კიდევ ერთი გახმაურებული შესრულების შემდეგ შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai კვლავ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სიმღერად რჩება. ის უკვე სამი კვირაა, რაც „ბილბობრდის” Global 200-ში, ხოლო ხუთი კვირაა, რაც Global Excl. U.S. ჩარტში ლიდერობს.
სიმღერა Global 200-ის ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით 57.9 მილიონი სტრიმითა და 15 000 გაყიდვით გახდა. Global Excl. U.S. ჩარტში კი, აშშ-ის გარეთ, 49.6 მილიონი სტრიმითა და 8 000 გაყიდვით ლიდერობს.
Dai Dai-ს, რომელიც ფიფას მსოფლიო თასის ოფიციალური ჰიმნია, დამატებითი პოპულარობა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართულმა შოუებმა მოუტანა. 11 ივნისს შაკირამ და Burna Boy-მ ის 80 000-ზე მეტი ფანის წინაშე შეასრულეს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, აცტეკას სტადიონზე. 19 ივლისს კი, ფინალური მატჩის დროს, შაკირა, Burna Boy, ჯასტინ ბიბერი, BTS და მადონა ჩემპიონატის ისტორიაში პირველ Halftime Show-ზე წარდგნენ. 11-წუთიან კონცერტზე შესრულდა Dai Dai-ც.
გლობალურ ჩარტებში დაბრუნდა ასევე BTS-ის Normal-იც, რომელიც პირველად Global 200-ში მაისში, მეხუთე ადგილით მოხვდა. ამჯერად ალბომ ARIRANG-ის ჰიტი, 26.6 მილიონი სტრიმითა და 48 00 გაყიდვით, ჩარტში მეოთხე ადგილით შევიდა. აშშ-ის გარეთ 22.8 მილიონი სტრიმითა და 27 000 გაყიდვით კი Global Excl. U.S. ჩარტის მეორე პოზიცია დაიკავა.
Global 200-ის ტოპ ხუთეულში ასევე არიან: არიანა გრანდე, სიმღერით Hate That I Made You Love Me, რომელიც ივნისში ორკვირიანი ლიდერობის შემდეგ ამჯერად მეორე პოზიციას იკავებს; ელა ლენგის Choosin’ Texas მესამე პოზიციით; და ასევე წლევანდელი მსოფლიო თასის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი – „ოაზისის” Wonderwall მას შემდეგ, რაც სიმღერა ინგლისის ფანებმა ჩემპიონატის დროს აიტაცეს.
რაც შეეხება Global Excl. U.S. ჩარტს, აქ Hate That I Made You Love Me მესამე ადგილს ინარჩუნებს; ჯასტინ ბიბერის Beauty and a Beat, ნიკი მინაჟის მონაწილეობით, მეხუთედან მეოთხე პოზიციაზე ინაცვლებს; BTS-ის Swim კი მეხუთე პოზიციაზეა.
„ბილბორდის” Global 200 და Global Excl. U.S. ჩარტები 2020 წლის სექტემბერში გაეშვა. ჩარტები დაფუძნებულია სტრიმებისა და გაყიდვების რაოდენობაზე მსოფლიოს 200-ზე მეტ ტერიტორიაზე. Global 200 მთელ მსოფლიოს მოიცავს, Global Excl. U.S. კი იმავე ტერიტორიას, მხოლოდ აშშ-ის გამოკლებით.