ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი ის იშვიათი სივრცეა, სადაც მუსიკა მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებას არ ემსახურება და ურთიერთობის ფორმად იქცევა. ცენტრის ხელმძღვანელი თაკო ჟორდანია ამ მიმართულებით წლებია, მუშაობს და გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს შექმნას გარემო, სადაც მუსიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მუსიკათერაპევტი თაკო ჟორდანია საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განმარტავს, თუ როგორ გარდაიქმნება მუსიკა თერაპიად და რატომ სჭირდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს მეტი მოქნილობა.
თაკო ჟორდანია: ცენტრის შექმნაზე დიდხანს ვფიქრობდი. ამას წინ უძღოდა სხვადასხვა დაკვირვება და გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით ბოლო 15 წლის მანძილზე მივიღე. 4 წელი ხდება, რაც ეს ცენტრი არსებობს, თუმცა იდეა პირველად მაშინ მომივიდა, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან თერაპიული მუშაობის რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მზად იყო, მუსიკის სწავლებაზე გადასულიყო, ოღონდ ეს უნდა მომხდარიყო საკმაოდ ფრთხილად და გეგმაზომიერად, რადგან ეს ორი სფერო (მუსიკის სწავლება და მუსიკათერაპია) რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მახსოვს, შედეგით იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მეტი გამეგო, მესწავლა და სხვებსაც დავხმარებოდი. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს მიდგომა, რაც შემუშავდა ცენტრში, ეხმარება არა მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, არამედ ტიპური განვითარების ბავშვებსაც, რათა მუსიკასთან პირველი შეხება ჰქონდეთ თამაშით, სიამოვნებით და დადებითი გამოცდილებით.
რა პრობლემას ან საჭიროებას პასუხობს ეს ცენტრი საქართველოში არსებულ მუსიკალურ გარემოში?
„ფაქტობრივად, ამაზე საუბარი უკვე დავიწყე. პრობლემა იმაშია, რომ გვყავს ბევრი კარგი პედაგოგი, როგორც საშემსრულებლო-საფორტეპიანო, ისე სიმღერის მიმართულებით, თუმცა ხშირად პედაგოგმა არ იცის, როგორ მიუდგეს ბავშვს, რომელსაც აქვს განვითარების შეფერხება, ან განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვს, ან ბავშვს, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა. ხდება ისეც, რომ ბავშვი მიჰყავთ მასწავლებელთან, რომელიც ხედავს მასში დიდ პოტენციალს და პირდაპირ გადადის სწავლების ისეთ რეჟიმზე, რომელსაც ბევრი ბავშვი ვერ უძლებს და ან თავს ანებებს მუსიკას, ან ძალით/ხათრით ამთავრებს შვიდწლედს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მუშაობა არ არის ორიენტირებული სწავლების პროცესზე და მიზანი მხოლოდ შედეგით განისაზღვრება, რაც არ არის სწორი.
ასევე უნდა შევეხო ბაღის მუსიკის მასწავლებლებსაც. ბევრ არაჩვეულებრივ, მონდომებულ პედაგოგს ვიცნობ, რომლებმაც გაიარეს ჩემი ცენტრის ტრენინგი ბაღში მუსიკის გამოყენების შესახებ და სრულიად სხვაგვარად შეხედეს მათი მუშაობის მნიშვნელობას, რადგან მუსიკას შეუძლია უამრავ მიზანზე გასვლა, გარდა სიმღერისა და მოსმენისა, როგორც ბაღში, ისე სკოლაში.
ჯერჯერობით, ბევრი ადამიანის აზრით, კლასიკური თუ სხვა მუსიკის შესრულებისა და კონცერტში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვისაც გააჩნია ამის მონაცემები: სმენა, რიტმი, აზროვნება, მეხსიერება, იმიტაციის უნარი და ა.შ. ამ ცენტრის ერთ-ერთი დანიშნულება კი ისაა, რომ ეს გავხადოთ შესაძლებელი ყველასთვის, ვისაც მუსიკისადმი ინტერესი გააჩნია. კონცერტებიც ამიტომ იმართება ინკლუზიურ გარემოში, რათა ის სცენა იყოს ყველასთვის, ვისაც უნდა, ინდომებს და ამისთვის მზად არის. მზადყოფნა კიდევ სხვა ეტაპია და აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეს ყოველივე უარყოფითად არ აისახოს ბავშვზე.“

საზოგადოებაში სიტყვა „ინკლუზიური“ ხშირად მცდარად აღიქმება, როგორც სენტიმენტალური ან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი, იზოლირებული ფორმატი. რეალურად კი, ეს მიდგომა გარემოსა და სისტემის ადაპტაციას გულისხმობს. ტერმინის არასწორ გამოყენებასა და ხელოვნებაში მის ნამდვილ არსზე თაკო ჟორდანია აღნიშნავს:
„ერთი სიტყვით, ინკლუზია ნიშნავს „ჩართულობას”, თუმცა ეს არაა საკმარისი შინაარსის გასაგებად. მაგალითად „ინკლუზია“ სწავლაში ნიშნავს, რომ სწავლების სისტემა ერგება ბავშვს და მის შესაძლებლობებს. კლასში, სადაც მოსწავლეა, რომელსაც უჭირს მოძრაობა, ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ მის ჩართვას პროცესში, არამედ ისეთი გარემოს შექმნას, რომ ბავშვმა შეძლოს რეალურად მონაწილეობა. ხელოვნებაში ინკლუზიური ასევე შეიძლება ნიშნავდეს გაფართოებას. ტრადიციული კონცერტი, როგორც წესი, ორიენტირებულია შედეგზე, შესრულების სიზუსტეზე, ტექნიკაზე, პროფესიონალიზმზე. სცენა და დარბაზი მკაფიოდ არის გამიჯნული მონაწილისთვის, რაც დამატებით სტრესსაც ქმნის, მაყურებელი შემფასებელი მსმენელია, მონაწილე კი მხოლოდ დასწავლილის შემსრულებელი. მთავარი კითხვა ასეთ კონცერტშია: „რამდენად კარგად შესრულდა?“ „რამდენად მომეწონა?” ინკლუზიური კონცერტი კი სხვა ლოგიკაზეა აგებული. აქ ყურადღება გადადის ადამიანებზე, პროცესზე და ურთიერთობაზე. სცენა შეიძლება გახდეს საერთო სივრცე, მაყურებელი უნებლიე მონაწილე, ხოლო მუსიკა – კომუნიკაციის ენა. მთავარი კითხვა ასე ჟღერს: „რა მოხდა ადამიანებს შორის?“ „პროცესი სასიამოვნო იყო?” და სწორედ აქ იკვეთება შეცდომა, როდესაც ბევრს ჰგონია, რომ თუ აქცენტი პროცესზეა, მაშინ ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში პირიქითაა! ინკლუზიური ფორმატი ხშირად უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს და ესაა ადაპტაცია, სიტუაციურად ლავირება, ემოციური ინტელექტი, მოქნილობა და ადამიანური სიღრმე. რატომ ვერიდებით სიტყვას „ინკლუზიური“? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ერთ-ერთია სტიგმა, რომ ინკლუზიური ხშირად ასოცირდება „დაბალ ხარისხთან“. ხშირად არასწორი აღქმაცაა, თითქოს ეს მხოლოდ შშმ პირებს ეხებათ. არსებობს პროფესიული შიში, ზოგ ხელოვანს ეშინია, რომ ეს მათ სტანდარტს დააქვეითებს. ასევე ალბათ ხშრად გაგიგიათ ფრაზა „ინკლუზიური ბავშვი”, რაც არასწორია. ინკლუზია ვერ იქნება ადამიანის თვისება, არამედ ეს შეიძლება იყოს გარემო, მიდგომა ან სისტემა. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნება აღარ ეკუთვნის მხოლოდ მათ, ვისაც „შეუძლია“, არამედ ხელოვნება ხდება ადგილი, სადაც შესაძლებლობები იქმნება. თუ ჩანს, რომ ადამიანი ჯერ არ არის მზად გამოსასვლელად, იქნება ეს ქცევითი თუ ემოციურ-ფსიქოლოგიური მიზეზების გამო, დროებითი გადავადება შეიძლება აღქმული იყოს არა როგორც უარი, არამედ როგორც ზრუნვა მის კეთილდღეობაზე და შემდგომში უფრო წარმატებული და პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე.“
თანამედროვე მუსიკალური განათლების შესახებ საუბრისას, თაკო ჟორდანია საკუთარ ხედვას მუსიკათერაპიის გამოცდილებაზე აფუძნებს და პროცესზე ორიენტირებულ მიდგომას უსვამს ხაზს. მისი თქმით, მუსიკის ტრადიციული სწავლება და მუსიკათერაპია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება .
