„ღამის სერენადები” მე-16 სეზონს მასპინძლობს

ფესტივალი 21 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნა და 20 სექტემბერს თბილისში დასრულდება.

ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქართული მუსიკალური ფესტივალი ღამის სერენადები” წელს აღდგენიდან მეთექვსმეტე სეზონს მასპინძლობს. ფესტივალი 1982 წელს ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დააარსა, სადაც ის 1991 წლამდე იმართებოდა. 11-წლიანი პაუზის შემდეგ კი ღამის სერენადები” 2002 წელს დაბრუნდა. 

წელს „ღამის სერენადები” საქართველოს სამ ქალაქში იმართება: ბორჯომში, ბათუმსა და და თბილისში. ფესტივალი 21 აგვისტოს ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. შემდეგ კი ბათუმში გადაინაცვლა, სადაც ორი კონცერტი ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ Tango Nuevo-ს ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი იტალიიდან, მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი აზერბაიჯანიდან და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები.” 

15 სექტემბრიდან კი ღამის სერენადები” უკვე თბილისში გაგრძელდება, სადაც ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება.

ნინა ცაგარელი – „ღამის სერენადების” დირექტორი:

„ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი გამუდმებით ადევნებს თვალს მსოფლიო კლასიკური მუსიკის სიახლეებს როგორც ახალბედა, ასევე უკვე აღიარებული მუსიკოსების შემოქმედებით ცხოვრებაში. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, მსმენელს მსოფლიო დონის შემსრულებლები წარვუდგინოთ, ამასთანავე კი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართველ მუსიკოსებს. წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი.

წელს შვიდი კონცერტი გვაქვს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. პროგრამა მრავალფეროვანია, ბაროკოს მუსიკით დაწყებული, მსოფლიო კინოკლასიკის ჰიტებით დასრულებული. მსმენელის წინაშე წარდგებიან არაჩვეულებრივი სოლისტები და ორკესტრები. ასე რომ, წლევანდელი სეზონი, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით დატვირთული იქნება მუსიკალური აღმოჩენებითა და ემოციებით. 

უკვე ვუმასპინძლეთ 3 კონცერტს ბორჯომსა და ბათუმში. რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, წლევანდელ მონაწილეებს შორის გვეყოლება იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი. ქალი დირიჟორი ევროპაში გასაკვირი აღარაა, თუმცა ქართველ მსმენელს არცთუ ისე ხშირად აქვს მათ მოსმენის საშუალება. ჩვენმა მსმენელმა ბეატრიჩე შარშან უკვე გაიცნო და მათი დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ამჯერად ფესტივალის სცენაზე ის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და არაჩვეულებრივ ქართველ პიანისტთან, სანდრო ნებიერიძესთან ერთად წარდგება.

ასევე გვექნება ორი თემატური კონცერტი: ბრაზილიური მუსიკის საღამო (სოლისტები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი) და დიდი ჩეხი კლასიკოსის, ბედრჟიხ სმენატას 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო, პიანისტ გიორგი შავერზაშვილისა და მევიოლინე გიორგი ხაინდრავას მონაწილეობით.

წლევანდელ  ფესტივალს კი დახურავენ ცნობილი ფრანგი მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა და შვეიცარიელი ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც 2023 წლიდან ფესტივალის პარტნიორია და ჩვენი საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები”, რომელიც მუდამ მაღალი დონის შესრულებით გამოირჩევა.”

კონცერტების გარდა, ღამის სერენადები”, ტრადიციულად, მოიცავს მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რომლებსაც მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, მათ შორის შშმ/სსსმ პირებისთვის, თბილისსა და რეგიონებში მოწვეული უცხოელი სოლისტები და ქართველი კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი გაუძღვებიან.

ღამის სერენადები” წელს პირველად იმართება მისი დამფუძნებლის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების შემდეგ. ლეგენდარული მუსიკოსის პატივსაცემად ფესტივალს სწორედ მისი სახელი მიენიჭა.

„ლიანა ისაკაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი კლასიკური მუსიკის განვითარებაში. „სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკლარაციაა ღმერთში,” – ლიანა ისაკაძის ეს ფრაზა მთელ მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევდა და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების სინდისის ნაწილი იქნება მისი სახელის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. მისმა დაარსებულმა „ღამის სერენადებმა” უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში. ამიტომ პირადად ჩემთვის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, ბატონი გიორგი ისაკაძისთვის და საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მისი დაწყებული საქმის და ამ დიდი ისტორიის გაგრძელება.” 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო  ბორჯომი ლიკანი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica პატივს მიაგებს გულშემატკივარს, რომელიც მათი კონცერტის დროს გარდაიცვალა 

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: მეორე ნაწილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი