67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე R&B, რეპისა და პოეზიის სფეროში გამოყოფილია ხუთი კატეგორია, რომელშიც R&B ხვდება. ახლახან Billboard-მა გამოაქვეყნა სტატია პროგნოზებით, რომელშიც ავტორმა განიხილა სამი კატეგორია – საუკეთესო R&B შესრულება, საუკეთესო R&B სიმღერა და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება.
საუკეთესო R&B შესრულება
საუკეთესო R&B შესრულების კატეგორიის დაწესების იდეა გრემის პირველივე ცერემონიიდან, 1959 წლიდან არსებობდა, თუმცა ამ ნომინაციას საკმაოდ რთული ისტორია აქვს. ჯილდო გაიცემოდა ყოველწლიურად 1968 წლამდე, სანამ კატეგორიები სქესის მიხედვით დაიყოფოდა. 2012 წლამდე ქალებისა და მამაკაცების ნომინაციები ცალ-ცალკე იყო დაწესებული R&B შესრულების კატეგორიებში. 2012 წელს კი ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ კვლავ ცვლილებები შეიტანა და გარკვეული კატეგორიების კომბინაციები შეცვალა. მათ შორის ქალისა და მამაკაცის საუკეთესო R&B ვოკალური შესრულება; საუკეთესო დუეტი ან ჯგუფი და საუკეთესო ურბანული/ალტერნატიული შესრულება.
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც საუკეთესო R&B შესრულების კატეგორია ახალი ფორმით წარდგა, მხოლოდ სამმა არტისტმა შეძლო ამ ნომინაციაში ორჯერ გამარჯვება: ბიონსემ (2015 და 2021 წლებში), ბრუნო მარსმა (2018 და 2022 წლებში) და ანდერსონ პაკმა (2020 და 2022 წლებში). წელს ექვს არტისტს აქვს შანსი, ორგზის გამარჯვებულთა რიგებს შეუერთდეს. მათ შორის არიან: წინა წლის გამარჯვებული კოკო ჯონსი, ასევე მიუნი ლონგი, აშერი, კორინ ბეილი რეი, ლალა ჰეთევეი და H.E.R.
კოკო ჯონსი გრემის ნომინაციების ამჟამინდელი სურათით ორი სიმღერითაა წარდგენილი: Spend the Night და Here We Go (Uh Oh). გრემის 2025 წლის წესების თანახმად, არტისტს შეუძლია ე.წ. შორტლისტში მხოლოდ ერთი ნომინაცია მიიღოს საუკეთესო R&B შესრულებაში, ასე რომ ჯონსს ამ ნომინაციაში ორი სიმღერით ორმაგი შანსი ვერ ექნება.
აშერი კიდევ ერთი არტისტია, რომელიც წინასწარ შესარჩევ პერიოდში წელს სამი სიმღერითაა წარდგენილი. ეს ნამუშევრებია: ვიქტორია მონესთან ერთად შესრულებული SOS (Sex On Sight), მისი და H.E.R.-ის დუეტი Risk It All და Ruin. ვიქტორია მონემ 2023 წელს გრემის სამი ჯილდო მიიღო, შესაბამისად Risk It All აშერისთვის ნომინაციის მიღების მეტად დიდ შანსს წარმოადგენს.
კორინ ბეილი რეი და ლალა ჰეთევეი იყვნენ პირველი ქალები, რომლებმაც ეს კატეგორია გრემის 2012 წლის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოიგეს. ბეილი რეის შანსები აქვს ნომინაცია მიიღოს სიმღერისათვის Fly Away, ხოლო ჰეთევეი შესაძლოა წარადგინონ მუსიკალური ნამუშევრისათვის So in Love. საუკეთესო R&B შესრულების კატეგორიაში წარდგენილია მიუნი ლონგიც, რომელიც 2023 წელს ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა ჰიტით Hrs & Hrs. წელს ის ნომინაციაზე განიხილება Made for Me-ს ცოცხალი შესრულების ვერსიით, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-20 ადგილი დაიკავა.
წელს რამდენიმე სხვა არტისტსაც აქვს შანსი, პირველად მიიღოს საუკეთესო R&B შესრულების ნომინაცია, თუმცა განხილული არტისტების წარდგენის მოლოდინი უფრო დიდია.
პროგნოზი:
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სავარაუდოა, რომ საუკეთესო R&B შესრულების ნომინაციაში მსმენელი იხილავს ნამუშევრებს: Residuals (კრის ბრაუნი), SOS (Sex On Sight), (ვიქტორია მონე და აშერი), Saturn (მიუნი ლონგი) და Keep Her (NxWorries და Thundercat).
საუკეთესო R&B სიმღერა
ბოლო ხუთ გრემის ცერემონიაზე საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო R&B შესრულების ნომინაციების შემადგენლობა იშვიათად ემთხვეოდა ერთმანეთს. 2022 წელი ამ დეკადაში იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამი ან მეტი სიმღერა ორივე კატეგორიაში იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო R&B სიმღერის ჯილდო გადაეცემა კომპოზიტორს, ხოლო საუკეთესო R&B შესრულების ჯილდო – შემსრულებელს.
