1994 წლის 8 აპრილს კურტ კობეინის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია აღმოჩნდა იმ პერიოდის თაობისთვის. ეს სამწუხარო ამბავი მაშინ ჯონ ლენონის 1980 წელს მომხდარ მკვლელობას და 1959 წელს ბადი ჰოლის, რიჩი ვალენსისა და The Big Bopper-ის ავიაკატასტროფაში დაღუპვას შეადარეს. Nirvana ეპოქის განმსაზღვრელი ჯგუფი იყო, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება და კომერციული წარმატება ერთდროულად მოიპოვა. Nirvana-მ როკში საკუთარი იმიჯი შექმნა. ჯგუფმა 1991 წელს მეორე სტუდიური ალბომი Nevermind გამოსცა, რომელმაც ამერიკაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და 90-იანი წლების მუსიკალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენდის სახელი დაიმკვიდრა.
1989 წელს ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი Bleach გამოვიდა, თუმცა ბილბორდ 200-ში ვერ მოხვდა. Nirvana-მ მნიშვნელოვანი გარდატეხა ლეიბლ DGC-ზე გადასვლისას მოახდინა, როდესაც ალბომ Nevermind-ისთვის დაიწყო მუშაობა. „ეს არის Nirvana-ს გასაოცარი გადატრიალება, როდესაც ჯგუფმა პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი უკან დახია და ბილბორდ 200-ის სათავეში ჩადგა”.- წერს ბილბორდის გამოცემა 1992 წლის 11 იანვარს.
Nirvana-ს მესამე სტუდიური ალბომის, In Utero-ს შექმნისას გამომცემლობა Newsweek-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბენდის ჩამწერი ლეიბლი DGC ახალი ალბომით უკმაყოფილო იყო. ამის პასუხად კი 1993 წლის 22 მაისს Billboard-ში Nirvana-ს სტატია გამოქვეყნდა, სადაც Newsweek-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბენდმა ჭორი უწოდა.
1994 წელს Nirvana-მ Lollapalooza-ს ფესტივალზე გამოსვლის შეთავაზება მიიღო. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, კურტ კობეინის ავადმყოფობის გამო Nirvana შესაძლოა ვერ წარმდგარიყო ფესტივალზე. საკითხი კი 1994 წლის მარტში, რომში კობეინის ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას უკავშირდებოდა. საბოლოოდ ბენდი ფესტივალზე ვერ წარდგა, რის შესახებაც ბილბორდს კონცერტის პრომოუტერმა ლუი მესინამ განუცხადა: „სამწუხაროა, რომ Nirvana ვერ გამოვა ფესტივალზე, მაგრამ ასევე სამწუხაროა რომ The Beatles ერთად უკვე აღარ არის.”
1994 წლის 23 აპრილს ბილბორდმა კობეინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შემდეგი სათაურებით გაავრცელა. „გულშემატკივრები კობეინს გლოვობენ”, “კობეინის სიკვდილმა ბენდის კომერციალიზაცია გაზარდა, განიხილავენ ბენდის გამოუქვეყნებელი ტრეკების გამოცემას.”
1994 წლის 1 ნოემბერს კომპანია DGC-მ Nirvana-ს პირველი ლაივ ალბომი, MTV Unplugged გამოსცა. ორი წლის შემდეგ კი, 1996 წელს, მათი მეორე ლაივ ალბომი, From the Muddy Banks of the Wishkah გამოვიდა. ალბომი ბილბორდ 200-ის ჩარტების სათავეში მოექცა. Ბილბორდის 1996 წლის 12 ოქტომბრის სტატიაში კი ნათქვამია: „თითზე ჩამოსათვლელია იმ ჯგუფების რაოდენობა, რომლებსაც ბენდის დაშლის შემდეგ კიდევ ორი ახალი ალბომის გამოცემა შეუძლიათ.”