„მე პროფესიით მუსიკათერაპევტი ვარ, ჩემთვის მუსიკასთან ურთიერთობა და მუშაობა განისაზღვრება პროცესით.
მუსიკის სწავლება ერთი მთავარი პრინციპით განსხვავდება მუსიკათერაპიისგან. მუსიკის სწავლება არის ვერტიკალური პროცესი – პედაგოგი მიუთითებს ბავშვს, რომელიც ამ მითითებებს ითვალისწინებს, ასრულებს და ამის მიხედვით ვითარდება. ზევიდან ქვევით კომუნიკაციის პრინციპია, მთავარი არის პედაგოგი, რომელიც ცოდნას უზიარებს მოსწავლეს და ის ამას იმეორებს.
მუსიკათერაპიაში მთელი პროცესი მიმდინარეობს ჰორიზონტალურად, არ არსებობს ერთი მთავარი, მიმთითებელი და მეორე შემსრულებელი. აქ ერთი (მუსიკათერაპევტი) პროცესის დამწყებია, ხოლო მეორე (ბენეფიციარი) პროცესის ამყოლი, გამგრძელებელი. ისინი ორივენი ერთად ქმნიან და მუსიკის საშუალებით აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ვეცდები ფორმულირებას: თუ მუსიკის სწავლებაში პედაგოგი ხედავს ბავშვს მუსიკაში, თერაპიის შემთხვევაში თერაპევტი ბავშვში ხედავს მუსიკას.“

აღსანიშნავია, რომ ცენტრის პრაქტიკული მუშაობა თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომაზეა დაფუძნებული, მისი რესურსისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
„აქ მიდგომები ინდივიდუალურია ყველა ბავშვთან, მისი რესურსისა და მდგომარეობის მიხედვით. ცენტრში გვყავს ასევე ტიპური განვითარების ბავშვები, რომელთა მშობლებს უბრალოდ უნდათ, რომ მისმა შვილმა ისწავლოს მუსიკა თამაშით, სტრესის გარეშე და თერაპიული ელემენტების გამოყენებით.“
ინკლუზიური მიდგომის გავლენაზე საუბრისას, თაკო ჟორდანიას თქმით, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, ეს არის უნივერსალური გამოცდილება, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.
„ინკლუზიური მიდგომა ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარება. მონაწილეები თავს უფრო მიღებულად, დაფასებულად და თავდაჯერებულად გრძნობენ, რადგან საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება ეძლევათ. მაყურებლისთვის კი ასეთი გარემო ხშრად ცვლის დამოკიდებულებებს. ისინი უფრო მეტად ამჩნევენ თითოეული ადამიანის უნიკალურობას, სწავლობენ ემპათიას და ნაკლებად უყურებენ განსხვავებებს სტერეოტიპულად. და აქვე, ეს არ ეხება მხოლოდ სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ეს ეხება ყველას, მათ შორის ტიპური განვითარების ადამიანებს, ყველას სჭირდება განცდა, რომ მიღებულია, მიუხედავად შეცდომისა, რაღაცის არცოდნისა ან უბრალოდ საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა.“
რაც შეეხება ცენტრის განვითარების პერსპექტივებს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ინკლუზიური კონცერტი „ხელოვნება გვაერთიანებს“, სადაც მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვები და პედაგოგები, ისე რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრების ბენეფიციარები. ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილე პედაგოგების დიდი ნაწილი თავად ცენტრის მიერ გადამზადებული სპეციალისტები არიან.
თაკო ჟორდანიას თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება როგორც მონაწილეთა, ისე პროფესიონალთა რიცხვი, რასაც თან ახლავს ინსტიტუციური მხარდაჭერაც. თუმცა მთავარი მიზანი მომავალში ცენტრის გაფართოებაა, რათა უფრო მეტ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროცესში.
როდესაც საუბარი სისტემურ ცვლილებებს ეხება, თაკო ჟორდანია ხაზს უსვამს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.
