9 და 10 თებერვალს სახელოვნებო სივრცეში „ჰარაკი” გვანცა ჯაფარიძის, იგივე .Gwatta.– ს მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. Out Of Body – ასე ჰქვია ალბომს, რომელსაც არტისტი ორიგინალური კონცეფციის პერფორმანსით წარადგენს. ჟანრობრივი თავისებურებებით და დრამატურგიული ხაზის განვითარებით ალბომის პრეზენტაცია მუსიკალური სპექტაკლის ფორმას იძენს.
„Billboard საქართველო” .Gwatta.-ს დაანონსებული ალბომის შესახებ ესაუბრა. არტისტის თქმით, ნამუშევარი დრამატურგიულად ერთგვარი შინაგანი მოგზაურობაა.
.Gwatta.:
„ეს ჩემი პირველი ალბომია ახალი სასცენო სახელით – .Gwatta.. თითოეულ სიმღერაში აღვწერ იმ მდგომარეობებს, რაშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი. სამუშაო პროცესი სრულიად ინტიმური იყო – ფროდაქშენზეც მხოლოდ მე ვიმუშავე. სტუდიური სესიები ზოგჯერ საკმაოდ რუტინულია, თუმცა ამგვარი შემოქმედებითი პროცესი რუტინიდან გამოსვლაში დამეხმარა.”
რაც შეეხება საპრეზენტაციო პერფორმანსს და მის მუსიკალურ ნაწილს, პროექტს ხუთი ადამიანისგან შემდგარი, სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი წარადგენს. მუსიკალური წარმოდგენა შედგება ალბომში შემავალი სიმღერებისგან და სხვა ორიგინალური ნაწარმოებებისგან. Out Of Body, როგორც მუსიკალური სპექტაკლი, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეხება. ის გვიყვება, თუ რას გრძნობს ადამიანი მენტალური კრიზისის დროს. აღწერს მარტოობის, შფოთვის მდგომარეობას და ტრავმასთან გამკლავების რთულ პროცესს.
„თემა, რომელსაც ვეხებით – მენტალური ჯანმრთელობა და ის ტრანსფორმაცია, რომელსაც ადამიანი კრიზისული პერიოდის დროს გადის – მეტ ყურადღებას და სივრცეს მოითხოვს. ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ. მინდოდა, რომ მუსიკასთან ერთად, კიდევ სხვა რაღაცითაც გამომეხატა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს კოლაბორაცია მეცადა. პერფორმანსი სადადგმო ნაწილსაც მოიცავს, ქორეოგრაფიასაც, მუსიკალურ ნაწილსაც. მუსიკალურ ნაწილს არასტანდარტული შემადგენლობა – სინთესტრა წარმოადგენს. ეს არის სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვაყალიბე.”
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის ქორეოგრაფიულ ნაწილზე არტისტი ბოლო ერთი წელი მუშაობდა. როგორც .Gwatta. ჩვენთან საუბრისას ამბობს, პროექტში ბევრი ადამიანია ჩართული, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.
მუსიკალური წარმოდგენის რეჟისურა, ქორეოგრაფია და მხატვარობა თათა თავდიშვილს და ტატო გელიაშვილს ეკუთვნით. ანიმაციის ავტორი კი კოკა კიტიაა.
სინთესტრას შემადგენლობაში არიან: გვანცა ჯაფარიძე, ქეთი ალექსიშვილი, ელის ავალიშვილი, სოფო ჩხეიძე და ზიკო ზვიად ნაზღაიძე.
მუსიკალურ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინი ნოზაძე, მარიამ ყიფიანი, მარი ენგურელი, მიხეილ ზაქაიძე და გუგა ქაცარავა.
პროექტის ორგანიზატორია Stockton.
პრეზენტაციის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.