30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Moby-ს კონცერტი გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა Moby საქართველოს ეწვია. შოუ არტისტის 2026 წლის მუსიკალური ტურნეს ნაწილია, რომელიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მოიცავს. Moby-ს კონცერტი Flitz Collective-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მედია პარტნიორია Billboard Georgia.
მუსიკალური ინდუსტრიის დიდი არქივი ბევრი გამორჩეული მუსიკოსის სახელს ინახავს. თუმცა მათ შორისაც გამონაკლისს წარმოადგენენ ის არტისტები, რომლებმაც ეპოქალური ცვლილებები მოახდინეს – სწორედ ამ არტისტებს შორის არის Moby, რომელმაც ელექტრონული მუსიკა მეინსტრიმში შემოიტანა და მას ემოციური სიღრმე მისცა. მან აჩვენა, რომ ელექტრონული მუსიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ კლუბური სივრცით და ის მასობრივად მოსმენადი და კომერციულად წარმატებულიც შეიძლება იყოს.

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
Billboard საქართველო: საქართველოში პირველად ხართ, ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ – როგორი ემოციებითა და განწყობით ხვდებით ქართველ მსმენელს?
Moby: საქართველოთი ნამდვილად მოხიბლული ვარ. თბილისი ძალიან ევროპული ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. არის ქვეყნები, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ ან ვგრძნობ, რომ მესმის მათი. საქართველოს შემთხვევაში კი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვუგებ. ეს საოცრად ამაღელვებელი და მიმზიდველია.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Billboard საქართველო: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ როგორც არტისტი და როგორც ადამიანი, ყველაზე ნაკლებად ბედნიერი მაშინ იყავით, როცა ყველაზე დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწიეთ. თქვენ კარგად იცნობთ მუსიკალურ ინდუსტრიას, მის თავისებურებებსა და ხასიათს. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი ილუზია, რასაც ეს ინდუსტრია ახალბედა არტისტებს უქმნის?
Moby: ეს საინტერესო კითხვაა. ყველაზე დიდი ილუზია… როდესაც ახალგაზრდა და წარმატებული ხარ, ყველა თბილად და კეთილგანწყობით გექცევა. ასეთ დროს გგონია, რომ ეს დამოკიდებულება მაშინაც გაგრძელდება, როცა ასაკში შეხვალ და წარმატებული აღარ იქნები. იცით, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც მუსიკოსები, მსახიობები თუ მწერლები არიან, ხშირად ამბობენ: „ჩემი აგენტები საოცარი ადამიანები არიან, ლეიბლის გუნდი ისეთი კეთილია“. მე კი ვეუბნები: „მოიცადე, გაივლის რამდენიმე წელი და თუ წარმატების გარეშე დარჩები, ნახავ, რომ ისეთი საყვარლები აღარ იქნებიან“. ალბათ, ეს ზოგადად ცხოვრების წესიც არის. ბევრ მუსიკოსს სჯერა, რომ აგენტები, მენეჯერები და ლეიბლის წარმომადგენლები მათი მეგობრები არიან. შემდეგ კი დრო გადის, რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან და იაზრებენ, რომ ასე არ არის.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Billboard საქართველო: ცხადია, თქვენს აქტივიზმსაც უნდა შევეხოთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი გარდატეხა ადამიანის ცნობიერებასა და აზროვნებაში, რაც აუცილებელია ცხოველთა უფლებების მნიშვნელობის გასააზრებლად?
Moby: ჩემი პერსპექტივიდან ლოგიკურად მოქმედების უნარი და საკუთარი რწმენის შესაბამისად ცხოვრებაა მთავარი. ადამიანების ყველაზე უცნაური თვისება სწორედ ის არის, რომ საოცრად ალოგიკურები ვართ. მაგალითად, ქუჩაში რომ გავიდეთ, ხალხი შევაჩეროთ და სამი კითხვა დავუსვათ: პირველი – უყვართ თუ არა ცხოველები? სავარაუდოდ, გეტყვიან, რომ უყვართ. მეორე – სურთ თუ არა ცხოველებისთვის ტკივილის მიყენება და მათი დახოცვა? პასუხი იქნება: რა თქმა უნდა, არა. მესამე კითხვა – ხართ თუ არა ვეგანი? უმრავლესობა იტყვის – არა. მე კი მათ ვეკითხები: თუ გიყვარს ცხოველები და არ გინდა მათი ტანჯვა, განა ლოგიკური ნაბიჯი არ იქნებოდა, არ შეჭამო ისინი და არ გადაუხადო სხვას ფული მათ მოსაკლავად? ასე რომ, ეს ეთიკის საკითხიც კი არ არის, ეს ლოგიკაა.
