ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ბენდმა მსმენელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით აუწყა.
„ძვირფასო მსმენელებო, სინანულით გაცნობებთ, რომ 8 სექტემბერს ყაზახეთში, ალმათის Park Live Festival-ზე ვერ დავუკრავთ. ეს მთელმა რიგმა გარემოებებმა გამოიწვია, რომლებიც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან კავშირში არ არის და რომელთა გადაჭრაც ვერ შევძელით. შედეგად, მიუხედავად ქართველი ორგანიზატორების დიდი მცდელობისა, ჩვენთვის ლოჯისტიკურად 12 სექტემბერს თბილისში კონცერტის გამართვაც შეუძლებელი გახდა. Ვწუხვართ, რომ თაყვანისმცემლებს იმედგაცრუებულებს ვტოვებთ და დიდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს ყველა გულშემატკივარს როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოში. ასევე, ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან აპირებდა ჩამოსვლას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი იქნება,” – ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.
Placebo-ს მუსიკალური შოუ Mono Hall-ის ორგანიზებით რადიოქალაქში უნდა გამართულიყო. კონცერტი თვეების წინ დაანონსდა და ამ დროისათვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.
როგორც Mono Hall-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვადებზე ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.