კალიფორნიული როკჯგუფი The Neighbourhood YouTube-ის „მილიარდიანი ნახვების კლუბს“ (Billion Views Club) შეუერთდა. მილიარდ ნახვას ჯგუფის 2012 წლის ჰიტის, Sweater Weather-ის ვიდეომ მიაღწია.
Sweater Weather ბენდმა 2013 წლის სადებიუტო სტუდიური ალბომის, I Love You-ს წამყვანი სინგლის სტატუსით გამოუშვა. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში 25-ე ადგილი დაიკავა, ხოლო თავად ტრეკმა Billboard Hot 100-ში მე-14 პოზიციას მიაღწია. სიმღერა ბენდმა თავდაპირველად ვიდეოკლიპის სხვა ვერსიასთან ერთად გამოაქვეყნა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა კონტრაქტი Columbia Records-თან გააფორმა, აღნიშნული ვერსია საჯაროდ ხილვადი აღარ იყო. ოფიციალური მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე 2013 წლის მარტში აიტვირთა.
Billion Views Club-ში მოხვედრით The Neighbourhood იმ რეკორდსმენების გვერდით დასახლდა, როგორებიც არიან Bad Bunny, J Balvin და PSY, რომლის Gangnam Style-იც პლატფორმის ისტორიაში პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც 2012 წელს 1 მილიარდ ნახვას მიაღწია.
გამოშვებიდან გარკვეული დროის შემდეგ Sweater Weather LGBTQIA+ თემის ჰიმნად იქცა. სიმღერამ ახალი სიცოცხლე 2020 წელს, TikTok-ის მეშვეობით შეიძინა. იმ წელს ტრეკის პოპულარობამ და პლატფორმაზე მასობრივმა გამოყენებამ სტრიმინგების ახალი ტალღა გამოიწვია. შედეგად, გამოშვებიდან რვა წელზე მეტი ხნის შემდეგ, სიმღერის დებიუტი Billboard Global 200-ის ჩარტში შედგა.