გარდა სტატიაში უკვე განხილული სიმღერებისა, კიდევ რამდენიმე სხვა ტრეკსაც აქვს შანსი, რომ საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაცია მიიღოს.
ჰალი ბეილიმ გასულ წელს მოულოდნელი ნომინაცია მიიღო სიმღერისთვის Angel და წელს შეუძლია ნომინაცია ასევე დაიმსახუროს ნამუშევერისთვის Because I Love You, რომელიც RAYE-სთან ერთად დაწერა. SZA-მ გასულ წელს ამ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა ტრეკით Snooze და წელს კვლავაც ნომინაციის კანდიდატად ითვლება.
ბიონსე, რომელიც ამ კატეგორიაში ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ გამარჯვებული კომპოზიტორია, წელს სავარაუდოდ კიდევ ერთ ნომინაციასაც დაიმსახურებს ტრეკით Tyrant, რომელზეც დოლი პარტონთან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ პარტონი ამ სიმღერაში ოფიციალურად არ არის კომპოზიტორად მოხსენიებული, ამიტომ, თუ Tyrant შორტლისტში მოხვდება, ის ნომინაციას არ მიიღებს.
რაც შეეხება ბრუნო მარსს, მან საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციაში ორჯერ გაიმარჯვა – 2018 და 2022 წლებში. მომღერალს აქვს შანსი, მესამედაც წარდგეს ამ კატეგორიაში Lucky Daye-ისათვის დაწერილი სიმღერით That’s You.
პროგნოზი:
Billboard-ის პროგნოზით 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციის შორტლისტში ვიხილავთ შემდეგ ნამუშევრებს: Saturn (SZA), Because I Love You (ჰალი ბეილი), That’s You (Lucky Daye და ბრუნო მარსი), Nasty (Tinashe) და Tyrant (ბიონსე და დოლი პარტონი).
საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება
საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების ნომინაცია არის კატეგორია, რომელიც 1999 წლიდან არსებობს. ამ ნომინაციაში ვლინდება არა ჟანრის თანამედროვე მიმართულებების ნამუშევრები, არამედ კლასიკური R&B/სოულის ჟანრის ტრადიციული ჟღერადობის ჩანაწერები. ამ ჟანრში გამორჩეული გამარჯვება ორ არტისტს მოუპოვებია: ბიონსემ და ლალა ჰეთევეიმ ამ ნომინაციაში გრემი სამჯერ დაისაკუთრეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბიონსეს სიმღერა ამ ნომინაციაში არ განიხილება, ჰეთევეიმ შესაძლოა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს, თუ მისი სიმღერა No Lie შორტლისტში მოხვდება.
ამავე კატეგორიისათვის თავსებადი კიდევ რამდენიმე დუეტია, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს: ერიკ ბენეტი და ტამარ ბრექსტონი (Something We Can Make Love To), ქლოი და Ty Dolla $ign (Might As Well), კლარკ უმცროსი და სტივი უანდერი (What About the Children), კეონ ჰაროლდი და PJ მორტონი (Beautiful Day), კამასი ვაშინგტონი და BJ The Chicago Kid (Together) და ლუის იორკი და Tamia (Three Little Words). ბენეტისა და ბრექსტონის დუეტი ასევე დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლო ქლოისა და Ty Dolla $ign-ის თანამშრომლობა იმით არის განსაკუთრებული, რომ ის ახალი თაობის არტისტებში ტრადიციული R&B-ის აქტუალობას გამოკვეთს.
R&B კატეგორიაში ასევე გასათვალისწინებელია მიუნი ლონგის სიმღერა Make Me Forget, რომელიც აგვისტოში პირველად მოექცა ჩარტების სათავეში და შესაძლოა, საბოლოო ნომინანტებს შორის ეს შემსრულებელიც ვიხილოთ. გასული წლის გამარჯვებულები – PJ მორტონი და სუზან კაროლი შესაძლოა საკუთარი სოლო სიმღერებით კვლავაც დაბრუნდნენ ნომინანტთა სიაში.
პროგნოზი:
ამ შემთხვევაში Billboard-ის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის პროგნოზების ჩამოყალიბება ძალიან რთულია. სტატიის ავტორის აზრით, მეტად სავარაუდოა, რომ საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების ნომინაციაში მსმენელმა იხილოს: That’s You (Lucky Daye), From Here (NxWorries, სნუპ დოგი & October London), Make Me Forget (მიუნი ლონგი, Bridge Over Troubled Water (ჯეიკობ კოლიერი, ჯონ ლეჯენდი & ტორი კელი) და No Lie (ლალა ჰეთევეი & მაიკლ მაკდონალდი).