კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
კიმ კარდაშიანი 2025 წლის Vanity Fair Oscar Party-ზე. 2025 წლის 2 მარტი.
Amy Sussman/Getty Images

2016 წელს კიმ კარდაშიანს პარიზში შეიარაღებული ძარცვის შედეგად ძვირადღირებული სამკაულები გასტაცეს. ამჯერად საქმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ მზად არის, საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღოს და სასამართლოში ბოდიში მოიხადოს. პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

71 წლის იუნის აბასი, რომელიც საჯაროდ აღიარებს დანაშაულს, იმ ათ ეჭვმიტანილს შორისაა, რომლებიც შეიარაღებული ძარცვისა და გატაცების ბრალდებით წარდგებიან სასამართლოს წინაშე.  „ბოდიშს მოვიხდი“, – განუცხადა აბასმა Associated Press-ს. „ეს ჩემი გულწრფელი სურვილია.“

44 წლის კიმ კარდაშიანი პროცესზე პირადად მისცემს ჩვენებას. საქმის სასამართლო განხილვა 23 მაისამდე გასტანს. მანამდე, ინტერვიუებში და კარდაშიანების რეალითი შოუში კიმმა აღწერა, როგორ აშინებდნენ მძარცველები, იარაღით ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ, მილიონობით დოლარის ღირებულების სამკაულები წაერთმიათ. ძარცვა იმ ბინაში მოხდა, სადაც ის პარიზის მოდის კვირეულის განმავლობაში  იმყოფებოდა. 

2020 წელს, დევიდ ლეტერმანის Netflix-ის შოუში გამოსვლისას, კარდაშიანმა გაიხსენა: „ვფიქრობდი – ახლა გამაუპატიურებენ. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა ხდება? ახლა მოვკვდებით? უთხარით მათ, რომ შვილები მყავს, ოჯახი და ქმარი.” კიმ კარდაშიანმა ასევე გაიხსენა, რომ მძარცველებმა ის აბაზანაში გაიყვანეს, რის შემდეგაც გაიქცნენ და მან თავად მოახერხა თავის დახსნა. ბინაში იმყოფებოდა კონსიერჟიც, რომელსაც მძარცველებმა იარაღის მუქარით აიძულეს, კარდაშიანის აპარტამენტამდე გზა მიესწავლებინა.

იუნის აბასის თქმით, ის ძარცვის დროს შენობის პირველ სართულზე, მისაღებში იყო და აკონტროლებდა, რომ გაქცევისათვის გზა თავისუფალი ყოფილიყო. მან აღნიშნა, რომ თავად შეიარაღებული არ ყოფილა და პირადად კარდაშიანს არ დამუქრებია, თუმცა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს.  

აბასი 2017 წლის იანვარში დააკავეს. მან 21 თვე გაატარა პატიმრობაში, შემდეგ კი სასამართლოს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. 2021 წელს მან ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი სახელწოდებით “მე დავატყვევე კიმ კარდაშიანი.” 

გამომძიებლებმა აბასის დნმ პლასტიკის კაბელზე აღმოაჩინეს, რომლითაც კონსიერჟს ხელები შეუკრეს. როდესაც აბასს კარდაშიანის მიერ განცდილ ტრავმაზე ჰკითხეს, მან თქვა:  „მართალია, იმ მომენტში ამის შესახებ არ მიფიქრია. ვაღიარებ, რადგან ფიზიკურად არ შევხებივარ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი, მაგრამ რეალურად, პასუხისმგებელი მეც ვარ.“ აბასის თქმით, ძარცვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მისი თანამზრახველები კარდაშიანის ბინიდან ჩამოვიდნენ და მას სამკაულებით სავსე ჩანთა გადასცეს.  გაქცევისას, ველოსიპედით მიმავალმა, პოლიციის მანქანა შენიშნა, თუმცა მაშინ სამართალდამცველებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია. აბასის თქმით, ველოსიპედის წინა ბორბალს ჩანთა გამოედო, ამის გამო დაეცა და სამკაულები ძირს დაიყარა. „სამკაულები ავკრიფე და გავიქეცი,“ – აღნიშნა მან.

მომდევნო დილით, გამვლელმა ქუჩაში ბრილიანტებით გაწყობილი ჯვარი იპოვა და პოლიციას გადასცა. ეს იყო ერთადერთი სამკაული, რომელიც ძარცვის შემდეგ დაბრუნდა. ფრანგულმა პოლიციამ კიმ კარდაშიანისაგან მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 6 მილიონ დოლარად შეაფასა.

აბასმა თქვა, რომ ძარცვის მომენტში კარდაშიანის ვინაობა არ იცოდა:  „მითხრეს, რომ ეს იყო ცნობილი ადამიანის, რეპერის ცოლი. მხოლოდ ეს ინფორმაცია მქონდა,“ – განაცხადა მან. – „მხოლოდ დილით, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ამბავი, მივხვდი, ვინ იყო.“ აბასის თქმით, სასამართლო პროცესზე დეტალურად აღწერს თავის როლს, თუმცა თანამზრახველების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს. ის ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგება.  ეს პროცედურა საფრანგეთში ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის გამოიყენება.

საქმის მრავალი ეჭვმიტანილი დანაშაულს ამ დრომდე უარყოფს. ბრალს მხოლოდ აბასი და კიდევ ერთი პირი აღიარებს, რომლის დნმ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს. 

ჟურნალისტმა ტიერი ნიმენმა, რომელიც აბასის წიგნის თანაავტორია, აღნიშნა, რომ აბასი მას თავად დაუკავშირდა, რათა საკუთარი „სიმართლე“ მოეთხრო, რადგან მიაჩნდა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხშირად დამახინჯებული ან სენსაციურად გადაჭარბებული იყო. წიგნში ასევე ასახულია გამოძიების დეტალები, მათ შორის როგორ დაეხმარა FBI ფრანგულ პოლიციას აბასის დნმ-ის იდენტიფიცირებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ხელთათმანებს ატარებდა.  

„ეს შემთხვევა ყველა თვალსაზრისით უნიკალურია. FBI-ის მიერ საფრანგეთში გამოძიების ზედამხედველობა თავისთავად იშვიათობაა,” – თქვა ნიმენმა. „მისივე თქმით, იმ პერიოდში კარდაშიანი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერი იყო და ეს ძარცვა 2016 წელს სოციალური მედიაში ყველაზე განხილვად თემად იქცა.

აბასის მიერ წიგნიდან მიღებული შემოსავალი სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაყინულია. კარდაშიანის ადვოკატმა, მაიკლ როუდსმა, განაცხადა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავს და მეწარმეს სურს, სასამართლო პროცესი „ფრანგული კანონმდებლობის და საქმის მონაწილეთა მიმართ სრული პატივისცემის ფარგლებში, წესების სრული დაცვით წარიმართოს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Eko & Vinda Folio ბერლინში დაფუძნებული ფესტივალის – „განთიადის” ფარგლებში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტი ფანებს Jackboys 2-ის გამოშვების თარიღზე მიანიშნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი