ქართულმა ბენდმა Process ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Mr. Offender. როგორც ბენდის წევრები აღნიშნავენ, ეს არის პასუხი უთანასწორობაზე, ჩაგვრასა და ძალადობაზე. ბენდისთვის ეს არის მუსიკით გამოხატული მხარდაჭერა მათდამი, ვინც ჰომოფობიის, ტრანსფობიის ან სხვაგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლია.
ცოტნე იოსებაშვილი, Process-ის ფრონტმენი, სიმღერების ავტორი:
„გარშემო ჩაგვრის და ზიზღის მოჭარბებამ გამოიწვია ჩვენი რეაქცია, რომელიც ამ სიმღერით გამოვხატეთ. ამ სიმღერის ადრესატები მოძალადეები და მჩაგვრელები არიან.”
Mr. Offender რამდენიმე თვის წინ დაიწერა. ჟანრობრივად ის ბენდის ძველი ტრეკებისგან განსხვავებულია. ის მძიმე ჟღერადობით და შინაარსით ხასიათდება.
ტრეკის გამოშვებას ჯგუფი დიდი ხანია გეგმავდა. ბენდისათვის ეს მუსიკალურ სცენაზე ერთგვარი დაბრუნებაა. ცოტნე იოსებაშვილის თქმით, ბენდი სრულიად სახეცვლილია. ჯგუფის მსმენელებისათვის ჯერჯერობით უცნობ ახალ სიმღერებში ჟღერადობა მეტად სახასიათო და განსხვავებულია, რაც შინაარსს უფრო მკვეთრად წარმოაჩენს.
ცოტნე იოსებაშვილი:
„ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ ვჩანდით, მაგრამ სწორედ ეს იყო დრო, როდესაც ჩვენი, როგორც ბენდის, გარდატეხა მოხდა. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით მუსიკალურად უკეთესობისკენ.”
გარდა იმისა, რომ Process მსმენელის წინაშე განახლებული ჟღერადობით და მუსიკალური ხასიათით წარდგება, ბენდი უახლოეს მომავალში EP-ის გამოცემასაც გეგმავს.
ბენდი 2022 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა და ამავე წელს Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ Process არაერთი ფესტივალის და მუსიკალური სივრცის სცენაზე წარდგა, მათ შორის იყო ROKVA და Tbilisi Open Air. 2023 წელს კი ბენდმა პირველი ალბომი, CONFUSION გამოუშვა.
ბენდის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: ცოტნე იოსებაშვილი (ფრონტმენი), ლუკა ჰეილი (გიტარა), ნიკა ლომიძე (ბასი), ლუკა ქიმერიძე (ლიდ გიტარა) და ბადრი გაბესკირია (დრამი).