრაჩნენკო, ბორის გაისნერი და საბა ცირდავა (Abbas Avadrist).”

Tsneva აუდიო-ვიზუალურ მასალას ცოცხალ გარემოში ქმნის, სადაც სივრცე პირვანდელი, ავთენტური იერსახითაა ნაჩვენები. ეს პროცესი ტექნიკურად რთულია და ხშირად გუნდს „მართული ქაოსის“ პირობებში უწევს მუშაობა.

„ჩვეულებრივი ამბავია, რომ შუა ჩაწერისას კატამ აპარატურაზე გადაირბინოს ან ძაღლმა გადასაღები მოედნიდან რაიმე ნივთი მოიპაროს. თუმცა სწორედ ეს გაუთვალისწინებელი მომენტები ხდის პროექტს ცოცხალს. ჩვენ არ ვცდილობთ გარემოს სტერილურ სტუდიად ქცევას. ეს ურბანული ხმაური ჩვენი ნაწილია” – Tsneva. 

ხარისხის შესანარჩუნებლად გუნდი განსაზღვრული გრაფიკით მუშაობს: თვეში ორი ლოკაცია და ოთხი არტისტი. მთელ ამ პროცესს  – ძიებიდან საბოლოო მონტაჟამდე – გუნდი საკუთარი ძალებითა და ენთუზიაზმით გადის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რინგო სტარი Henry Diltz

რინგო სტარის Long Long Road ალბომების გაყიდვების ჩარტის საუკეთესო ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი