ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ კიდევ ხუთი არტისტი დაასახელა, რომლებიც დაჯილდოების სცენაზე პერფორმანსით წარდგებიან. ესენი არიან: მომღერლები ჯონ ბატისტი და H.E.R., რეპერი Nas, ქანთრი შემსრულებელი კრის სტეიპლტონი და ცნობილი როკ ბენდი Foo Fighters.
3 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე აგრეთვე 2021 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის, სტივენ სონდჰაიმის პატივსაცემად მისი ნამუშევრები სინთია ერივოს, ლესლი ოდომ ჯუნიორის, ბენ პლატისა და რეიჩელ ზეგლერის მიერ შესრულდება.
რაც შეეხება სხვა არტისტებს, როგორც აქამდე იყო დაანონსებული, გრემის სცენაზე სამხრეთკორეულ ბენდ BTS-ს, რეპერ ჯეკ ჰერლოუს, პოპ მუსიკოსებს ბილი აილიშს, ლილ ნას იქსს, ბრენდი კარლილს, ოლივია როდრიგოსა და ქანთრი დუეტს Brothers Osborne ვიხილავთ. ცნობილია, რომ საღამოს სამხრეთაფრიკელი კომიკოსი, ტრევორ ნოა გაუძღვება.
ჯონ ბატისტს წელს აკადემიისგან ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია აქვს მიღებული, წლის ალბომისა და წლის ჩანაწერის ჩათვლით. H.E.R. რვა ჯილდოსთვის იბრძოლებს მათ შორის საუკეთესო ალბომისა და სიმღერის კატეგორიებში. აღსანიშნავია, რომ მის მიერ წარდგენილმა კომპოზიციამ Fight for You გასულ წელს ოსკარიც დაიმსახურა.
Foo Fighter-სა და კრის სტეიპლტონს სამ-სამი ნომინაცია აქვთ, ჰიპ ჰოპ არტისტ Nas-ს კი ორი, მათ შორის წლის რეპ ალბომის კატეგორიაში ნამუშევრით King’s Disease II.
სონდჰეიმი, რომლის ხსოვნასაც პატივს ცერემონიაზე მიაგებენ, რვა გრემის მფლობელია, მას აგრეთვე მიღებული აქვს ამდენივე ტონი, პულიცერის პრემია, ოსკარი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი და სხვა პრესტიჟული ჯილდოები. ის 1975 წელს სონგრაითერების დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.
ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს ლას ვეგასში, MGM Grand Garden Arena-ზე გაიმართება.