ბრაზილიელი ვარსკვლავი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და პიანისტი სერჟიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულმა სუპერვარსკვლავმა, რომლის კარიერაც 60 წელსა და 40-ზე მეტ ალბომს ითვლის, დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ბრაზილიური პოპის ფორმირებაში, ისეთი ჰიტების წყალობით, როგორებიცაა Mas Que Nada და Magalenha. მენდესი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი მეგობრისა და თანამშრომლის, ჰერბ ალპერტის თქმით, მუსიკოსი კოვიდის გახანგრძლივებულ გართულებებს ებრძოდა.
რიო-დე-ჟანეიროში დაბადებული მენდესი კლასიკურ პიანისტობაზე ოცნებობდა, სანამ 1950-იან წლებში ბოსა-ნოვას ახალი ტალღის შთაბეჭდილების ქვეშ არ მოექცა. ცოტა ხანში მან თავისი ბენდი შექმნა და 1961 წელს პირველი ალბომიც გამოსცა.
მენდესის ალბომების გაყიდვები და ჩარტებში წარმატება 1966 წლიდან დაიწყო, როცა მერვე ალბომში შევიდა სინგლი Mas que Nada – ჟორჟი ბენის 1963 წლის სიმღერის ქავერი. სიმღერამ მენდესს Billboard Hot 100-ის 47-ე ადგილი მოუტანა და მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჰიტად იქცა.
სწორედ Mas que Nada იყო პირველი სინგლი 2006 წელს will.i.am-თან ერთად გამოცემული ალბომისა Timeless, სადაც სიმღერას მენდესი Black Eyed Peas-სთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ თანამშრომლობამ მოუტანა კომპოზიციას მსოფლიო პოპულარობა. Სიმღერა ისმოდა „ნაიკის” რეკლამაში, ასევე NBA-სა და FIFA World Cup-ის კომპიუტერულ თამაშებში. ალბომში ასევე მონაწილეობენ ერიკა ბადუ, ჯილ სკოტი, ჯონ ლეჯენდი, სტივი უანდერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და თავად will.i.am.
მენდესს მოგებული აქვს ერთი საერთაშორისო და ორი ლათინური გრემი. 2012 წელს ის წარდგენილი იყო ოსკარზეც მისი მუსიკალური თემისთვის Real in Rio – ანიმაციური ფილმისთვის Rio. მენდესზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი Sérgio Mendes: In the Key of Joy.