შეხედეთ ჩვენს სახეობას – განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში – ხალხი საოცრად ირაციონალურად იქცევა. ადარდებთ ჯანმრთელობა, მაგრამ ამავდროულად აბინძურებენ გარემოს; დარდობენ შვილებზე, თუმცა მხარს არ უჭერენ იარაღის კონტროლის კანონებს. ჩვენ ღრმად ირაციონალური არსებები ვართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვისწავლით ლოგიკურად მოქმედებას და ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეთიკურ სტრუქტურას შევქმნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, როგორც სახეობა, გავნადგურდებით.
Billboard საქართველო: დღესდღეობით მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა – ომების და ღირებულებითი კონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, ისტორიის ასეთ რთულ დროს რა როლი და მისია აქვს მუსიკას საზოგადოებისთვის?
Moby: მუსიკას, თავისი არსით, თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია ძილი მოჰგვაროს ადამიანს, ააცეკვოს, დაეხმაროს ლოცვაში, მედიტაციაში, ვარჯიშში… მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია დაამშვიდოს კიდევაც. ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მუსიკაზე მუშაობის შესაძლებლობა მაქვს, რადგან მას უზარმაზარი ძალა აქვს. იმას კი არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ჩემს მუსიკას აქვს ეს ძალა – ზოგადად მუსიკის უნარი, მიწვდეს თითოეულ ადამიანს და შეეხოს მას ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე, საოცრად მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
Billboard საქართველო: თქვენი შემოქმედება ყოველთვის სავსე იყო ექსპერიმენტებით. თქვენი მუსიკა მსმენელს აჩვენებდა ხელოვნების ამ ფორმის ახალ პერსპექტივებს, ახალ შესაძლებლობებსა და განსხვავებულ სახეს. დღეს, როცა ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, როგორ ხედავთ მუსიკის მომავალს?
Moby: ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ: ხანდახან ძალიან მიყვარს კარგი, სტანდარტული პოპსიმღერა და სულაც არ მაინტერესებს, ვინ შექმნა ის. ვფიქრობ, მუსიკალურ სივრცეში არის ადგილი როგორც AI პოპმუსიკისთვის, ისე ლეონარდ კოენისთვის. არის ადგილი სცენაზე გიტარით ხელში მდგარი ადამიანისთვის, რომელიც ჩელოს აკომპანემენტით მღერის – მაგალითად ნიკ ქეივის მსგავსი არტისტისთვის, ის ხომ მაქსიმალურად შორს არის ხელოვნური ინტელექტისგან. არის ადგილი ნიკ ქეივისთვისაც და უბრალო პოპმუსიკისთვისაც. და ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა ორივე უყვარდეს. არ მგონია, რომ ნიკ ქეივმა ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლოს, მაგრამ ვერც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ნიკ ქეივს. ფერწერა გაიხსენეთ: ქაღალდზე საღებავის დატანით შეიძლება შეიქმნას McDonald’s-ის ბილბორდიც და ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშიც. შესაბამისად, არის სივრცე AI-სთვის და არის სივრცე ნიკ ქეივისთვის. არავინ წავა ხელოვნური ინტელექტის კონცერტზე. არავინ იყიდის საკონცერტო დარბაზის ბილეთს იმისთვის, რომ დაჯდეს და ხელოვნურ ინტელექტს უსმინოს, მაშინ, როცა ნიკ ქეივის მოსასმენად ამას აუცილებლად გააკეთებენ.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში Moby სცენაზე გამოვიდა. მან ლაივ-შოუ 1999 წლის საკულტო ალბომის, Play-ს ცნობილი ჰიტით – Bodyrock-ით გახსნა.
მობის ლაივი არ ყოფილა უბრალო ნოსტალგიური მოგზაურობა. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი მუსიკა ტრენდებსა თუ ინდუსტრიის დროებით სტანდარტებზე მაღლა დგას. საათნახევრიანმა ლაივმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: მობის მთავარი ძალა არა მხოლოდ მისი კატალოგის მასშტაბში, არამედ მის უნარშია – შეინარჩუნოს რელევანტურობა ნებისმიერ ეპოქაში და მსმენელის მეხსიერებაში ინდივიდუალური, წაუშლელი კვალი დატოვოს.