დონალდ ტრამპი 11 სექტემბერს Fox & Friends-ში ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა: ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი ტეილორ სვიფტის ფანი არასდროს ყოფილა: „სიმართლე თუ გინდათ, ტეილორ სვიფტი არასდროს მომწონდა, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო, რეალურად ქალბატონი მაჰომესი უფრო მომწონს ის ტრამპის დიდი ფანია.” – აღნიშნა ტრამპმა რომელმაც საუბარში ბრეტანი მაჰომესი იგულისხმა. ბრეტანი კანზას სიტის ფეხბურთელის, პატრიკ მაჰომესის მეუღლე და Kansas City-ს ამჟამინდელი თანამფლობელია. იგი ტეილორ სვიფტს მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც მუსიკოსმა ტრევის კელსთან ურთიერთობა დაიწყო.
„მე არასდროს ვყოფილვარ ტეილორ სვიფტის ფანი, ტეილორი ძალიან ლიბერალია, როგორც ჩანს, ის ყოველთვის დემოკრატებს უჭერდა მხარს. მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე.” – ამბობს ტრამპი.
ტრამპმა საუბარი ბრეტანი მაჰომესზე გადაიტანა და მისდამი სიმპათია გამოხატა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრეტანი და ტეილორ სვიფტი ხშირად ესწრებოდნენ კანზას სიტის თამაშებს ერთად, თუმცა გასულ ხუთშაბათს Chiefs-ის სეზონის გახსნისას, ისინი ერთმანეთისგან შორს ისხდნენ, ეს კი შესაძლოა ბრეტანის ინსტაგრამ პოსტის გამო მოხდა, სადაც იგი ტრამპის 2024 წლის საარჩევნო პლატფორმას იწონებს. ტრამპმა მხარდაჭერისთვის ბრეტანის მადლობა გადაუხადა.
Fox & Friends-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა დებატებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დებატები იყო. მისი თქმით, მან ეს დებატები მოიგო. მიუხედავად ტრამპის ამ შეფასებისა, დებატებმა საზოგადოებაში ტრამპის საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ტეილორ სვიფტს აქამდე საჯაროდ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებისთვის მხარი არ დაუჭერია, თუმცა 2020 წელს მან მხარი დემოკრატიულ პარტიას დაუჭირა.
ტეილორ სვიფტის განცხადება გარკვეულწილად გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილებისკენაც იყო მიმართული. სოციალურ ქსელში AI-ს მიერ გენერირებული ყალბი სურათი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ტეილორი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ფოტო კი დონალდ ტრამპმა აგვისტოში მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.
“ამ ყველაფერმა ხელოვნური ინტელექტისადმი შიში გამიჩინა, დეზინფორმაცია კი ნამდვილად საშიში მექანიზმია, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“, – წერდა ტეილორ სვიფტი განცხადებაში.