„ნებისმიერ ცვლილებას სათავეში უდგანან ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ საკუთარი თავი შეცვალეს, გააუმჯობესეს და ამის შემდეგ დაიწყეს ფიქრი გლობალურ ცვლილებაზე უკეთესობისკენ. რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, მოვა დრო და შექმნი ცენტრს, სადაც შეძლებ, ჩაატარო ტრენინგები და ინკლუზიური კონცერტები, მიიღო ყველა შესაძლებლობის ბავშვი და გახვიდე ყველასთან ინდივიდუალურად შედეგზე – არ დავიჯერებდი.
ვისურვებდი, ბევრი კარგი სპეციალისტი აღიზარდოს ცენტრში, რომლებიც გახდებიან არაჩვეულებრივი მუსიკალური აღმზრდელები ბაღებში, სკოლებში, ცენტრებში და შეაყვარებენ ბავშვებს მუსიკას ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ეცოდინებათ, 3+1 რომ 4-ია. ვისურვებდი, მეტი გათვითცნობიერებული სპეციალისტი გვყავდეს ქვეყანაში, რომლებიც არ შეუშინდებიან რომელიმე მდგომარეობის გაგებას. ასევე ისეთი პედაგოგების ყოლას ვისურვებდი, რომლებიც თამაშით და ხალისით შეაყვარებენ პატარებს მუსიკას.
გლობალური მიღწევა ჩვენს ქვეყანაში კი ის იქნებოდა, რომ სპეციალური საჭიროების ადამიანებს არ შევხვდოთ განსაკუთრებულად, უბრალოდ მივიღოთ ზედმეტი პომპეზურობის ან სინანულის გამოხატვის გარეშე. ასევე მიღწევად მიმაჩნია, რომ ყველას შეეძლოს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში იყოს დაფასებული და მიღებული. ჩვენდაუნებურად, ისეთი დროა, რომ ვცხოვრობთ მუდმივ შედარებებში, მარათონულ სირბილში, ამის გამო ხშრად ვერ ვაფასებთ ისეთ მცირე მიღწევებს, რომლებიც ადამიანს აბედნიერებს და ანიჭებს თვითკმაყოფილების შეგრძნებას. ვისურვებდი, მეტად შეგვეძლოს პროცესით ტკბობა, მომენტის დაფიქსირება და შედეგზე მეტად ამ ორის დაფასება.“

ინტერვიუს დასასრულს, თაკო ჟორდანია მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს აჯამებს და ყურადღებას ამახვილებს თითოეული ბავშვის უნიკალურობასა და იმ მრავალფეროვან რესურსზე, რომელსაც მუსიკა ადამიანის განვითარების გზაზე აშენებს.
„ძალიან ბევრი ბავშვის გაცნობა მიწევს, ისევე, როგორც მათი მშობლების ან მეურვეების. ყოველი ბავშვი არის უამრავი შესაძლებლობების სკივრი. მნიშნელოვანია, შეგვეძლოს, აღმოვაჩინოთ მათი ტემპი, ავეწყოთ მასზე და ამავე ტემპით გავაგრძელოთ მათი განვითარება. ამიტომ ყველა ახალბედა პედაგოგს თუ მუსიკოსს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ვურჩევდი, რომ არ იჩქარონ, არც შედეგებზე გასვლაში და არც მიზნის დასახვაში. მუსიკას ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე უბრალოდ სიმღერის გაუმჯობესება ან კარგად დაკვრა. მუსიკის საშუალებით შესაძლებელია არამეტყველ ადამიანთან კომუნიკაცია, ემოციურად ჩაკეტილი ბავშვის გახსნა, თავდაჯერების განმტკიცება, თვითშეფასების ამაღლება, გუნდურობის განცდა, კომპოზიტორული ნიჭის აღმოჩენა და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა რამ. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ მუსიკა ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ ნოტები და ნაწარმოები ან ინსტრუმენტი და ბგერა.“
ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის ფუნდამენტური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გლობალური ცვლილებების სათავე პიროვნულ ტრანსფორმაციაშია. როდესაც სისტემა ორიენტირებულია ინდივიდზე, პოტენციალი აღარ იზომება წინასწარ დადგენილი სტანდარტებით, ის თავად განვითარების პროცესში ვლინდება. ამ მიდგომის მთავარი ღირებულება კი იმ გარემოს შენებაა, სადაც ყველასთვის არსებობს სივრცე აღიარებისა და სრულფასოვანი თანაარსებობისთვის, – ეს არის მიზანი, რომლისკენაც ცენტრი დაარსების დღიდან თანმიმდევრულად მიისწრაფვის.