სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
ლიზა ბათიაშვილი
წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალის დღის პროგრამა ლიზა ბათიაშვილის ფონდის კონცერტით დაიწყება, ხოლო საღამო პინკას ცუკერმანისა და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის გამოსვლით გაგრძელდება და გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტით დასრულდება.

6 სექტემბრის საფესტივალო დღე 12:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე, ლიზა ბათიაშვილის ფონდის კონცერტით გაიხსნება, სადაც მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი ვირტუოზი მევიოლინე – ლიზა ბათიაშვილი, ალტისტი – გიორგი მარდალეიშვილი, ჩელისტი – მარკ შუმანი და პიანისტი –  გიორგი გიგაშვილი წარდგებიან.

პროგრამის ფარგლებში შესრულდება: შოსტაკოვიჩის ალტის სონატა (თხზ. 147) და მენდელსონის მე-2 საფორტეპიანო კვარტეტი ფა მინორში. ამ კლასიკურ ხაზს ორგანულად ერწყმის ასტორ პიაცოლას „დიდი ტანგო“, ვაჟა აზარაშვილის „ნოქტიურნი“ და იოსებ ბარდანაშვილის ემოციური კომპოზიცია „P.S. გიას“.

საღამოს 19:00 საათიდან ამფითეატრი სიმფონიური მუსიკის კონცერტს დაეთმობა. სცენას მსოფლიო აღიარების მქონე დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა და ლეგენდარული მევიოლინე პინკას ცუკერმანი პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად დაიკავებენ. საღამოს პირველ ნაწილში ცუკერმანისა და ორკესტრის შესრულებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი (რე მაჟორი, თხზ. 61) გაჟღერდება, ხოლო პროგრამა მოდესტ მუსორგსკის მონუმენტური ნაწარმოებით „სურათები გამოფენიდან“ დასრულდება.

6 სექტემბრის მუსიკალურ დღეს 22:00 საათზე გიორგი გიგაშვილის სოლო პროგრამა დაასრულებს, რომელიც ჟანრობრივი და ეპოქალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  პიანისტი მსმენელის წინაშე დომენიკო სკარლატის სონატებს, ფრედერიკ შოპენის მეოთხე ბალადას, ნატალია ბერიძის „წმინდა ატომებს“, ლილი ბულანჟეს ორ პიესასა და მორის რაველის „ანარეკლებს“ შეასრულებს.

6 სექტემბრის წინანდლის ფესტივალის პროგრამა ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ სტილსა და საშემსრულებლო ფორმებს აერთიანებს: კლასიკური ნაწარმოებებიდან – თანამედროვე მუსიკით დამთავრებული. დღის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მუსიკას განსხვავებული ინტერპრეტაციითა და განწყობით მოუსმინოს.

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

Chainsmokers-ი 2026 წლის NCAA-ს საკალათბურთო ტურნირის ფინალურ ოთხეულში თამაშებს შორის გამოსვლისას, Lucas Oil-ის სტადიონი, 2026 წლის 4 აპრილი. Patrick Smith/Getty Images

The Chainsmokers-ის სან-ხოსეს კონცერტზე 14 მსმენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