9 მაისს თბილისის ჯაზ ფესტივალი დაიწყო, რომელსაც შერატონ მეტეხი პალასი მასპინძლობს. ღონისძიება სამ დღეს გასტანს, სადაც მსოფლიო დონის ჯაზ-მუსიკოსები მოიყრიან თავს. ფესტივალი ქართველმა არტისტმა ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა გახსნა, მოგვიანებით კი მთავარი სცენა ჯაზ მუსიკოსების ცნობილმა კოლექტივმა JAZZ/TAKES SUPERGROUP დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის ჯაზ ფესტივალი თამაზ (თათუზა) ყურაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ფესტივალის წამყვანი და მასპინძელი კახა თოლორდავა, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ქართულ ჯაზ სივრცეში, მუსიკოსს თამაზ ყურაშვილის უდიდესი წვლილის შესახებ ისაუბრა. “წლევანდელი ფესტივალი პირველი იქნება ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი მეგობრის, ქართული ჯაზისთვის კი უმნიშვნელოვანესი და ბრწყინვალე მუსიკოსის, ქართველი ჯაზის ლეგენდის თამაზ ყურაშვილის გარეშე. ადამიანის, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ჯაზში გაატარა. ძალიან ბევრისთვის ის არ იყო მხოლოდ მუსიკოსი, ის იყო ბევრი ახალგაზრდისთვის და ყველა მათგანისთვის ვისაც რამე შეხება ჰქონდა ქართლ ჯაზ მუსიკასთან მისაბაძი მაგალითი. ყველაფერთან ერთად ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თამაზ ყურაშვილი სხვებთან ერთად ამ ფესტივალის სათავეებთან იდგა. ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს თბილისის ოცდამეექვსე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი თამაზ ყურაშვილს მიეძღვნება“.
მიხეილ გიორგაძე – „ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებელი
„პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო საფესტივალო სეზონის გახსნა, დღეს რიგით ოცდამეექვსე ჯაზ ფესტივალი იწყება, ტრადიციულად, ფესტივალის პროგრამაში, სრულიად გადაუჭარბებლად მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, თანამედროვე ჯაზ მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები.
მე ვფიქრობ რომ მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ხარისხის მსგავსი ტრადიციის უწყვეტობის მქონე ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეს ერთმნიშვნელოვნად გავლენას ახდენს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე, და პოზიტიურ ჭრილში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე და უფრო მეტიც მსგავსი ფესტივალები არ არის მხოლოდ კარგი კულტურული ღონისძიება, ეს არის გადაუჭარბებლად გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა სადაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ტარდება არის საკმარისად სტაბილური და უსაფრთხო რომ ამ ქვეყანაში საკმარისად არის განვითარებული სხვადასხვა სერვისი, ინფრასტრუქტურა, ტექნიკური უზრუნველყოფის სერვისი ზოგადად ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი არის ძალიან მაღალი ქვეყანაში, ასე რომ ვინც ამ ღონისძიებას დაესწრება მიიღებს ძალიან დიდ სიამოვნებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას“.
თბილისის ჯაზ-ფესტივალი ქართველმა არტისტმა ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა გახსნა.
„ჯაზ-ფესტივალი პირველ რიგში მინდა ვახსენო ის ფაქტი, რომ უკვე ტრადიციად იქცა ყოველ წელს არის Black Sea Jazz ფესტივალი ბათუმში და თბილისშიც ჯაზ-ფესტივალი და ეს არამარტო ფესტივალია, არამედ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის და ზოგადად მუსიკის მოყვარულებისთვის არის უდიდესი გაკვეთილი, მოტივატორი და სტიმულის მომცემი. დღეს ჩემ მეგობრებთან, მუსიკოსებთან ერთად მქონდა ის ბედნიერება რომ გამეხსნა ეს ფესტივალი, მეორე წელია უკვე ჩვენ ვხსნით და ჩვენს შემდეგ და ზოგადად ამ ფესტივალის დღეებში უკრავენ ისეთი მუსიკოსები, რომლებიც ჩემი ბავშვობის კუმირები არიან და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის“.- ლუკა თოფურია მუსიკოსი.
პირველი დღის მთავარი სცენა კი ჯაზ მუსიკოსების ცნობილმა კოლექტივმა JAZZ/TAKES SUPERGROUP დაიკავა, რომელმაც აუდიტორიას მათი უახლესი კომპოზიციები შესთავაზეს. ბენდის შემადგენლობაში არიან: ბილი ევანსი (საქსოფონი), ჰარვი მეისონი (დრამი), ნილს ლენ დოკი (კლავიში) და ფელიქს პასტორიუსი (ბასი). აღსანიშნავია, რომ ფელიქს პასტორიუსი ლეგენდარული ჯაზმენის, ჯაკო პასტორიუსის შვილია და იგი თბილისს პირველად სტუმრობს.
„ეს არის ფესტივალი, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებული ნდობით და სიყვარულით სარგებლობს ქართველ მელომანებში, ყოველთვის წლიდან წლამდე ველოდები დიდი ინტერესით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცნობილი არტისტი ჩამოდიოდეს, ყოველთვის ვაკეთებ ამ ფესტივალზე აღმოჩენას, უცნობი, თანამედროვე მუსიკოსის საუკეთესო წარმომადგენლების და ეს სამი დღეც დარწმუნებული ვარ ძალიან ბედნიერი და წარმატებული იქნება. თვითონ ის ფაქტი, რომ ფესტივალი ოცდამეექვსედ ტარდება თავის წარმატებაზე თავად მეტყველებს. აქ ყოველთვის არის მუსიკალური თავისუფლება საოცარი მუსიკალური აზროვნება და აქ ძალიან ბევრი სიახლის და ახალი ემოციის შეგრძნებაა შესაძლებელი“. – ნეკა სებისკვერაძე – მომღერალი.
ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.